კონსტიტუციის 42-ე მუხლი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანება ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მომხდართან დაკავშირებით მეტ კითხვებს აჩენს, ვიდრე პასუხებს გვთავაზობს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა განცხადებაში დასახელებული 8 პირი, რომელთაც სავარაუდოდ კლუბების ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზაციას ედავებიან, სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს, ხოლო უშუალოდ სპეცოპერაციის დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული არავინ არ ყოფილა. შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ დანაშაულის იდენტიფიცირების მიზნით, არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს თვეების განმავლობაში, მათ შორის საკონტროლო შესყიდვები; ამ ინფორმაციის ფონზე დამატებითი კითხვები ჩნდება, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენდა მსგავსი მრავალრიცხოვანი საპოლიციო ძალის მობილიზება და ხშირ შემთხვევაში, მშვიდობიან მოქალაქეებთან ძალადობრივი ფორმით გასწორება.

ნარკორეალიზატორების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყო მკაცრი და შეუწყნარებელი, თუმცა, ჩატარებული სპეცოპერაციის ფორმა, მეთოდები და კლუბში გასართობად მისული ადამიანების შენობებიდან ძალით გამოდევნა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცდება, პოლიციის მხრიდან კანონიერ მოქმედებებს.

ამასთან, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკის ლიბერალიზაციის და შესაბამისი საკანონმდებლო და სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებების დაჩქარების აუცილებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლის გააკეთოს განცხადება საზოგადოებაში უკვე გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა აუცილებლობას წარმოადგენდა ამ ფორმით და მეთოდებით სპეცოპერაციის ჩატარება; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კი უნდა გამოიძიოს პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე სავარაუდო უკანონო დაკავების ფაქტები.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი მომართვის შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველას, ვინც სპეცოპერაციისა და შემდგომ, სპონტანურად გამართული აქციის პირობებში გახდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან/და ვერბალური შეურაცხყოფის ან უკანონო დაკავების მსხვერპლი.

12.05.2018