სიახლეები
„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრმა ორგანიზაციებმა მოამზადეს და გადაუგზავნეს კომენტარები ადამიანის უფლებათა კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტზე - „სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“. ზეპირ განხილვაში მონაწილეობის საშუალება ამ ეტაპზე მხოლოდ კოალიციის თავმჯდომარეს მიეცა, თუმცა, ინტერესი აღნიშნული ცვლილებების მიმართ დიდია. კოალიცია იმედს იტოვებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი გააგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან თანასწორობის პრინციპის დაცვით, ორგანიზაციების პერსონალური სიმპათიების მიხედვით  შერჩევითობის გარეშე.
 
კოალიცია მიესალმება კანონპროექტით 137-ე მუხლში მოცემული გაუპატიურების დეფინიციის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან. კანონპროექტით გათვალისწინებული დეფინიციის თანახმად, გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება „პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით“.
 
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი მუხლის დამატებას სისხლის სამართლის კოდექსში - არასრულწლოვნის გაუპატიურება (1371-ე მუხლი). აღნიშნული მუხლი ამძიმებს პასუხისმგებლობას 12 წელს მიუღწეველი პირის მიმართ როგორც მისი თანხმობით, ისე თანხმობის გარეშე ჩადენილი გაუპატიურებისათვის. თუმცა აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციასთან და არ არის თანხვედრაში ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებთან, რამდენადაც  დასჯადად აცხადებს არასრულწლოვნებს შორის თანხმობაზე დაფუძნებულ სექსუალური ურთიერთობასაც.
 
აგრეთვე, ბავშვთა ფსიქოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, კოალიცია გაუმართლებლად მიიჩნევს ასაკობრივ დიფერენციაციას 12 წლამდე და 12 წელს ზემოთ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, ვინაიდან ასაკი არ განსაზღვრავს ბავშვისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმეს; დანაშაულის სიმძიმის შეფასებისას ფსიქოლოგები გამოყოფენ ბავშვის ინდივიდუალური თავსებურებებს, ფიზიკური დაზიანების სიმძიმეს, ძალადობის ხანგრძლივობას, მოძალალდისადმი ბავშვის დამოკიდებულებას და სხვა.
 
ასევე, შემაშფოთებელია შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით სქესობრივ კავშირზე თანხმობის ასაკის დღეს არსებული 16 წლიდან 12 წლამდე შემცირება. ამით კანონმდებელი უშვებს, რომ 12 წლიდან ბავშვს შეუძლია სქესობრივ კავშირზე თანხმობა გამოთქვას  (თუმცა, თანხმობის შემთხვევაშიც კი ქმედება დასჯადი იქნება). მიგვაჩნია, რომ 12 წელი, როგორც თანხმობის ასაკი, არის უკიდურესად დაბალი, იგი ზრდის ბავშვის "თანხმობით" ექსპლოატაციის საფრთხეს და არ შეესაბამება ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას და პრაქტიკას. დღეს-დღეობით ევროპის ქვეყნებს თანხმობის ასაკად 14-18 წელი აქვთ განსაზღვრული და უმეტესობისთვის ეს ასაკი 15 ან 16 წელია. ცვლილებები უნდა დაეფუძნოს სსკ 140-ე მუხლის  დღეს არსებული რედაქციის პრინციპს და სსკ 137 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილიდან, ასევე 140-ე მუხლის შემოთავაზებული რედაქციიდან, ამოღებული იყოს სიტყვები „თანხმობა“ და „ნებაყოფლობითობა“. თანხმობის გამორკვევა მხოლოდ შესაძლებელია 16-დან 18 წლამდე ასაკის მსხვერპლებთან მიმართებით. როდესაც სქესობრივი აქტი განხორციელებულია სრულწლოვანი პირის მიერ, 16 წლამდე ასაკის პირის თანხმობას არ უნდა ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობა, სისხლის სამართლის გამოძიების დროს არ უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა და დაზარალებულისთვის ამ საკითხზე შეკითხვების დახმა.  ეს არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს ზრდის და დამატებითი ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე აყენებს.
 
