კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტების დახმარებით, თავშესაფრის მაძიებლმა საბანკო მომსახურებით სარგებლობა შეძლო

დ.მ.-მ „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის გამოყენებით საკუთარი საბანკო ანგარიშით სარგებლობაზე უარი უთხრა. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, დ.მ. საკუთარ საბანკო ანგარიშზე წვდომას მხოლოდ პასპორტის საფუძველზე შეძლებდა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის შეფასებით, ბანკის დაუსაბუთებელმა და კანონსაწინააღმდეგო უარმა, თავშესაფრის მაძიებელს წაართვა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებებით სარგებლობის უფლება.

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ,,დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არის - „პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ პირებზე.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა წერილობითი განცხადებით მიმართა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს და მოითხოვა, დ.მ.-სთვის მიეცათ უფლება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის საფუძველზე ესარგებლა  პირადი საბანკო ანგარიშებით.

მიმართვის საპასუხოდ, დ.მ.-ს  თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის საფუძველზე საბანკო ანგარიშზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახორციელებსპროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის იურისტები უფასო კონსულტაციების, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით დახმარებას უწევენ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მაძიებელ ადამიანებს, როგორც სტატუსის მიღების, ასევე ძირითად უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც.