სასჯელების გამოყენების პრაქტიკა გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშაულებისათვის
16.01.2018

გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშაულებისათვის სისხლის სამართლის კოდექსით მე-40 მუხლით გათვალისწინებული სასჯელებიდან შესაძლოა დაინიშნოს ერთ-ერთი სასჯელი და ასევე დამატებითი სასჯელი, გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა.

ყველაზე უფრო მსუბუქი სასჯელი გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი სანაშაულისათვის არის ჯარიმა, ხოლო ყველაზე უფრო მკაცრი სასჯელი თავისუფლების აღკვეთა ვადით თორმეტ წლამდე.

მაგალითად, ყველაზე მსუბუქ სასჯელს ჯარიმას, გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშაულისათვის ითვალისწინებს სსკ 124-ე მუხლი ,,ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით,, ყველაზე მკაცრ სასჯელს 8-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას კი სსკ 276-ე მუხლი მე-8 ნაწილი  ,,ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.,,

- ჯარიმა შესაძლებელია დაინიშნოს როგორც ძირითად, ასევე დამატებით სასჯელად. ჯარიმის შემთხვევაში, განისაზღვრულია მხოლოდ მინიმალური ოდენობა 2000 ლარი, ხოლო ისეთი დანაშაულებისათვის რომლებზეც პატიმრობა 3 წელზე მეტი ვადით არ არის გათვალისწინებული სასჯელად ჯარიმის მინიმალური ოდენობა არის 500 ლარი. ჯარიმის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით. ჯარიმა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. (გამონაკლისს წარმოადგენს ოჯახში ძალადობის დანაშაული).

- თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. სასჯელი შესაძლოა დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული სსკ შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება. უფლების ჩამორთმევა ნიშნავს, რომ მსჯავრდებულს ეკრძალება ეკავოს დანიშვნითი თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ანდა ეწეოდეს პროფესიულ ან სხვაგვარ საქმიანობას. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად სასჯელად შეიძლება დაინიშნოს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით, ხოლო დამატებით სასჯელადექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით. უნდა აღინიშნოს, რომ თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ძირითად და დამატებით სასჯელად გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებისათვის სსკ-ის კონკრეტული მუხლილთ გათვალისწინებული არ არის და შესაბამისად, გამოიყენება როგორც დამატებითი სასჯელი. ხშირად გამოიყენება სასჯელის ეს სახე სსკ 276-ე მუხლით გატვალისიწნებულ დანაშაულებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით.

-  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას ორმოციდან რვაას საათამდე ვადით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. შრომის სახეს და პირობებს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელად გათვალისწინებული არ არის. პრაქტიკის შესაბამისად, პრობაციის ბიურო შრომის პირობებს განსაზღვრავს თვითმმართველობასთან, დასუფთავების და სხვა სამსახურებთან შეთანხმებით მაგ. დასუფთავების სამუშაოების წარმოება დასავლეთ საქართველოში ზღვის სანაპიროს დასუფთავება, გამწვანების სამუშაოები და ა.შ.

- გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნისას მსჯავრდებულის ხელფასიდან სახელმწიფოს შემოსავალში დაიქვითება თანხა განაჩენით დადგენილი ოდენობით არანაკლებ ხუთისა და არა უმეტეს ოცი პროცენტისა.

- სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ენიშნება სამხედრო მოსამსახურეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო სამსახურის საწინააღმდეგო დანაშაულის ჩადენისათვის, აგრეთვე სხვა დანაშაულისათვის მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეს სს კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული გამასწორებელი სამუშაოს ნაცვლად. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით.

- თავისუფლების შეზღუდვა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე მოთავსებას თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მასზე ზედამხედველობის განხორციელებით. თავისუფლების შეზღუდვა ენიშნება ნასამართლობის არმქონე მსჯავრდებულს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

- ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვა­დითსასამართლო უფლებამოსილია, დანიშნოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.

გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშუალისთვის მაქსიმალური სასჯელი არის 12 წლით თავისფლების აღკვეთა მაგრამ, მიუხედავად ამისა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად არც ერთი მათგანი არ ითვლება და შეიძლება ითქვას რომ გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშაულები იყოფა 2 კატეგორიად- ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებად. ნაკლებად მძიმეა კატეგორიისაა დანაშააული რომლისთვისაც მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მძიმე ისეთი დანაშაულია, რომლისთვისაც სსკ-ის შესაბამისი მუხლი სასჯელად 5 წელზე მეტი ვადით თავსუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანაშაულის კატეგორად დაყოფას მნიშვნელობა აქვს როგორც სასჯელის განსაზღვრის, მოხდის პროცედურებზე ასევე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, შეწყალებაზე და სხვა საშეღავათო საკითხებზე. გაუფრთხილებელი ბრალით ჩადენილი დანაშუალებისთვის შესაძლებელია სასამართლომ დანიშნოს პირობითი სასჯელი. შეწყალება, ამნისტია, პირობით ვადამდე გათავისუფლება შედარებით უფრო მარტივად გამოიყენება. მაგ. თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის მიმართ პირობით ვადამდე გათვისუფლება შეიძლება მხოლოდ სასჯელის სამი მეოთხედის მოხდის შემდეგ, მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულის მიმართ ეს შეღავათი შესაძლოა გამოყენებული იყოს ორი მესამედის მოხდის შემდეგ.

არჩილ ჩოფიკაშვილი