სამოქალაქო საზოგადოების განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
17.07.2018
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვუერთდებით მართლმსაჯულების საერთაშორისო დღისა და რომის სტატუტის მეოცე წლისთავის აღნიშვნას. ამავდროულად, გამოვხატავთ სოლიდარობას 2008 წლის კონფლიქტის დროს დაზარალებულ პირთა მიმართ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ათასობით დევნილი პირი ცხოვრობს მძიმე პირობებსა და მუდმივ შიშში. ომის დროს უშუალოდ დაზარალებული პირები, მათ შორის, დაღუპულ პირთა ოჯახის წევრები კარგავენ სამართლიანობის აღდგენის იმედს.

გვსურს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ახალ ხელმძღვანელობას და დაზარალებულთა ნდობის ფონდს გავუზიაროთ 10 ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი აზრით, მიმდინარე პროცესს დაზარალებულებისა და მათი თემებისათვის მნიშვნელოვანს გახდის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2016 წლის იანვარში დაიწყო საქართველოს სიტუაციის გამოძიება, რამაც გააჩინა იმედის ნაპერწკალი. თუმცა, საზოგადოებაში, მათ შორის, დაზარალებულებსა და მათ თემებში, ასევე მედიაში, არსებობს დეტალური და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდების კრიტიკული საჭიროება. გამოძიებისა და სასამართლოს უფლებამოსილების შესახებ დღემდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურის ოფისს (OTP) ახლახანს დასდეს ბრალი ცალმხრივ გამოძიებაში, საქართველოს ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირების წინააღმდეგ. საზოგადოებაში მასობრივად ვრცელდება შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია გამოძიების შესახებ. ეს ხდება, დიდწილად, ადგილზე არსებული საინფორმაციო ვაკუუმის გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ვცდილობთ შევავსოთ ეს სივრცე, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ სასამართლოს ფუნქციებს ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განსაკუთრებით, იმ მდგომარეობაში, როდესაც მსხვერპლთა უფლებების დამცველი და სამართლიანობისთვის მებრძოლი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავად არიან ბრალდებებისა და შეტევის სამიზნე.

მართალია, მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადგილობრივი ოფისის გახსნას საქართველოში, მაგრამ, ვწუხვართ, რომ ოფისის შესაძლებლობები, განახორციელოს ეფექტური ცნობიერების ამაღლების აქტივობები და იმოქმედოს, როგორც სასამართლოს თვალსაჩინო წარმომადგენლობამ საქართველოში, შეზღუდულია სასამართლოს მხრიდან ფინანსური უზრუნველყოფის, ხოლო რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური, ნაკლებობით.

დადგა დრო, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, თუ რისი გაკეთება შეუძლია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოში. ჩვენ გვჯერა, რომ სასამართლოს აქტიური ჩართულობა ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო აქტივობებში უმნიშვნელოვანესია, პროცესის შესახებ ბუნდოვანების მოხსნისა და ძლიერი მხარდაჭერის მიღების მიზნით. თუმცა, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების გარეშე, ვშიშობთ, რომ ადგილობრივი ოფისი და სასამართლოს აქტივობები საქართველოში ვერ მიაღწევს ზემოაღნიშნულ შედეგს.

მოვუწოდებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ეფექტურად განახორციელოს საკუთარი მანდატი:
განავითაროს სრულფასოვანი სტრატეგია საქართველოში მის ჩართულობასთან დაკავშირებით, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ მის თითოეულ ორგანოს ჰქონდეს ხედვა, თუ როგორ დაძლიოს არსებული გამოწვევები და უზრუნველყოს სასამართლოს მანდატის ეფექტური იმპლემენტაცია დაზარალებულებისათვის სამართლიანობის უზრუნველყოფის კუთხით;
ჩამოაყალიბოს მრჩეველთა ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებიდან, სამართლებრივი, დიპლომატიური და აკადემიური წრეებიდან ადგილობრივი ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც დაეხმარებიან სასამართლოს საკუთარი ექსპერტიზით საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე აქტივობებთან დაკავშირებით;

პროკურორს:
მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასა და რელევანტურ აქტორებს გამოძიების პროგრესის შესახებ რეგულარულად;
საჯაროდ უპასუხოს პირდაპირ ბრალდებებს მიკერძოებულობის შესახებ, რათა უზრუნველყოს საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა;

რეგისტრს:
უზრუნველყოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსით, მათ შორის, კვალიფიციური ადგილობრივი კადრებით, რომლებიც საუბრობენ ადგილობრივ ენებზე, შეუძლიათ თემთან ურთიერთობა და ადგილობრივ დონეზე განვითარებულ სიახლეებზე აქტიური რეაგირება;
უზრუნველყოს დაზარალებულთა უფლებების სრული იმპლემენტაცია, მათ შორის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამართალწარმოებაში მონაწილეობისა და ადეკვატური წარმომადგენლობის კუთხით;
დანიშნოს მსხვერპლთა მონაწილეობისა და წარმომადგენლობის სექციიდან წარმომადგენელი ადგილობრივ ოფისში, რომელიც დაამყარებს დაზარალებულებთან კავშირს ადგილობრივ დონეზე;
უზრუნველყონ შესაძლებლობა ადგილობრივი იურისტებისათვის, ICC-ის ადვოკატთა სიაში შეყვანისათვის, მათ შორის, ტრენინგების და საინფორმაციო სესიების ადგილობრივ ენებზე ორგანიზების გზით.

ICC-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელს:
განახორციელოს ცნობიერების ამაღლების სრულფასოვანი სტრატეგია საქართველოში, ჩამოაყალიბოს რეგულარული და სპეციფიკური კომუნიკაციის ინსტრუმენტები სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან; უპასუხოს დეზინფორმაციასა და ყალბ ნიუსებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და საქართველოში სასამართლოს როლის შესახებ; ადგილობრივი და რეგიონალური განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სასამართლოს სათაო ოფისს.

ნდობის ფონდს:
სასწრაფოდ განახორციელოს 2017 წელს საქართველოში ვიზიტის შემდგომი ღონისძიებები, დანიშნოს წარმომადგენელი ადგილობრივ დონეზე და განახორციელოს მხარდაჭერის მანდატის პროგრამები, რათა პასუხი გაეცეს იმ ზიანს, რაც მსხვერპლებსა და მათ ოჯახებს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად მიადგათ.


ხელმომწერი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
„საერთაშორისო სამართლიანობა“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი