სიახლეები

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 21 ნოემბერს გავრცელებული განცხადების შინაარსის გამო, რომელიც ჩვენი კოლეგების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ირიბ გზავნილს შეიცავს და  გამაფრთხილებელი შეტყობინებაა როგორც ჩვენთვის, ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვს, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც  ჩვენთან კონფიდენციალობის დაცვის პირობით თანამშრომლობენ და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ.

 

მიგვაჩნია, რომ მთავარი პროკურატურის განცხადება გაგრძელებაა იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ბოლო პერიოდია საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ეწევა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც მისი გავლენის ქვეშ არ არიან მოქცეულნი და აქტიურად იბრძვიან საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.  ხელისუფლება უკვე კარგახანია გასცდა არასამთავრობო ორგანიზაციათა კრიტიკის იმ ზღვარს, რაც დასაშვებია დემოკრატიულ საზოგადოებაში და როგორც ზემოხსენებულ განცხადებაში არაორაზროვნად ჩანს, უკვე საკუთარი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედებას გეგმავს ჩვენი კოლეგებისა და იმ პირთა დაშინების მიზნით, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ.

 

საქართველოში, 2004 წელს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ვერ ვიხსენებთ შემთხვევას, რომ რომელიმე სახელმწიფო უწყებას ეჭქვეშ დაეყენებინოს უფლებადამცველების უფლება, აბსოლუტური პრივილეგიით იყოს დაცული მათი პროფესიული საიდუმლოების წყარო. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით და გამოხატვის თავისუფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონი არაორაზროვნად იცავს უფლებადამცველების უფლებას უარი თქვას ინფორმაციის წყაროს გამხელაზე, კერძოდ:  “პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა.”

 

საქართველოს მთავარი პროკურატურა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ არასისტემური, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო ინტერპრეტაციის გამოყენებით ცდილობს ეს უფლება ეჭქვეშ დააყენოს და სასამართლოს მეშვეობით ბორკილები დაადოს ჩვენი საქმიანობის საზღვრებს. სამწუხაროა, რომ პროკურატურას ჩვენი კოლეგების მიერ მიცემული განმარტების მიუხედავად არ ესმის, რომ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურები და კომპეტენცია ვერ გახდება ჩვენთვის ამ უფლების შეზღუდვის საფუძველი. ჩვენ გვჯერა, რომ ვერც პროკურატურა და ვერც სასამართლო ხელისუფლება საბოლოო ჯამში ვერ შეძლებს ჩვენთვის ამ უფლების შეზღუდვას და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ადამიანის უფლებებზე წინ არასოდეს არ დავაყენებთ რომელიმე სახელმწიფო ორგანოს კომპეტენციას.

 

ხელისუფლების უნდა ესმოდეს, რომ მისი უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ადამიანის უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ადამიანის უფლებების არსიდან გამომდინარე ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის, შეამცირებს ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კანონით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი.

 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, კარგად გაიაზროს ის პრინციპები, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,  საკუთარი კომპეტენცია და ფუქნციები განიხილოს არა ადამიანის უფლებებისგან მოწყვეტით, როგორც ეს ავტორიტარული სახელმწიფოების სამართალდამცავი ორგანოებისთვისაა დამახასიათებელი, არამედ ადამიანის უფლებებთან ერთიანობაში. დაუფიქრდეს იმ გამოუსწორებლად დამაზიანებელ შედეგებს, რომელიც მათივე განცხადებით გათვალისწინებულმა სამომავლო ნაბიჯებმა შესაძლოა მოუტანოს როგორც ადამიანის უფლებათა დაცვით საქმიანობას საქართველოში, ისე ქართულ, ჯერ კიდე მყიფე დემოკრატიას.

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

 

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

საფარი

 

თანასწორობის მოძრაობა

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის (RIVG)

 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

 

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

 

ცენტრი ემპათია

 

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 

ლიბერალური აკადემია თბილისი

უკანასკნელი დღეების განმავლობაში არაერთი განცხადება გავრცელდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოში მიმდინარე დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ამ პროცესისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე განცხადებით ხელმომწერ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს, გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ წარმართულ დისკუსიებთან დაკავშირებით.

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველოს სიტუაციის გამოძიება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც ქ. ჰააგაში მდებარეობს, 2002 წელს დაფუძნდა რომის სტატუტის საფუძველზე. აღნიშნული სასამართლო მსოფლიო მასშტაბით იძიებს ყველაზე მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული, ომისა და აგრესიის დანაშაულები. გამოძიების დაწყებამდე, სასამართლოს პროკურორის ოფისი წინასწარ მოკვლევას აწარმოებს, რა დროსაც აკვირდება სახელმწიფოს მიერ ეროვნულ დონეზე ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობას და შედეგებს.

პროკურორის ოფისმა გამოძიება შეიძლება დაიწყოს იმ შემთხვევაში, თუ: რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, ან გაეროს უშიშროების საბჭო მიმართავენ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ან იმ შემთხვევაში, თუ პროკურორი ჩათვლის, რომ ადგილობრივ დონეზე არ, ან ვერ ხერხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება და საკუთარი ინიციატივით მიმართავს მოსამართლეებს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მისაღებად.

გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს ან მაღალი თანამდებობის პირის მიმართ საჩივრის შეტანა. პროკურორის ოფისი გამოძიების ფარგლებში ადგენს კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირის (როგორიცაა მაგალითად, სამხედრო გენერალი, შტაბის უფროსი და სხვა) და არა სახელმწიფოს ან/და რიგითი სამხედრო პირის პასუხისმგებლობას.

რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას, სასამართლოს პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო წინასწარი მოკვლევა აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2009 წლის დასაწყისში, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში „აგვისტოს ნანგრევებში“. აღნიშნულ ანგარიშში თავმოყრილია აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს 1055 დაზარალებული ადამიანის ჩვენებას. ანგარიშის საბოლოო ვერსიასთან ერთად სასამართლოში გადაიგზავნა სტატისტიკური ანალიზი და ყველა ის სამუშაო მასალა, რომელიც ანგარიშს უდევს საფუძვლად.

წინასწარი მოკვლევის ფარგლებში პროკურორის ოფისი პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას საქართველოსა და რუსეთისაგან ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ეროვნულ დონეზე გამოძიება მიმდინარეობდა, გამოძიების პროგრესი და შედეგები საზოგადოებისა და დაზარალებულთათვის უცნობი იყო.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან პასიურობის გათვალისწინებისა და დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების აღსრულების მიზნებისთვის, 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს პროკურორის ოფისს ზემოთ ხსენებულ ანგარიშში წარმოდგენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ, თუმცა, ამას არ მოჰყვა სასამართლოს მხრიდან რეაგირება, ვინაიდან პროკურორის ოფისი აკვირდებოდა ადგილობრივ დონეზე გამოძიების მიმდინარეობას და არ მიიჩნევდა საჭიროდ სასამართლოს ჩართვას.

2013 წელს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება რომის სტატუტიდან გამომდინარე ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა, არ აღმოჩნდებოდნენ საკმარისად პროფესიონალები ან არ იქნებოდა საკმარისი პოლიტიკური ნება, მაშინ საქმის გამოძიება საერთაშორისო დონეზე წარიმართებოდა.

2 წლის შემდგომ, 2015 წლის 17 მარტს, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან. როგორც სასამართლოსთან კომუნიკაციიდან ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ პროკურორის ოფისს აცნობა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებაში ვერ მოხდებოდა შემდგომი პროგრესი არსებული უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე გამოძიება წყდებოდა გაურკვეველი დროით.