წარმოდგენილი კანონპროექტით კონკრეტდება 141-ე მუხლით გათვალისწინებული გარყვნილი ქმედების შინაარსიც და შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რა უნდა იქნეს მიჩნეული გარყვნილ ქმედებად. ასევე, იზრდება სასჯელის ზომა. კოალიცია მიესლმება სასჯელის ზომის გაზრდას, თუმცა, ამ მუხლთან მიმართებითაც გაუმართლებლად მიაჩნია 12-წლიანი ასაკობრივი ზღვარის შემოტანა. კოალიცია ასევე არ იზიარებს შენიშვნის დამატების აუცილებლობას, ვინაიდან გარყვნილი ქმედების დაზუსტებულმა ჩამონათვალმა შესაძლოა პრაქტიკაში პრობლემები შექმნას და შეუძლებელი გახადოს გარყვნილი ქმედების სექსუალური შევიწროებისაგან გამიჯვნა. გარდა ამისა, კოალიცია კატეგორიულად ეწინააღდეგება შენიშვნაში ტერმინი „სოდომიის“ გამოყენებას. აღნიშნული ტერმინის კანონმდებლობაში შემოტანა გააძლიერებს სტიგმას ლგბტქი ადამიანების მიმართ.
 
კოალიციის კომენტარებში აღინიშნა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მცირედ ცვლილებებს მოიაზრებს პროსტიტუციასთან მიმართებით, მაგრამ ხელუხლებლად ტოვებს არსებულ სერიოზულ ხარვეზებს. შესაბამისად, საჭიროა,  პროსტიტუციის  შესახებ განხორციელდეს სიღრმისეული ცვლილებების შეტანა.
 
კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით ცვლილებები არ ეხება სსკ-ს 255-ე მუხლის პირველ ნაწილს,  პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღებას, რომლის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე რამდენიმე წელია დგას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგში. ამიტომ, კოალიცია საჭიროდ მიიჩევს 255-ე მუხლის ცვლილებას, კერძოდ: ტერმინების ნორმატიული განმარტებას; გავრცელების, ფლობის, შესყიდვის კანონიერი ან მართლსაწინააღმდეგო შემთხვევების დეტალიზირებას; აკრძალულ კატეგორიათა წრის დავიწროებას და   დასჯად ქმედებათა წრის შემოფარგვალას ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. 255-ე მუხლი საჭიროებს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
 
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, გააგრძელოს საჯარო განხილვები არსებულ ცვლილებათა პაკეტზე ექსპერტების, ბავშვთა ფსიქოლოგების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჯგუფის მონაწილეობით უზრუნველყოს ზეპირი დისკუსიები დისტანციურ რეჟიმში.
 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები*:
 
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • უფლებები საქართველო (კონსტიტუციის 42-ე მუხლი)
  • კავშირი „საფარი“
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • თანასწორობის მოძრაობა
 
* საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იზიარებს აუცილებლობას, რომ კომიტეტმა უზრუნველყოს საჯაროობა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა. ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების გამო, საია-მ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიმართა კომიტეტს მოსაზრებებით
USAID/PROLoG-ის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, "უფლებები საქართველო" დააკვირდება საქართველოს სასამართლოების საქმიანობას პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში. ავადმყოფობის საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რამდენიმე რეკომენდაცია სასამართოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით: საქმეების დიდი ნაწილის ზეპირი მოსმენა არ ტარდება, საჭიროების შემთხვევაში, სხდომები ტარდება დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით, რაც ზღუდავს მედიისა და საზოგადოების დასწრებას სხდომებზე.

"უფლებები საქართველო" დააკვირდება დისტანციურ სხდომებს და გამოკითხავს ადვოკატებს, პროკურორებს, სასამართლოს თანამშრომლებს და ჟურნალისტებს. პროექტი შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედიისა და საზოგადოების წვდომა სასამართლო სხდომებზე; კომუნიკაცია ადვოკატსა და კლიენტს შორის პროცესის დროს; მოსამრთლეების მიერ სასამართლო დარბაზის მართვა; კომუნიკაცია დაკავებულ მოპასუხეებთან; მხარეთა მონაწილეობა და ინტერაქცია სხდომის დროს; მთარგმნელობითი სერვისები პროცესის იმ მონაწილეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას; დოკუმენტების ელექტრონულად ჩაბარება და ა.შ. 

პროექტის ფარგლებში მომზადდება მცირე შუალედური ანგარიშები და საბოლოო ანგარიში, რომელშიც აისახება რეკომენდაციები მხარეებისთვის. გარდა ამისა, ჩატარდება ონლაინ კონფერენცია და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება ინფოგრაფიკები, ბლოგები და ვლოგები პროექტის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
 
 
"უფლებები საქართველო", USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით,  ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. "უფლებები საქართველო" დააკვირდება სასამართლო სისტემის დისციპლინური ორგანოების - დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო პალატის საქმიანობას.

ორგანიზაცია ხელს შეუწყობს  მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სამართლიანი და ეფექტური სისტემის შექმნას; შეაფასებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში 2012 წლის შემდეგ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტიანობას. 
 
გარდა ამისა, "უფლებები საქართველო", სტრატეგიული სამართალწარმოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების  დანერგვის გზით, მხარს დაუჭერს სასამართლო რეფორმის განხორციელებას.
2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე,  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშნელოვანია ამავდროულად დაცული იქნეს სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა. 
 
პროცესის მხარისათვის სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. სასამართლო პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების დახურულ რეჟიმში განხორციელებისგან.  
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები ეხება ასევე სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ,  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის  მხრიდან სრულად შეიზღუდა სხდომებზე დასწრება. ამავე დროს, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, როდესაც ზოგიერთი სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდეს სხდომის მიმდინარეობას, რაც ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფას და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.  
 
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტი N1-ის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით”. სხდომების დისტანციურად წარმართვა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, არ გულისხმობს სასამართლო სხდომის არც სრულად და არც ნაწილობრივ დახურვას. ამ მოწესრიგების პირდაპირი მიზანია, სასამართლო სხდომების წარმართვისას, პროცესზე მყოფ მოქალაქეთა დაინფიცირების პრევენცია. ამავე დროს, ეს მიზანი არ უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტების უგულვებელყოფით სხდომების ჩატარებას. 
 
პრეზიდენტის დეკრეტი, ისევე როგორც საბჭოს რეკომენდაცია არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველს და სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა. ამავდროულად, მოსამართლეთა მიერ დაწესებული შეზღუდვებით არსებითად ილახება იმ პირთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებაც, როლებიც დაინტერესებული არიან საქმის განხილვაზე დასწრებით. სხდომების სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პრაქტიკა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. 
 
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოს თავმჯდომარეებს: 
 
  • სასამართლოებში საქმეთა  განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის  პრინციპი და სრულად არ შეიზღუდოს პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა;
  • პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სასამართლო პროცესების დისტანციური წარმართვისას მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყონ პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა პროცესებზე. 
 
 
 
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი", ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, დაარსებიდან 23 წლის შემდეგ, საქმიანობას ახალი სახელწოდებით - „უფლებები საქართველო“ განაგრძობს.

ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანად კვლავ ადამიანის უფლებათა დაცვა რჩება. ამ მიზნით, „უფლებები საქართველო“ განაგრძობს უფასო სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევას, განახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოებას, აქტიურად იქნება ჩართული სამართალშემოქმედებით პროცესებში, რამაც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია და უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს.

„ახალი სახელის საჯაროდ გაცხადებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, თუმცა კოვიდ-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომრეობის გამოცხადების გამო, დაგეგმილი პრეზენტაციის გაუქმება მოგვიწია. „უფლებები საქართველო“ მოდის მეტი მრავალფეროვნებით, განახლებული გუნდით, ენთუზიაზმით, მოტივაციით და პირობით, რომ ვიქნებით მხოლოდ იქ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ და ავიწროებენ“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლადო მკერვალიშვილი. 

