სიახლეები
ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. 

„უფლებები საქართველო“ სასამართლოში თსუ-ს იმ ლექტორების ინტერესებს იცავს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო, უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის უფლებას არ აძლევენ. 

მოსარჩელე ლექტორები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდნენ. 
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორებს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მათ ვერ შეძლეს აკადემიური თანამდებობების დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მათთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა. 

თსუ-ს წინააღმდეგ მომზადებული სარჩელები გამყარებულია სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციით, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველმა თსუ-ს მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ლექტორების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. 

„უფლებები საქართველო“ მოითხოვს, სასამართლომ არა მხოლოდ დაადგინოს ლექტორების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, არამედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დააკისროს ლექტორებისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

 
ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის მოსალოდნელ პროცესს და მთავრობას დემოკრატიულ კონსულტაციებზე დაფუძნებული პროცესის შექმნისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინსტიტუციური და პოლიტიკური გაძლიერებისკენ მოვუწოდებთ.

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოზიციას ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამ დრომდე მთავრობას საზოგადოებისთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრის მანდატი მოიცავს ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებას:  კონფლიქტების მოგვარება, ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკა; და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნისთვის ამ პოლიტიკის მნიშვნელობისა და სიმწვავის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სათანადო კვალიფიკაციის, ხანგრძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილების პირი უნდა იყოს, ვისაც ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მშვიდობის რწმენა და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს.

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა და მისი რიტორიკა არსებითად მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დისკურსს ეფუძნებოდა, თუმცა სახელმწიფო მინისტრისა და მისი აპარატის გავლენები რეალურ პოლიტიკაზე იყო სუსტი და საერთაშორისო და დიპლომატიურ დონეებზე მოჩვენებითი პროგრესის ჩვენებას უფრო ჰგავდა. 

ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, აპარატის საქმიანობა არსებითად 2015 წელს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ჩარჩოში ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი არსებითად შეესაბამება ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების სფეროში საერთაშორისო სამართლებრივ მიდგომებს, მისი შინაარსი და შესრულების ანგარიშები აჩვენებს, რომ ამ დოკუმენტებს უფრო ფორმალისტური მნიშვნელობა აქვს, რეალური თანასწორობის მხარდამჭერ მექანიზმებსა და პოლიტიკას ის არ იცნობს და ბოლო წლებში ინტეგრაციის პოლიტიკაში არსებითი პოზიტიური გარღვევა არ გვაქვს. ეთნიკური უმცირესობების წინაშე კვლავ პრობლემურად დგას სუსტი პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, საჯარო სამსახურში დაბალი დასაქმება, აშკარად უხარისხო და უთანასწორო  განათლება, სერვისებზე და სოციალურ სიკეთეებზე ნაკლები წვდომა, რეგიონებში კულტურული დომინაციის პრაქტიკა, თანასწორობისა და სოლიდარობის სუსტი პოლიტიკური რიტორიკა. კვლავ აშკარაა, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში უსაფრთხოების პერსპექტივა და შესაბამისი სამსახურების გავლენები დომინირებს, რაც თანასწორი, სოლიდარული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას არსებითად შეუძლებელს ხდის. 

სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის. უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ დაბალია, არ არსებობს არც ერთი პოზიტიური მექანიზმი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რომელიც ამ მონაწილეობას წაახალისებდა და მხარს დაუჭერდა. ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული პრაქტიკიდან უმცირესობების ენის განდევნის პრაქტიკა (ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში) ადგილობრივ თემს თვითმმართველობის ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობებს რეალურად ართმევს. ამასთან, არ არსებობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მექანიზმები, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისთვის გავლენის მოხდენის პლატფორმა იქნებოდა.