აქედან გამომდინარე, 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოს პროკურორის ოფისმა თავისი ინიციატივით შუამდგომლობით მიმართა წინა-სასამართლო პალატას გამოძიების დაწყების თაობაზე, რაც მოსამართლეებმა 2016 წლის იანვარში დააკმაყოფილეს. აღნიშნული მიმართვიდან და წინა-სასამართლო პალატის გადაწყვეტილებიდან გამოიკვეთა გამოძიების ფარგლები, რომელიც მოიცავს: 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, და ომის დანაშაულებს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰააგის პროკურორმა გამოკვეთა სამი მხარე, მათ შორის: ქართული და რუსული შეიარაღებული ძალები და ოსური ძალები, შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება, პასუხისგებაში მისცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, რომლებსაც ყველაზე მეტად მიუძღვით ბრალი ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

საქართველოს სიტუაციის გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა არსებობს როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა. გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ამ გამოწვევებს:

ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ: სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიება სრულიად კონფიდენციალურია, რაც ნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებისათვის, მათ შორის დაზარალებულებისა და მათი წარმომადგენლებისთვის არავითარი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა, უცნობია, თუ რა ეტაპზეა ამჟამად მიმდინარე გამოძიება ან/და უახლოს პერიოდში არის თუ არა მოსალოდნელი დაკავების ორდერის გაცემა კონკრეტული პირის/პირების მიმართ.

რუსეთის ფედერაციის უარი სასამართლოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობაზე: პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სასამართლოსთან თანამშრომლობაზე რუსეთის უარი წარმოადგენს. უარის არსებობის პირობებში მაღალია რისკი, რომ პროკურორის ოფისის მიერ ვერ მოხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, მას არ ეკისრება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულება, მაგალითად, როგორიცაა გამოძიებისათვის საჭირო ინფორმაციის და მასალების მიწოდება, ეჭვმიტანილი პირების სასამართლოსათვის გადაცემა, განსხვავებით საქართველოსგან, რომელიც რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოა და ვალდებულია, ითანამშრომლოს სასამართლოსთან. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ რუსი, ოსი ან/და ქართველი პირის მიმართ დაკავების ორდერის გამოცემის შემთხვევაში, მართლმსაჯულების წინაშე მხოლოდ ქართველი წარსდგეს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოსთვის მისი მოქალაქის გადაცემის ვალდებულება ექნება განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მაღალი ალბათობით მის მოქალაქეს, იქნება ეს რუსი თუ ოსი, სასამართლოს სავარაუდოდ არ გადასცემს.

დაზარალებულთა შორის ინფორმაციის ნაკლებობა: ამ პროცესში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მიმდინარე გამოძიების შესახებ ომით დაზარალებულ მოსახლეობაში ინფორმაციისა და ცნობიერების ნაკლებობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ საქართველოში სასამართლოს ადგილობრივი წარმომადგენლობა გაიხსნა, ოფისი არსებითად შეზღუდულია ფინანსური და ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, რის გარეშეც ვერ ახერხებს სრულფასოვან ფუნქციონირებას, მათ შორის, ინტენსიური ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოებას ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან. ეს კი უარყოფითად აისახება დაზარალებულების მოტივაციაზე, პროცესში მათ ეფექტურ ჩართვასა და სასამართლოსთან თანამშრომლობაზე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულები ნაკლებად ინფორმირებულები არიან სასამართლოს მანდატისა და როლის შესახებ, პოლიტიკოსთა განცხადებები მიმდინარე გამოძიებასთან, რიგითი ჯარისკაცების პასუხისმგებლობასთან, ასევე, ომის ქართული მხარის მიერ დაწყებასთან დაკავშირებით დაზარალებულებში დამატებით გაურკვევლობას იწვევს და შესაძლოა, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს სასამართლოსთან შემდგომში მათ თანამშრომლობაზე.