23 წლის განმავლობაში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ორგანიზაციამ შეძლო, ყოფილიყო საქართველოდან პირველი, რომელმაც საქმე მოიგო ევროსასამართლოს და გაეროს CEDAW-ს კომიტეტში; დაეცვა ადამიანები ოკუპირებული აფხაზეთის „დრანდის“ ციხეში; 2008 წელს, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ომში ეგროვებინა მტკიცებულებები და რუსეთის წინააღმდეგ 400-ზე მეტი მოსარჩელის საქმე წარედგინა საერთაშორისო სასამართლოებში; დახმარებოდა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, მოემზადებინა არა ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, საკონსტიტუციო სარჩელი, დაემკვიდრებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი პრეცედენტები და  ევროპული სტანდარტები ქვეყანაში. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ რებრენდინგის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პირის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, რომლებიც მოქალაქეს სასამართლოში მიმართვის და დამცველის ყოლის უფლებას ანიჭებდა, 42-ე მუხლიდან 31-ე მუხლში გადაინაცვლა. 

ორგანიზაციის რებრენდინგი USAID / HICD 2020 პროექტის მხარდაჭერით და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ მონაწილეობით განხორციელდა. 
 
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს ავღანეთიდან ჩამოსულ ეთნიკურ ჰაზარებს, ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს, რომლებიც 2020 წლის 20 მარტს რასობრივი მოტივით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალდნენ.  

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, 2020 წლის 20 მარტს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, კლინიკა „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებაზე, ტაქსის მძღოლმა და უცნობმა პირებმა მათ მრავლობითი დაზიანება მიაყენეს და საპატრულო პოლიციის გამოძახების გამო მიიმალნენ.

როგორც საქმიდან ირკვევა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს, შელაპარაკება მოუვიდათ ტაქსის მძღოლთან, რომელიც მათგან ითხოვდა დაწერილი ტარიფისგან (3 ლარი და 50 თეთრი) განსხვავებით, მეტი ოდენობის თანხის გადახდას (10 ლარი), რის საფუძვლადაც ტაქსის მძღოლმა მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა დაასახელა.  ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, მათ უარი განაცხადეს 10 ლარის გადახდაზე, რის გამოც ტაქსის მძღოლმა დაიწყო ყვირილი და ჩხუბი. ამ დროს გამვლელებმა გადაწყვიტეს მძღოლის დახმარება, რადგან ჩათვალეს, რომ ქართველს ჩაგრავდნენ.

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, უცნობმა პირებმა მათ სცემეს  წარმომავლობისა და გარეგნობის გამო. როგორც ისინი ამბობენ, ჩინელებს მიამსგავსეს და მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესია სწორედ გარეგნობამ გამოიწვია. ,,ჩინელი“ და ,,კორონა“ - ეს ის სიტყვებია, რომელიც ინციდენტის შედეგად დაშავებულმა ავღანელმა მოქალაქეებმა გაიგეს.

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს მიყენებული აქვთ არაერთი დაზიანება.  ს.ი.-ს მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში (სავარაუდოდ დანით მიყენებული). მომხდარის შემდეგ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.  ს.ი.-ს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა რასობრივი ნიშნით მოტივირებული დანაშაულის კუთხით მსვლელობა საქმეს ჯერ არ მისცემია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ცემისა ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოითხოვს, რომ გამოძიება საქმეზე სრულყოფილად წარიმართოს, ნაცემი პირები დაზარალებულებად იქნან ცნობილნი და საქმეს რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დაიცავს ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სამსახურიდან კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
 
“42-ე მუხლს” იურიდიული კონსულტაციისთვის სარეკლამო კომპანიის სამმა თანამშრომელმა მიმართა. ისინი წლების წინ კომპანია “ჯეოსელის” სარეკლამო დეპარტამენტში მუშაობდნენ, შემდეგ კი კომპანია “ვესტაში” გადაიყვანეს, სადაც, ორი წლის განმავლობაში, კვლავ “ჯეოსელის” დაკვეთებზე მუშაობას განაგრძობდნენ. 
 