სისტემური პრობლემები რჩება სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგიის სხვა მიმართულებებშიც. ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას კვლავ ხელს უშლის არაკოორდინირებული და არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. თავის მხრივ, განათლების სისტემის ჩავარდნა უმცირესობების გარიყულობას და სოციალურ მოწყვლადობას აღრმავებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გარიყვა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ შეხედულებებს უმცირესობათა თემების მიმართ. ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო, მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვასთან კავშირში გამოვლენილი შოვინისტური ტალღა არ გამხდარა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მკაცრი რეაგირებისა და ადგილობრივ თემთან საგანგებო კომუნიკაციის საგანი. ბოლო კვირებში მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან და ადგილობრივი ეპარქიის განცხადებებთან დაკავშირებით შექმნილ კულტურულ დაძაბულობას სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ვერ უპასუხა და, საბოლოოდ, ეს საკითხი ისევ მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირების საგანი გახდა. პანკისის ხეობაში წარმოებულ პოლიტიკაში ასევე თვალშისაცემია სახელმწიფო მინისტრის აპარატის სუსტი გავლენები.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ადგილობრივ თემებში მიმდინარე უნიკალურ დემოკრატიულ პროცესებს მთავრობა და რელევანტური სახელმწიფო ინსტიტუტები არ ამჩნევენ, არ აღიარებენ და აშკარა ხდება, მეტწილად, უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებულ რეალურ პოლიტიკასა და ადგილობრივი აქტივისტების დემოკრატიულ პოლიტიკურ რწმენასა და ინკლუზიური მოქალაქეობის იდეალებს შორის აშკარა აცდენა.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ინტეგრაციის პოლიტიკას ორმაგობა ახასიათებს და ის რაც იკითხება სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სახელმწიფო მინისტრის რიტორიკაში, რეალური პოლიტიკის ნაწილი, სამწუხაროდ, არ არის. ამის ერთ-ერთ მიზეზად უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში უსაფრთხოების პერსპექტივისა და შესაბამისი უწყებების ჭარბი ინტერვენცია უნდა დასახელდეს.  

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატის მეორე ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვან თემას უკავშირდება. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, 2012 წლიდან სახელმწიფოს პოლიტიკაში „არაღიარების“ მიდგომებთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარების მიმართულება უფრო ძლიერდება. ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ამ პოლიტიკას ხელშესახები შედეგები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და იქ მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის კუთხით არ მოჰყოლია. არ ჩანს რაიმე გაუმჯობესება მოლაპარაკებების და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ამუშავების კუთხით. ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ახალგორის რეგიონისთვის, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის, იზოლაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამოცდილების წინაშე დადგა. კვლავ მძიმეა ვითარება გალის რაიონში და ადგილობრივი უსაფრთხოების ყოველდღიური საფრთხის წინაშე დგანან. აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ ჩვენი პოზიციებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პერსპექტივები ბუნდოვანია. სამწუხაროდ, კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით მიმდინარე პოლიტიკა გაუმჭვირვალე და ნაკლებად საჯაროა.

წლების განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი მკვეთრად დაბალია და მას მაკოორდინირებელი როლის მიღმა, დამოუკიდებელი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევს, რაც ცხადია, რესურსების მიღმა არსებითად პოლიტიკური ნების პრობლემაა. პრობლემურად დგას აღნიშნული უწყების მანდატიდან რელიგიის თავისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების სრული გამოტანა (ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში რელიგიური ფაქტორის მნიშვნელობისა და გავლენების მიუხედავად) და ამ მიმართულების სრულად უპასუხისმგებლო, არაეფექტიანი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო უწყებისთვის - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის გადაცემა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებითია
  • ახალი სახელმწიფო მინისტრის შერჩევა სახალხო დამცველთან მოქმედი ეთნიკური უმცირესობების საბჭოსთან, ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციებთან და აქტივისტებთან, ასევე ამ სფეროში მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დემოკრატიული კონსულტაციებით მოხდეს; 
  • მთავრობამ გაიაზროს ინტეგრაციის პოლიტიკისა და შერიგების პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, სამართლიანობისა და დემოკრატიული პრინციპებით რეალური წარმართვის მნიშვნელობა და ინსტიტუციურად, ფინანსურად და პოლიტიკურად გააძლიეროს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
  • მთავრობამ და პარლამენტმა გაიაზროს ინტეგრაციის არსებული პოლიტიკის სისუსტეები და ხარვეზები და რადიკალურად პოზიტიური ზომები მიიღოს ეთნიკური უმცირესობებისთვის რეალურად თანასწორი, ინკლუზიური და სამართლიანი პოლიტიკის შესაქმნელად.
  • მთავრობამ და პარლამენტმა უზრუნველყონ ეთნიკურ უმცირესობებთან რეგულარული და ინსტიტუციონალიზებული დიალოგის ფორმატების შექმნა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
პლატფორმა სალამი 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 
თანასწორობის მოძრაობა
უფლებები საქართველო 
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
 
