სიახლეები

16 ნოემბერს თელავში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე. სემინარზე დიდი დრო დაეთმო სამუშაო ადგილზე შევიწროების შესახებ არსებულ საერთაშორისო რეგულაციებს და მათი საქართველოში იმპლემენტაციის პროცესს. სემინარზე განხილულ იქნა ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას და რაიონში ამ კუთხით არსებული შემთხვევების შესახებ დისკუსიას.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი “ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ” მოიხსენია. კერძოდ, მან აღნიშნა: "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.”

ხაზგასასმელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად.[1] ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 31 სახელმწიფოს[2], 2016 წლის 26 მაისს ბუქარესტში შეიმუშავა ანტისემიტიზმის განმარტება. ამ განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში.[3] ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს.[4]

ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. ამა წლის 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა : „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ” აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პლატფორმაც და მოუწოდა მას პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე  ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: “საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ.”

ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია  “რუსთავი 2” ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას  და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე.

შესაბამისად, მოვუწოდებთ, ექსპრეზიდეტ მ. სააკაშვილს თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსიის განცხადებებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

თანასწორობის მოძრაობა

საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი



[1] გაეროს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 1 მარტის 53/133 რეზოლუციის მე-17 პუნქტი. http://www.un.org/en/ga/search/view_doc.asp?symbol=A/RES/53/133

[3] ანტისემიტიზმი გამოიხატება, როგორც რიტორიკაში ასევე ფიზიკურ ქმედებებში, რაც მიმართულია ებრაელი და არაებრაელი ადამიანების, მათი საკუთრების, ებრაელთა სათემო ინსტიტუციების და რელიგიური დაწესებულებების წინააღმდეგ. ანტისემიტიზმი ხშირად ადანაშაულებს ებრაელებს კაცობრიობის საზიანოდ შეთქმულებაში და იგი ხშირად გამოიყენება ებრაელების დადანაშაულებაში როდესაც “რაიმე ცუდი ხდება”. ანტისემიტიზმი შეიძლება გამოვლინდეს სიტყვებით, წერილობითი და ვიზუალური ფორმით.


„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმაურება ა/წ წლის 12 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მასზე და მის შვილებზე ხორციელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მისივე განცხადებით, მიღებული მუქარის შეტყობინებები რეალურია, რადგან შესაძლებელია მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება.

მნიშვნელოვანია, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 151-ე მუხლებით დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და მოხდეს მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება. ამასთან, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საგამოძიებო ორგანოებმა, გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია.

საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული ყველა ძალის მიერ სტაბილურობის და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება. ნებისმიერი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები არ უნდა იყოს სიძულვილის ენის შემცველი ან/და რაიმე სახით ახდენდეს ძალადობის პროვოცორებას.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას აქტიურად მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს სტაბილური და არაძალადობრივი გარემოს შენარჩუნებისკენ, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ძალადობას, ძალადობის მუქარასა და თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

7 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე.

სემინარზე სტუდენტებს გააცნეს სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია; საერთაშორისო თუ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიგნებები შევიწროების/სექსუალური შევიწროების შესახებ. სემინარზე განიხილეს ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას დისკუსიის რეჟიმში.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასადა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში.

განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან და არა ბანგლადეშიდან [..]

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეთნიკური და სოციალური/კლასობრივი ნიშნით პირთა დისკრიმინაციის წახალისებას და აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების, როგორც ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მარგინალიზაციას აღრმავებს. ამგვარი განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენს თანასწორობაზე,  საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებას და პოლიტიზირებას ჩვენს საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი ერთადერთი განცხადება. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია  "რუსთავი 2" ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას  და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„...ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ."- აცხადებს ის.

ანტიმიგრანტული რიტორიკა, ბოლო წლებში გაძლიერებული ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილია და სამწუხაროა, რომ მსგავსი იდეების შემოტანა აქტიურად ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშიც ხდება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ასევე დაბალი სოციალური კლასის მიგრანტების მიმართ მტრის ხატის შექმნა და სიძულვილის მობილიზება, სოციალური უსამართლობიდან კულტურულ საკითხებზე ყურადღების ხელოვნური გადატანის მცდელობაა და ზოგადად დაბალი სოციალური კლასის ადამიანების გარიყვას იწვევს.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ქსენოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები ელექტორალური მობილიზაციის მიზნით იყენებენ და ამ გზით ხელს უწყობენ სოციალური კონფლიქტების და საზოგადოებაში ისედაც არსებული ქსენოფობიური, რასისტული განწყობების გაძლიერებას და პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოტანას, რაც ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან.  მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა საჯარო გამოსვლებისას თუ ამომრჩევლებთან საუბრისას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად დაუჭირონ მხარი თანასწორობის პრინციპს.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ,  მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე პრინციპული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.

გვსურს შევახსენოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მასშტაბებს. „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“ აღნიშნული დანაწესი განამტკიცებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სეკულარიზმსა და ურთიერთ საქმეებში ჩაურევლობას. შესაბამისად, კონსტიტუცია მიზნად ისახავს, სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონალურ გამიჯვნას რელიგიური დაწესებულების საქმიანობიდან.

სეკულარიზმის პრინციპისა და საჯარო ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების უზენაესობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის პრინციპების შესაბამისად. ამდენად, მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გაჟღერებული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში, ერთხელ უკვე განახორციელა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვის მიზნით, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაშიც, სწორედ საარჩევნო კონტექსტში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებით მანიპულირების მცდელობა.

ხაზგასასმელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვის ბერკეტს ნარკოპოლიტიკის საკითხში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კონსტიტუციურ პრინციპებთანაც.

მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა საფრთხე არ შეუქმნას საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას, მის მიერ კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვნად, სწრაფად, ეფექტურად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

1 ნოემბერს გორში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს.


შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო სამუშაო ადგილზე შევიწროება და ამ საკითხზე არსებული კვლევების უახლესი მონაცემები. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ არის დარეგულირებული სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხები როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში. საკითხის სხვადასხვა ასპექტების განხილვა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და შეთანხმდნენ ამ კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის მხარდაჭერით ახორციელებს.

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისი მარიოტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და საზოგადოების ინტერესის სამართლის ქსელთან (PILnet) ერთად პრო ბონო (ანაზრაურების გარეშე დახმარება) სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და პრო ბონო სისტემის განვითარების შესახებ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი იურისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრო ბონო მექანიზმების გაზიარება, ამასთანავე საქართველოში პრო ბონო ქსელის კულტურის მხარდაჭერა და განვითარება, რომელიც ხელს შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას რეგიონალური ქსელების შექმნის მეშვეობით.

პრო ბონო ქსენლის პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინტერესის სამართლის ქსელის (PILnet) მისიის განხორციელებას, რომლის მიზანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრო ბონო კულტურის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პრო ბონო სახელმძრვანელო მომზადდა ვიშეგრადის ფონდის და ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით ზაზა სარალიძის დაკავებას და მიგვაჩნია, რომ ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.

ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა გააკეთეს მკაფიო განცხადებები, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედება საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევაა და წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. მიუხედავად ამისა, როგორც მედიით გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, დღეს პარლამენტის წინ ინციდენტი სწორედ წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის მოწყობისათვის პოლიციის წარმომადგენლების მიერ ხელშეშლას მოჰყვა. სწორედ ამან გამოიწვია ზაზა სარალიძის მხრიდან ძალადობა.

იმ ფონზე, როცა საქართველოს საგამოძიებო უწყებების მიერ, დღემდე უგულებელყოფილია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელეობის საქმეზე გამოძიების ჩატარებისას ჩადენილ კანონდარღვევებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, ხოლო დაზარალებულთა მიერ მშვიდობიან პროტესტის გამართვას, მიზანმიმართულად ხელს უშლიან შს სამინისტროს წარმომადგენლები, ნათელია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ნება ამ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და აღსდგეს სამართლიანობა.

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე საქართველოს სს კოდექსის 3531-ე (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო მისი თანმხლები ორი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავეს. ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს ზაზა სარალიძის ფიზიკური ძალადობა პოლიციელზე, გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელიც აღნიშნული ძალადობის მიზეზი გახდა და რომელიც შს სამინისტროს უკანონო, თვითნებურ და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო პოლიტიკას უკავშირდება შეკრების მონაწილეების მიმართ. რამდენიმე კვირის განმავლობაში, დღისით და ღამით, განსაკუთრებით ცუდ ამინდში აქციის მონაწილეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ შეკრების ადგილზე ყოფნა, რაც სტრესის, ღირსების შელახვისა და დაუცველობის გრძნობას იწვევს. წვიმიან დღეს, პოლიციის მხრიდან კარვის გაშლისთვის კიდევ ერთხელ ხელშეშლა, ზაზა სარალიძის მიმართ უკანონო და ანტიჰუმანური მოქმედების ნათელი დემონსტრირება იყო.

ორივე ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სამართალდამცავთა მხრიდან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას და მათივე კანონიერი მოთხოვნის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს. მაშინ როცა, მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებში, კარვის ან სხვა კონსტრუქციის გაშლის უფლებაში ხელშეშლა კანონიერ მოთხოვნად არ შეიძლება განვიხილოთ. ამ დანაშაულის არსებითი ელემენტი სახეზე არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, ძალადობის წარმოშობის პროცესში, თავად პოლიციის უკანონო მოქმედებებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს პარლამენტის წინ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ

- დაუყოვენებლივ დაიწყოს გამოძიება მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, რომლების უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი თანამდებობის გამოყენებით მშვიდობიანი შეკრების უფლების უკანონოდ შეზღუდვაში;

- გაიაზროს სახელმწიფო პოლიტიკის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო შინაარსი, რაც გახდა ზაზა სარალიძის მიერ გამოვლენილი კანონდარღვევის საფუძველი და სს სამართლის კანონმდებლობის სწორ გამოყენებასთან ერთად გამოიყენოს ჰუმანური და სამართლიანი მიდგომები დაწყებული გამოძიების პროცესში;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა

- დაუყოვნებლივ შეცვალოს მშვიდობიანი შეკრებების დროს კარვების/სხვა კონსტრუქციების გაშლის შეზღუდვის უკანონო და თვითნებური პრაქტიკა და ამის თაობაზე გააკეთოს საჯარო განცხადება;

- წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, გაიაზროს პროცესების ესკალაციის რისკები და მიიღოს ყველა ზომა მშვიდობიანი, სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია ეს გარემო, პირველ რიგში, შეექმნათ აქციის ორგანიზატორ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და იგნორირების მსხვერპლები არიან.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

თანასწორობის მოძრაობა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

ცენტრი „ემპათია“

კავშირი საფარი

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

25 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე.

სემინარზე სტუდენტებს გააცნეს სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია;  საერთაშორისო თუ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიგნებები შევიწროების/სექსუალური შევიწროების შესახებ. სემინარზე განხილულ იქნა ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას დისკუსიის რეჟიმში.

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.