წარმატებული საქმეები

დ.მ.-მ „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ დახმარებისთვის მას შემდეგ მიმართა, რაც ერთ-ერთმა კომერციულმა ბანკმა თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის გამოყენებით საკუთარი საბანკო ანგარიშით სარგებლობაზე უარი უთხრა. ბანკის წარმომადგენლების განცხადებით, დ.მ. საკუთარ საბანკო ანგარიშზე წვდომას მხოლოდ პასპორტის საფუძველზე შეძლებდა.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის შეფასებით, ბანკის დაუსაბუთებელმა და კანონსაწინააღმდეგო უარმა, თავშესაფრის მაძიებელს წაართვა საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებებით სარგებლობის უფლება.

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და ამ ცნობის საფუძველზე, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის პერიოდში.

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ,,დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა არის - „პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა თავშესაფრის მაძიებელ პირებზე.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა წერილობითი განცხადებით მიმართა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორს და მოითხოვა, დ.მ.-სთვის მიეცათ უფლება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის საფუძველზე ესარგებლა  პირადი საბანკო ანგარიშებით.

მიმართვის საპასუხოდ, დ.მ.-ს  თავშესაფრის მაძიებლის მოწმობის საფუძველზე საბანკო ანგარიშზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 2019 წლის 1 იანვრიდან ახორციელებსპროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის იურისტები უფასო კონსულტაციების, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით დახმარებას უწევენ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მაძიებელ ადამიანებს, როგორც სტატუსის მიღების, ასევე ძირითად უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც.

კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილის სამართლებრივი დახმარებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 10 ივლისს მანანა წიკლაურის სარჩელი სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დააკმაყოფილა.

მანანა წიკლაური თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის უფროსი სოციალურ მუშაკია, რომელსაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 12.01.2019წ. ბრძანებით, გამოეცხადა საყვედური და შრომის ანაზრაურებიდან დაუკავდა 30%.

სასამართლომ არაერთი განხილვის შედეგად დაადგინა, რომ მუშაკის წინააღმდეგ სანქცია უსაფუძვლოდ იყო გამოყენებული და მას აღუდგინა დარღვეული უფლებები. სამართლებრივად შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდეს.

2019 წლის 1 იანვრიდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის იურისტები უფასო კონსულტაციების, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით დახმარებას უწევენ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მაძიებელ ადამიანებს, როგორც სტატუსის მიღების, ასევე ძირითად უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ ა.კ.მ-მ დახმარების თხოვნით 2019 წლის 15 მარტს მომართა. მისი განცხადებით, მან, 8 თვის ორსულმა, თავისი ქვეყანა პირადი უსაფრთხოების მოსაზრებით დატოვა, რადგან მისი მეუღლე, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დაცვის წევრი, პოლიტიკური მოტივით იძებნებოდა. ა.კ.მ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტების დახმარებით, იმავე დღეს დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში თავშესაფრის მაძიებლად და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა. შესაბამისად, როგორც საქართველოში რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელს, მას შესაძლებლობა მიეცა ესარგებლა თითქმის ყველა იმ სერვისით, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს.

ა.კ.მ-ს ტყუპები მაისის ბოლოს შეეძინა. თუმცა, ერთ-ერთი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამშობიაროში გაუარესდა. იმის გამო, რომ ვერ მოესწრო ტყუპების თავშესაფრის მაძიებლებად დარეგისტრირება, აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზება, რაც განმცხადებელს არ გააჩნდა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, პარტნიორი ორგანიზაციის “World Vision Georgia” და მიგრაციის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ტყუპისცალი ახალშობილების თავშესაფრის მაძიებლებად დაუყოვნებლივ რეგისტრაცია, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართვა და ამ სიძნელის თავიდან აცილება.