 
 
 
 
 

2020 წლის მაისიდან, “უფლებები საქართველო” ახორციელებს პროექტს “ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი“. პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

პროექტის მიზანია, ერთის მხრივ, გამოვლინდეს ის პრობლემები რასაც სასამართლოს მომხმარებლები აწყდებიან სასამართლო სერვისებით სარგებლობისას საგანგებო ვითარების დროს, მეორეს მხრივ - განხორციელდეს სხდომების ელექტრონული წარმართვის მონიტორინგი და შემუშავდეს რეკომენდაციები დისტანციური სერვისების განხორციელების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ახორციელებს ელექტრონულ სხდომებზე დაკვირვებას და მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული სუბიექტების გამოკითხვას აღნიშნული პრობლემების შესწავლისათვის. 

მოხარულნი ვართ, გამოვაქვეყნოთ პროექტის პირველადი ანგარიში, რომელიც მოიცავს პირვალად მიგნებებს, მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოებისას გამოვლენილ პრობლემებს, ასევე რეკომენდაციებს სასამართლოების ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

ჩამოტვირთეთ ანგარიში

 
29 მაისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“, „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია - „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საქართველოში - პრობლემები და შესაძლო გადაჭრის გზები“.

კონფერენციას დაესწრნენ ადვოკატები, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, ასევე აკადემიური სფეროს, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონფერენცია გახსნეს „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.
2019 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, თითქმის 6-თვიანი შერჩევის პროცედურის შედეგად, უზენაეს სასამართლოში 14 ახალი მოსამართლე უვადოდ გაამწესა. აღნიშნულმა პროცესმა, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იყო ქვეყნის ისტორიაში, ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის არაერთგვსაროვანი შეფასებები გამოიწვია. 

კანდიდატებთან გამართულმა საჯარო გასაუბრებებმა კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა სასამართლოში არსებული ის პრობლემები, რაზეც იურისტთა პროფესიული საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიუთითებდა. კონფერენციაზე განიხილეს როგორც მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარვეზები და შერჩევის შედეგები, ისე ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციას ჰყავდა რამდენიმე სპიკერი: სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე; „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, კახა წიქარიშვილმა მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხედვები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სანდოობის კუთხით; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა გვანცა წულუკიძემ კი კონფერენციის მონაწილეებს გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სამართლებრივი ხედვები.

სპიკერების პრეზენტაციების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და წარმოედგინათ თავიანთი კომენტარები, მოსაზრებები და რეკომენდაციები. 
 
2020 წლის 28 მაისს გამართულ საერთო კრებაზე, ორგანიზაციის წევრებმა, გამგეობის წევრებად, ორი წლის ვადით, მარიამ გოგოსაშვილი და ნანა მჭედლიძე აირჩიეს. 

მარიამ გოგოსაშვილი 2019 წელის მარტიდან “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორია. 

2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მარტამდე იგი მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მანამდე, 2012-2013 წლებში, ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით.

იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.

---

ნანა მჭედლიძე საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტია. მას საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის 20 წელზე მეტი გამოცდილებას აქვს. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

ნანა  “უფლებები საქართველოს” გუნდს 2020 წლის იანვარში შემოუერთდა. 

მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხები გაერთიანებული სამეფოს ვორვიკის უნივერსიტეტსა (2005-2006) და ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში (2007-2008). ასევე მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნის სპეციალობით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1994-1999). სწავლობდა გაერთიანებული სამეფოს ბირმინგემის უნივერსიტეტში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამაში და იმავე პროგრამის ფარგლებში, გაიარა სტაჟირება ლონდონში, ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში, Aire Centre (2002). 2009 წლიდან, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის მიწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და 2015 წლიდან, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. 
17 მაისი (IDAHOT) ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებისა და მანისფესტაციის დღედ იქცა და წლიდან წლამდე სახელმწიფო ჰომოფობიის მანიფესტირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. 2020 წელს კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების ყოვედღიური ყოფის სიმძიმე და სახელმწიფოს მხრიდან თემის წევრების რეალური საჭიროებების უგულებელყოფა.
 
17 მაისის საჯარო სივრცეში აღნიშვნის მცდელობები აჩვენებს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობასთან ერთად, საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი აქტივისტებს, სათემო ოეგანიზაციებსა თუ მხარდამჭერებს არ ეძლევათ საშუალება თემის წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მიაპყრონ საზოგადოების ყურადღება. ამის მიზეზი პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურებაა, რომლებიც თავის მხრივ, მხარდაჭერილია სახელისუფლებო ორგანოების თუ საპატრიარქოს მხრიდან.
 
IDAHOT-ის მოახლოებას სხვადასხვა წლებში თან სდევდა ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილის ენა, რომელიც სამთავრობო თუ საპარლამენტო ტრიბუნებიდან ისმოდა. გარდა ამისა, ცალკეული მედია საშუალებების მიერ მომზადებული პროდუქტები პირდაპირ ახალისებდნენ სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციას და ხელს უწყობდნენ ლგბტქი ადამიანების მიმართ საზოგადოებაში ისედაც მყარად ფესვგადმული სტიგმის გაძლიერებას.
 
17 მაისი სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტქი თემის საჯარო სივრცეში შეკრებასა და მანიფესტაციასთან ერთად, თემის წინაშე არსებული სხვადასხვა საჭიროებების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გასავრცელებლად არის მონიშნული. საქართველოში ლგბტქი სათემო და თემთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები წლიდან წლამდე ცდილობდნენ 17 მაისისთვის შეეძინათ მეტი შინაარსი და ეს დღე ექციათ თემის წინაშე არსებული გამოწვევების საილუსტრაციო დღედ. თუმცაღა მთელი რიგი წინააღმდეგობის პირობებში, ეს ვერ მოხერხდა და IDAHOT რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ჰომოფობიის მენიფესტაციის დღედ.
 
2020 წლის 1 მაისს, კოალიცია უკვე გამოეხმაურა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილ ლგბტქი თემის საჭიროებებს და მოუწოდა სახელმწიფოს, რომ „დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც სისტემურად უპასუხებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევებს და მიმართული იქნება გაძლიერებისა და თანასწორობისკენ, როგორც პოსტ-კრიზისის პერიოდში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში“.[1]
 
ლგბტქი თემის წინაშე არსებული მთელი რიგი გამოწვევები, მათ შორის დისკრიმინაციის კონკრეტულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის მიმართვიანობის შემთხვევების სიმცირე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთათვის დაცვისა და დახმარების სერვისების არარსებობა, ოჯახში ძალადობისა და ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები, სამოქალაქო პარტნიორობისა და გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო დონეზე დაურეგულირებლობა, ტრანსი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების უგულებელყოფა, განათლების სისტემაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების არარსებობა სრულიად უგულებელყოფილია სახელმწიფოს მხრიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმაში (2018-2020 წლები)[2] ზემოაღნიშნული საკითხები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. 2020 წელს დამტკიცდა გეგმის მე-15 თავი, რომელიც არ პასუხობს თემის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს.
 
 
 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს სახელმწიფოს:
 
  • უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საკითხების ინტეგრირება ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტში და გაატაროს ერთიანი პოლიტიკა ლგბტქი ადამიანების თანასწორობის უფლების რეალიზაციის მიმართულებით;
  • ლგბტქი აქტივისტებთან, სათემო თუ მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავოს ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია და განახორციელოს მთელი რიგი ამოცანები ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, ძალადობისგან და დისკრიმინაციისგან დაცვის, საჯარო სივრცეში თავისუფლებად შეკრების და სხვა მიმართულებით.
[1] http://equalitycoalition.ge/article/50
 
[2] https://matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=1
“უფლებები საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარემ, კახა წიქარიშვილმა, და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, დღეს “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წევრ ორგანიზაციებს სამი ახალი პროექტი გააცნეს, რომელთა განხორციელებასაც ორგანიზაცია აპრილის თვეში შეუდგა. შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. 
 
სამივე პროექტი სასამართლო სისტემის მონიტორინგს ეხება. აქედან ორი პროექტი - USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, ერთი კი “ღია საზოგადოების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება . 
 
USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებიდან, ერთი მიზნად ისახავს საქართველოს სასამართლოების საქმიანობაზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასებას, ხოლო მეორე - სასამართლო სისტემის დისციპლინური ორგანოების - დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო პალატის საქმიანობის შესწავლას.
 
“ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი კი მიზნად ისახავს: მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას; საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ; ასევე, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებას  და სასამართლო სისტემის ეფექტიანად ადმინისტრირების ხელშეწყობას.
 
სამი ახალი პროექტის ინიცირება მოხდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის თებერვალში “უფლებები საქართველომ”, USAID/HICD 2020-ის მხარდაჭერით, სრული რებრენდინგი განახორციელა, რამაც ორგანიზაციის განვითარებას ახალი იმპულსი შესძინა. ორგანიზაცია მანამდე 23 წლის განმავლობაში “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”  სახელით წარმატებით ფუნქციონირებდა. 
 
ააიპ "უფლებები საქართველო" (ყოფილი "კონსტიტუციის 42-ე მუხლი") აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

პროექტის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. პროექტი ხორციელდება ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით.

სამუშაოს დაწყების დრო: 18 მაისი, 2020
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული)

მოვალეობები:

** პროექტის მართვა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
** პროექტის გუნდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელების ზედამხედველობა;
** პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება;
** შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და სამართლებრივი მოსაზრებების/დასკვნების მომზადება;
** პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
** მედიასთან კომუნიკაცია და შესაბამის აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
** პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
** ორგანიზაციის საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება და ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება; (მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში ჩაითვლება უპირატესობად);
** სამართლის ან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება;
** ​სამართალწარმობის გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ენების ცოდნა: ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (მინიმუმ C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად.

​უნარ-ჩვევები:

** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და კვლევის უნარები;
** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ა/წ 13 მაისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vladimermkervalishvili@gmail.com უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** CV (ინგლისურ და ქართულ ენაზე);
** სამოტივაციო წერილი
** არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
** ორი რეკომენდატორის მონაცემები

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად). ინგლისური ენის კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით, შესაძლოა კანდიდატმა დამატებით გაიაროს ტესტირება.

კანდიდატი შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი 2 თვიანი ვადით;

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.
„უფლებები საქართველო“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას. პროექტი მიზნად ისახავს: 

  • მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას;
  • საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ;
  • მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებას  და სასამართლო სისტემის ეფექტიანად ადმინისტრირების ხელშეწყობას. 
პროექტის განხორციელება 2020 წლის აპრილში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება. 
 
საქართველოს ხელისუფლებამ Covid - 19 (კორონავირუსის) ეპიდემიასთან გამკლავების მიზნით 2020 წლის 21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა 21 მაისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულმა გაადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაამძიმა საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა, რომელთაც სოციალური დისტანცირების საშუალება არ აქვთ და საკარანტინე პირობებში ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე უწევთ არსებობა.

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოაქვეყნებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ[1] სახელმწიფოს დახმარების მიღმა ბევრი ისეთი ჯგუფი დატოვა, რომლებზეც კრიზისმა და მასთან გამკლავების გზად არჩეულმა სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის სტრატეგიამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა: თვითდასაქმებული და პრეკარიატულ შრომაში ჩართული ადამიანები - მეტწილად ქალები (მათ შორის, ძიძები, დამლაგებლები, მომვლელები), მარტოხელა დედები, უსახლკარო ადამიანები, სექს-სამუშაოში ჩართული ქალები და სხვა.

სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მიუხედავად, ანტიკრიზისულ გეგმაში არც ლგბტქი ადამიანების საჭიროებებია გათვალისწინებული. მოცემულ მდგომარეობაში, შემოსავლის და სამუშაოს გარეშე დარჩენილ ქვიარ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრთა მხარდაჭერით ან საზოგადოების სოლიდარობით ვერ სარგებლობს, ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ[2]. მათი გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის ქირის სუბსიდირება და ალტერნატიული საცხოვრისით ან თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩა. კრიზისის დაძლევის პროცესში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეაგირება სათემო ორგანიზაციების მოთხოვნებზე ფრაგმენტულია და პროაქტიულად არ პასუხობს დღის წესრიგში მდგარ კომპლექსურ გამოწვევებს.
 