სახელმწიფოს წარმომადგენლობა ჰააგაში: საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყავს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ქ. ჰააგაში, რომელიც სასამართლოს ბიუროსა და კომიტეტებში, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება, მიიღებდა მონაწილეობას. სასამართლოს სამუშაო ჯგუფებში საქართველოს წარმომადგენლის აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია იმ საკითხების ადვოკატირებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, რომელიც რუსეთის მხრიდან თანამშრომლობაზე უარს, დაზარალებულთა ნდობის ფონდის მიერ მხარდამჭერი მანდატის განხორციელებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

ინტერესის ნაკლებობა: დევნილებს საკმაოდ მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება. ამ პირობებში საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ქვეყნებთან საქართველოს აქტიური თანამშრომლობა სამომავლოდ ასევე, მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გამოცემის შემთხვევაში მისი აღსრულების მიზნითაც. თუმცა, საქართველოს სიტუაციის მიმართ ამ უკანასკნელთაგან შესაბამისი აქტივობების მხარდაჭერისა და ინტერესის ნაკლებობა შეიმჩნევა. ამ ფაქტს გარკვეულწილად საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების არასაკმარისი პროგრესი განაპირობებს. ასევე, გარკვეულწილად დამაზიანებელ ეფექტს პოლიტიკოსთა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები და მიმდინარე გამოძიების პოლიტიზირება ახდენს.

 

აგვისტოს ომის დროს ჩადენილ დარღვევებზე საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სხვა დავები

ქ. ჰააგაში მდებარეობს ასევე, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო (ICJ), რომელიც 1945 წელს გაერო- წესდებით დაარსდა. აღნიშნული სასამართლო განიხილავს იმ სახელმწიფოთაშორის დავებს, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას ეხება. შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადგენს. აღნიშნულ სასამართლოში საქართველომ 2008 წლის 12 აგვისტოს წარადგინა სარჩელი, რომელიც რუსეთის მიერ გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CERD) შესაძლო დარღვევას შეეხებოდა. 2011 წლის 1 აპრილს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოსათვის მიმართვამდე, დავის გადაწყვეტის მიზნით საქართველოს არ უწარმოებია მოლაპარაკება რუსეთთან ამ უკანასკნელის მიერ CERD-ით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს არ ჰქონდა ამოწურული კონვენციის 22-ე მუხლით გათვალისწინებული მექანიზმი. აღნიშნულის გამო, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვის გარეშე საქართველოს მიერ წარდგენილი სარჩელი დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილების მიღებიდან 10 წლის ვადაში, მხარეს ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე დავის განახლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დარღვევების საკითხს, ასევე, განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ე.წ. სტრასბურგის სასამართლო. აღნიშნული სასამართლო ასევე, ადგენს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რომელშიც დავის დაწყების საფუძველს საქართველოს ხელისუფლების მიერ შეტანილი საჩივარი წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფოთაშორისი დავის განხილვა კვლავ გრძელდება.

ზემოაღნიშნული ბუნდოვანებები, გამოწვევები და საზოგადოებაში გაჩენილი შეკითხვები მიუთითებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, მისი ადგილობრივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ მუშაობის გააქტიურების საჭიროებაზე საზოგადოების მეტი ინფორმირების მიზნით.

 

ზემოთ აღნიშნული საკითხებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს:

- გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.

- გამოყონ მუდმივი წარმომადგენელი და მისი მეშვეობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეის ბიუროსა და სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში;

- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტონ, რამ გამოიწვია 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ მსგავსი მიმართვის გაგზავნა სასამართლოს პროკურორის ოფისთან.

- კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე ეროვნულ დონეზე აწარმოონ ეფექტური გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.

ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

- თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და მოცემული საკითხის პოლიტიზირებისგან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს საქართველოს ინტერესებზე;

- მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მოლოდინების გაჩენა დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, რამაც შეიძლება სამომავლოდ დააზიანოს მიმდინარე პროცესი და უკუ-რეაქცია მოახდინოს, რაც გამოიწვევს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე საზოგადოების ნდობის დაკარგვას;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, კანცელარიასა და სასამართლოს ადგილობრივ ოფისს:

- გაააქტიურონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს მანდატის, საქმიანობისა და როლის შესახებ;

- საზოგადოებას, მათ შორის დაზარალებულებსა და მათ წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

- განმარტონ გამოძიების ძირითადი ასპექტები, მათ შორის გამოძიების ფარგლები, რამდენი მხარის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სასამართლო და რა გარანტიები არსებობს ცალმხრივი გამოძიების პროცესის თავიდან ასარიდებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობას:

- ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა დევნილთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და მათზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

· ადამიანის უფლებათა ცენტრი

· კონსტიტუციის 42-ე მუხლი

· საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)

· საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

· წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

 

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის

საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2003 წელს შეიქმნა და მისი მიზანია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება და გენოციდის, აგრესიის, ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 2010 წლიდან საქართველოს კოალიცია არის გლობალური კოალიციის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წევრი.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები 2008 წლიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი მიმდინარე პროცესებში და წარმოადგენენ ომის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე.

16 ნოემბერს თელავში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე. სემინარზე დიდი დრო დაეთმო სამუშაო ადგილზე შევიწროების შესახებ არსებულ საერთაშორისო რეგულაციებს და მათი საქართველოში იმპლემენტაციის პროცესს. სემინარზე განხილულ იქნა ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას და რაიონში ამ კუთხით არსებული შემთხვევების შესახებ დისკუსიას.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიას” წევრი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ 2018 წლის 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ ანტისემიტისტურ განცხადებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მას და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან, კონკრეტული ჯგუფების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ტერმინებით მოხსენიებისა და სტერეოტიპების გავრცელებისგან.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”- თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ სავარაუდო პიარსპეციალისტი მოშე კლუგჰაპტი “ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ” მოიხსენია. კერძოდ, მან აღნიშნა: "ეგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს.”

ხაზგასასმელია, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, ანტისემიტიზმი მიჩნეულია რასიზმის და რასობრივი დისკრიმინაციის ფორმად.[1] ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო ალიანსმა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 31 სახელმწიფოს[2], 2016 წლის 26 მაისს ბუქარესტში შეიმუშავა ანტისემიტიზმის განმარტება. ამ განმარტების თანახმად, ანტისემიტიზმი არის განსაზღვრული წარმოდგენები ებრაელებზე, რაც გამოიხატება ებრაელების მიმართ სიძულვილში.[3] ანტისემიტიზმი ასევე მიაწერს ებრაელებს სტერეოტიპულ და უარყოფით პიროვნულ თვისებებს.[4]

ამ შემთხვევაში თაღლითობის (აფერისტობა) დაკავშირება ადამიანის ებრაულ წარმოშობასთან, გამოხატავს სტერეოტიპულ შეხედულებებს ებრაელთა თაობაზე, რაც ანტისემიტიზმის ერთ-ერთი მახასიათებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს არ ყოფილა ანტისემიტისტური გამოხატვის პირველი შემთხვევა. ამა წლის 14 ივნისს ექსპრეზიდენტმა გადაცემა “კვირის აქცენტებში” პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატზე შოთა შალელაშვილზე საუბრისას განაცხადა : „შეუთვალეთ მოკითხვა აფერისტ მის [ივანიშვილის] ჩამოყვანილ რუს ებრაელს, რომელიც რატომღაც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ... დაბოლოება აქვს გვარით, მაგრამ საქართველოსთან არაფერი მიმართება არ ჰქონია. ” აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა პლატფორმაც და მოუწოდა მას პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.

ბოლო პერიოდში ექსპრეზიდენტის მხრიდან სიძულვილის ენის და პოპულისტური ულტრაკონსერვატიული რიტორიკის გამოყენებამ, სისტემური ხასიათი მიიღო. 2018 წლის 4 ნოემბერს მან სოციალური ნიშნით დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ კონტექსტში მოიხსენია აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტები, ასევე  ერთ-ერთ განცხადებაში იგი ამბობს: “საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ.”

ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია  “რუსთავი 2” ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას  და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პოლიტიკური გარემოს მკვეთრი პოლარიზებისა და პოლიტიკური აქტორების მხრიდან მკვეთრად პოპულისტური რიტორიკის პარალალეურად, რასიზმის, ქსენოფობიის, სხვადასხვა მარგინალური სოციალური ჯგუფების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება პოლიტიკური სივრცეს კიდევ უფრო აცლის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ შინაარსს და შეუსაბამობასობაში მოდის თანასწორობაზე, პლურალიზმზე ორიენტირებული დემოკრატიული საზოგადოების იდეალებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან. სხვა ჯგუფების მარგინალიზაციისკენ მიმართული პოპულიზმი აზიანებს სოციალურ შეჭიდულობას და სიმშვიდეს და მან შეიძლება მძიმე გავლენა იქონიოს სხვადასხვა ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე.

შესაბამისად, მოვუწოდებთ, ექსპრეზიდეტ მ. სააკაშვილს თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსიის განცხადებებისგან. ამასთან მნიშვნელოვანია მისმა პოლიტიკურმა პარტნიორებმა დაგმონ სიძულვილის ენის სისტემური გამოყენების პრაქტიკა და რიტორიკა და გაემიჯნონ მათ.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

თანასწორობის მოძრაობა

საფარი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი



[1] გაეროს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 1 მარტის 53/133 რეზოლუციის მე-17 პუნქტი. http://www.un.org/en/ga/search/view_doc.asp?symbol=A/RES/53/133

[3] ანტისემიტიზმი გამოიხატება, როგორც რიტორიკაში ასევე ფიზიკურ ქმედებებში, რაც მიმართულია ებრაელი და არაებრაელი ადამიანების, მათი საკუთრების, ებრაელთა სათემო ინსტიტუციების და რელიგიური დაწესებულებების წინააღმდეგ. ანტისემიტიზმი ხშირად ადანაშაულებს ებრაელებს კაცობრიობის საზიანოდ შეთქმულებაში და იგი ხშირად გამოიყენება ებრაელების დადანაშაულებაში როდესაც “რაიმე ცუდი ხდება”. ანტისემიტიზმი შეიძლება გამოვლინდეს სიტყვებით, წერილობითი და ვიზუალური ფორმით.


„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმაურება ა/წ წლის 12 ნოემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მასზე და მის შვილებზე ხორციელდება სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მისივე განცხადებით, მიღებული მუქარის შეტყობინებები რეალურია, რადგან შესაძლებელია მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება.

მნიშვნელოვანია, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შს სამინისტროს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 151-ე მუხლებით დაწყებული გამოძიება სწრაფად და ეფექტურად ჩატარდეს და მოხდეს მუქარის განმახორციელებელ პირთა იდენტიფიცირება. ამასთან, საკითხისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, საგამოძიებო ორგანოებმა, გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია.

საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნებში ჩართული ყველა ძალის მიერ სტაბილურობის და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება. ნებისმიერი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები არ უნდა იყოს სიძულვილის ენის შემცველი ან/და რაიმე სახით ახდენდეს ძალადობის პროვოცორებას.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას აქტიურად მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს სტაბილური და არაძალადობრივი გარემოს შენარჩუნებისკენ, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა ყველა ძალადობას, ძალადობის მუქარასა და თუ სხვა დანაშაულებრივ ქმედებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

7 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“-ს იურისტებმა ჩაატარეს სემინარი სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების თემაზე.

სემინარზე სტუდენტებს გააცნეს სამუშაო ადგილზე შევიწროების დეფინიცია; საერთაშორისო თუ საქართველოში ჩატარებული კვლევების მიგნებები შევიწროების/სექსუალური შევიწროების შესახებ. სემინარზე განიხილეს ქართულ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლას ართულებს. სემინარის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სასმართლო გამოცდილებისა და კონკრეტული სიტუაციური მაგალითების განხილვას დისკუსიის რეჟიმში.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ „კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!" ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2018 წლის 4 ნოემბერს გაკეთებულ ქსენოფობიურ და ანტისოციალურ განცხადებას.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ მას, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და მეტიც, აქტიურად შეუწყონ ხელი თანასწორობაზე, ტოლერანტობასადა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკური იდეების დამკვიდრებას საზოგადოებაში.

განცხადებაში მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: „ჩვენ გვჭირდება მდიდარი ტურისტები ყველა მხრიდან. ეს გაძვალტყავებული, ბოდიში და ჯღანები რომ შემოდიან, თავისი ძეხვი რომ მოაქვთ და კონსერვები, ამით ჩვენ ვერ გავმდიდრდებით. ჩვენ გვჭირდება ემირატებიდან და არა ბანგლადეშიდან [..]

"მიგვაჩნია, რომ აღნიშნული განცხადება წარმოადგენს ეთნიკური და სოციალური/კლასობრივი ნიშნით პირთა დისკრიმინაციის წახალისებას და აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან მიგრანტების, როგორც ისედაც მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მარგინალიზაციას აღრმავებს. ამგვარი განცხადებები უარყოფით გავლენას ახდენს თანასწორობაზე,  საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე და ხელს უწყობს ქსენოფობიური განწყობების გაძლიერებას და პოლიტიზირებას ჩვენს საზოგადოებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი ერთადერთი განცხადება. ქსენოფობიური იდეებით გამოირჩეოდა მის მიერ 2018 წლის 31 ივლისს ტელეკომპანია  "რუსთავი 2" ის ეთერში, ხოლო 2018 წლის 31 აგვისტოსა, 1 და 9 სექტემბერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გაკეთებული განცხადებებიც, რომლებშიც იგი ღარიბ ტურისტებზე საუბრისას ხაზს უსვამს მათ ეთნიკურ წარმომავლობას  და აპელირებს იმაზე, რომ ასეთი ადამიანების ვიზიტი სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„...ესე იგი, ეს სტატისტიკა უტყუარად აჩვენებს, რომ ქართველების სამუშაო ადგილები წაიღეს ღარიბმა ირანელებმა, თურქებმა და სხვა უცხოელებმა. მდიდარი ინვესტორების ნაცვლად, რომელთაც ქართველები უნდა დაესაქმებინათ, მივიღეთ გაღლეტილი მიგრანტები, რომლებიც საკუთარ თავს ძლივს ასაქმებენ."- აცხადებს ის.

ანტიმიგრანტული რიტორიკა, ბოლო წლებში გაძლიერებული ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის ნაწილია და სამწუხაროა, რომ მსგავსი იდეების შემოტანა აქტიურად ჩვენს პოლიტიკურ სივრცეშიც ხდება. იმ პირობებში, როდესაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ასევე დაბალი სოციალური კლასის მიგრანტების მიმართ მტრის ხატის შექმნა და სიძულვილის მობილიზება, სოციალური უსამართლობიდან კულტურულ საკითხებზე ყურადღების ხელოვნური გადატანის მცდელობაა და ზოგადად დაბალი სოციალური კლასის ადამიანების გარიყვას იწვევს.

სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ქსენოფობიური შინაარსის შემცველ განცხადებებს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები ელექტორალური მობილიზაციის მიზნით იყენებენ და ამ გზით ხელს უწყობენ სოციალური კონფლიქტების და საზოგადოებაში ისედაც არსებული ქსენოფობიური, რასისტული განწყობების გაძლიერებას და პოლიტიკურ სივრცეში ღია შემოტანას, რაც ცხადია, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფოს იდეასთან.  მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა საჯარო გამოსვლებისას თუ ამომრჩევლებთან საუბრისას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტიურად დაუჭირონ მხარი თანასწორობის პრინციპს.