2020 წლის 16 მარტს, სარეკლამო სააგენტომ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ არ მიუღიათ არც გათავისუფლების შესახებ ბრძანება და არც კომპენსაცია. მხოლოდ სიტყვიერად განუმარტეს, რომ კომპანიას მათთვის ხელფასის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა. სარეკლამო სააგენტო გათავისუფლებულ თანამშრომლებს დარჩენილი თვის ხელფასის ჩარიცხვას დაპირდა, თუმცა ეს დაპირებაც არ შეუსრულებია. 
 
სამსახურიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს “42-ე მუხლის” იურისტი ანა თვარაძე იცავს. 
 
COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მზად არის, შრომითი ურთიერთობების საკითხზე იურიდიული კონსულტაცია და დახმარება ნებისმიერ პირს გაუწიოს. 
 
პლატფორმა „არა-ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. მოვუწოდებთ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში.
 
საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცახადა, მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუდგინდა   ახალი კორონა ვირუსი - COVID 19. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის შემდგომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები  ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.
 
ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება  კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და  საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა.   სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ:
 
  • მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;
  • პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;
  • სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად. 
 
მედიი განვითარების ფონდი (MDF)
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
 
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
 
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
 
საფარი
 
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
თბილისი პრაიდი
 
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
 
მსოფლიოში და საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში რიგი შეზღუდვები დააწესა, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ფუნქციონირება და ზოგიერთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დროებით შეწყდა. ასობით მოქალაქე რჩება კარანტინში და სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ კარანტინის პირობების შესრულებას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული ზომები არასაკმარისია და რომ მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მარტს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას”.

კონსტიტუციის 71- მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მის ამოქმედებას მართლაც უძღოდეს ობიექტური წინაპირობა, ხოლო მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა უფლებების დათმობა მოუწევთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში

ვინც ითხოვს ამ მდომარეობის გამოცხადებას, მინდა ვუთხრა, რომ რაიმე კარგი და ჯადოსნური არ მოხდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან”, - ამბობს კონსტიტუციის 42- მუხლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

კერძოდ, პრეზიდენტი იქნება უფლებამოსილი, თავისი დეკრეტით შეზღუდოს შემდეგი უფლებები: ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.

არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ეპიდემიის გამო, კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ნორმალურად ვერ ახორციელებენ. საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა გამოცხადდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციის გართულებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საჭიროება დადგა, ხელისუფლებამ ადამიანის მთელი რიგი უფლებების შეზღუდვა კონსტიტუციური საფუძვლით მოახდინოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს. მისივე თქმით, საგანგებო მგდომარეობის გამოსაცხადებად საჭირო პირობა ჯერჯერობით არ არის და, ალბათ, მომავალშიც არ დადგება, თუ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასრულებს რეკომენდაციას თვითიზოლაციის შესახებ, პოლიცია კი საკმაოდ კარგად უმკლავდება კარანტინის პირობების დამრღვევ პირებს

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დაიცავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომლებსაც დამსაქმებელი სამსახურში გამოცხადებას და მუშაობას აიძულებს.  

გვსურს შევახსენოთ მოქალაქეებს, რომ შრომითი კანონმდებლობის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი. გარდა ამისა, დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

“კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამოთქამს მზადყოფნას, დაიცვას თვითიზოლაციაში მყოფი პირების შრომითი უფლებები, გაუწიოს მათ სამართლებრივი კონსულტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, საადვოკატო მომსახურება დამსაქმებელთან შრომით დავაში. 

იურიდიული დახმარებისათვის დაგვიკავშირდით:

ტელ: 593 111 405

ელ-ფოსტა: office@article42.ge

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00