სახელმწიფოს მიერ უშუალოდ სათემო ორგანიზაციებისთვის გადაცემული რამდენიმე ათეული ყუთი საკვებისა და პირადი ჰიგიენის პაკეტით, რომელიც პირველივე დღეებში საჭიროებების შესაბამისად დარიგდა ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების ჯგუფებში, ერთჯერადი ჰუმანიტარული დახმარების აქტია და შეუძლებელია ეს ლგბტქი თემის ზოგად თუ ამჟამინდელ კრიზისულ საჭიროებებზე ადექვატურ პასუხად ჩაითვალოს.
 
სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ ეს საჭიროებები კომპლექსურია და გაითვალისწინოს, რომ ბევრი ქვიარ ადამიანი, რომელსაც პანდემიის პირობებში საცხოვრისის პრობლემა დაუდგა, ხშირად ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან ოჯახიდან სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო მოკვეთილი და დევნილია. მათ გაწყვეტილი აქვთ კავშირი ოჯახის წევრებთან და შესაბამისად, მათი დაბრუნება ოჯახში სარისკო და შეუძლებელია. სტრუქტურული და სისტემური ჰომო/ბო/ტრანსფობია, რომელიც ამგვარ განწყობებს სოციალურადაც აწარმოებს, სახელმწიფოს მხრიდან მრავალი წელია გამოხატულია პოლიტიკური ნების უქონლობაში, შეცვალოს ქვიარ ადამიანებისადმი დამოკიდებულების მძიმე მემკვიდრეობა, და შექმნას სოგი-ს ნიშნით დისკრიმინაციისა და მასთან გადაჯაჭვული ეკონომიკური, შრომითი, ჯანდაცვითი უთანასწორობის აღმოფხვრისკენ მიმართული, პროგრესული სოციალური პოლიტიკის პროექტი.
 
საქართველოს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკა ჰომოფობიას და ტრანსფობიას, ისევე, როგორც გენდერულ უთანასწორობას, დღემდე არ იაზრებს სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემად, რის გამოც ჰომოფობიის წარმოჩენა ხდება მხოლოდ ინდივიდუალურ საკითხად, და შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ჰომოფობიასთან ბრძოლის წინააღმდეგ დასახულ მთავარ სტრატეგიად კვლავ მის ინდივიდუალურ გამოვლინებებზე შერჩევითი სადამსჯელო პასუხი რჩება[3], ხოლო გენდერული თანასწორობის, გენდერის სამართლებრივი აღიარების საკითხი, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შემცირებაზე მიმართული პროაქტიული ინიციატივები, ფართო საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, ისევ რჩება სამთავრობო სამოქმედო გეგმებს მიღმა.
 
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოს:
 
  • გაითვალისწინოს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსი ქალების და ქვიარ ადამიანების საჭიროებები, ვინც კრიზისის გამო, ორმაგი, სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრის მსხვერპლია, გამოწვეული საცხოვრისის დაკარგვის რისკით, ისევე, როგორც სისტემური ჰომო/ბი/ტრანსფობიური ძალადობით და ბულინგით, და უზრუნველყოს მათთვის ქირის სუბსიდირება, თავშესაფარი ან ალტერნატიული საცხოვრისის მობილიზება.
  • გაატაროს დამატებითი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება იმ მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე (მათ შორის ლგბტქი ადამიანებისთვის), ვისი საჭიროებებიც არ აისახა ანტიკრიზისულ სამთავრობო გეგმაში;
  • ღიად გამოხატოს თემის წევრთა მხარდაჭერა, განსაკუთრებით, იმ მოცემულობაში, როცა თემის წევრებს ვირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის ფონზე, ორმაგი სირთულით უწევთ ჰომო/ბი/ტრანსფობიურ გარემოში ამ პერიოდის გავლა.
  • დაიწყოს გამჭვირვალე პროცესი ინკლუზიური სოციალური პოლიტიკის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც სისტემურად უპასუხებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევებს და მიმართული იქნება გაძლიერებისა და თანასწორობისკენ, როგორც პოსტ-კრიზისის პერიოდში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
 
[1]http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75972
 
[2]http://shorturl.at/nrHL0
 
[3] http://shorturl.at/lGIMT