განცხადებას ხელს აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი საფარი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)

2018 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ,  მმართველმა გუნდმა გაასაჯაროვა გადაწყვეტილება კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე პრინციპული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებას ნარკოტიკული პოლიტიკის სფეროში.

გვსურს შევახსენოთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მასშტაბებს. „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“ აღნიშნული დანაწესი განამტკიცებს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სეკულარიზმსა და ურთიერთ საქმეებში ჩაურევლობას. შესაბამისად, კონსტიტუცია მიზნად ისახავს, სახელმწიფო ორგანოების ფუნქციონალურ გამიჯვნას რელიგიური დაწესებულების საქმიანობიდან.

სეკულარიზმის პრინციპისა და საჯარო ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს თანამდებობის პირები უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციური წესრიგის, ადამიანის უფლებების უზენაესობისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების პატივისცემის პრინციპების შესაბამისად. ამდენად, მიუღებელია, როდესაც პარლამენტის თავჯდომარე საპატრიარქოსთან შეხვედრისას განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხს და მათთან შეთანხმებით აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ჩარჩოში მოაქცევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, გაჟღერებული ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კონსტიტუციის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში, ერთხელ უკვე განახორციელა ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შეზღუდვის მიზნით, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაშიც, სწორედ საარჩევნო კონტექსტში იკვეთება სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებით მანიპულირების მცდელობა.

ხაზგასასმელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების მხრიდან არათანაზომიერი ჩარევისაგან. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს მნიშვნელოვან დაცვის ბერკეტს ნარკოპოლიტიკის საკითხში.

იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებელი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ გაურთულებს საკუთარი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობას, იგი დაარღვევს არა მხოლოდ ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპს, არამედ ადამიანის ძირითად უფლებას, საკუთარი უფლებები და თავისუფლებები დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, რაც წინააღმდეგობაში მოვა სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კონსტიტუციურ პრინციპებთანაც.

მნიშვნელოვანია, კანონმდებელმა საფრთხე არ შეუქმნას საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებას, მის მიერ კონსტიტუციური კონტროლის ჯეროვნად, სწრაფად, ეფექტურად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნები და ხელი არ შეუშალოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)

1 ნოემბერს გორში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტები შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს.


შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო სამუშაო ადგილზე შევიწროება და ამ საკითხზე არსებული კვლევების უახლესი მონაცემები. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ არის დარეგულირებული სამუშაო ადგილზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების საკითხები როგორც ქართულ, ასევე სხვადასხვა ევროპული ქვეყნების სამართლებრივ სივრცეში. საკითხის სხვადასხვა ასპექტების განხილვა მიმდინარეობდა დისკუსიის რეჟიმში. მხარეებმა გაუზიარეს ერთმანეთს მოსაზრებები და შეთანხმდნენ ამ კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტს „სამუშაო ადგილებზე შევიწროების/სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლა განათლების, სამართლებრივი კონსულტაციების/იურიდიული დახმარების და ადვოკატირების გზით“ კანადის ფონდი ადგილობრივი ინიციატივებისთვის მხარდაჭერით ახორციელებს.

30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისი მარიოტში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და საზოგადოების ინტერესის სამართლის ქსელთან (PILnet) ერთად პრო ბონო (ანაზრაურების გარეშე დახმარება) სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და პრო ბონო სისტემის განვითარების შესახებ შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო ქართველი იურისტებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის პრო ბონო მექანიზმების გაზიარება, ამასთანავე საქართველოში პრო ბონო ქსელის კულტურის მხარდაჭერა და განვითარება, რომელიც ხელს შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას რეგიონალური ქსელების შექმნის მეშვეობით.

პრო ბონო ქსენლის პროექტი ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინტერესის სამართლის ქსელის (PILnet) მისიის განხორციელებას, რომლის მიზანია ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრო ბონო კულტურის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

პრო ბონო სახელმძრვანელო მომზადდა ვიშეგრადის ფონდის და ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.