„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადება მინდელის შახტაში მომხდარ შემთხვევაზე
10.04.2018

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უსამძიმრებს 5 აპრილს, ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაღუპულთა ოჯახებს.

შრომის უსაფრთხო პირობები ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ რიგი საწარმოები იღებენ გარკვეულ ზომებს უსაფრთხო სამუშაო პირობების შესაქმნელად, მძიმე და მავნე პირობებიან სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი არ მცირდება. ამის მაგალითია სწორედ ტყიბულში, 5 აპრილს მომხდარი შემთხვევა, სადაც კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, არაერთი ზომა მიიღეს, მათ შორის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის, გასამაგრებელი სამუშაოების თუ ტექნიკის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რასაც შრომისათვის უკეთესი გარემო უნდა შეექმნა; თუმცა, მსგავსი მასშტაბის, მძიმე შედეგის თავიდან აცილება ვერ მოხდა.

ეს გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ განსაკუთრებით მსგავს, საშიშპირობებიანი დასაქმების ადგილების მუდმივი შემოწმება და ყველა დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობის წინმსწრებად შეფასებაა აუცილებელი, რათა მსგავსი შემთხვევევის პრევენცია მოხდეს. ამასთან, არ არის საკმარისი ამგვარი შემოწმება მხოლოდ კომპანიის მიერ ტარდებოდეს, არამედ აუცილებელია დამოუკიდებელი, შრომის ინსპექციის თანამშრომლები ამ ობიექტებს ამოწმებდნენ პრევენციულად; ამასთან, აუცილებელია მსგავსი შემოწმება ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს, ხოლო გაცემული რეკომენდაციები კომპანიისთვის იყოს სავალდებულოდ შესასრულებელი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება მართალია არის წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა, რჩება მთელი რიგი საკითხები, რაც დამატებით გადახედვას საჭიროებს, ამ მექანიზმის ეფექტურობისათვის.

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, 5 აპრილს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მინდელის შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახშირის“ წარმომადგენლები, ისე რომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ექსპერტიზა, უკვე საუბრობენ შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე და მას სამთო დარტყმას უკავშირებენ, მაშინ როცა შრომის ინსპექტორები ჯერ საბოლოო შეფასებას მოვლენასთან დაკავშირებით ვერ აკეთებენ.

ამ პირობებში აუცილებელია, ყველა პასუხისმგებელმა სახელმწიფო უწყებამ ობიექტურად და სრულყოფილად შეისწავლოს 5 აპრილს მომხდარი შემთხვევის მიზეზები, კერძოდ:

1. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტიზა, მათ შორის უცხოელი ექსპერტების და დარგის აღიარებული სპეციალისტების ჩართულობით;

2. შრომის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყების მიერ შემოწმდეს, მინდელის შახტაში ხომ არ აქვს ადგილი „შრომის უსაფრთოების კანონით“ გათვალისწინებულ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კრიტიკულ შეუსაბამობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დასაქმებულთა სიცოცხლისათვის საშიში გარემო; ამგვარი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, შეჩერდეს სამუშაო პროცესი, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე, დასაქმებულთა ინტერესების დაცვისა და სოციალური გარანტიების შენარჩუნებით;

3. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებმა და შრომის ინსპექტორებმა პროაქტიულად გაასაჯაროონ ინფორმაცია მიმდინარე გამოძიების, შესწავლის შედეგებისა და ექსპერტიზის დასკვნების შესახებ;

4. კომპანია „საქნახშირმა“ უზრუნველყოს დაზარალებული ოჯახების დახმარება, მათ შორის მარჩენალდაკარგულთათვის სამართლიანი გრძელვადიანი ფინანსურის დახმარების სახით;

5. გადაიხედოს სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა იმგვარად, რომ შრომის უსაფრთხო პირობებზე ზედამხედველობა განხორციელდეს დამოუკიდებლად, ობიექტურად და სრულყოფილად.