„უფლებები საქართველომ“ უცხოელი მიგრანტების სამართლებრივი დაცვისა და გაძლიერების ახალი პროექტი დაიწყო
28.07.2020
„უფლებები საქართველომ“, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგრანტების სამართლებრივ დაცვასა და გაძლიერებას ემსახურება. 

პროექტის ფარგლებში, „უფლებები საქართველო“ შეისწავლის უცხოელი მიგრანტების უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და სერვისებში არსებულ ხარვეზებს, ასევე მოამზადებს რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.  გარდა ამისა, „უფლებები საქართველო“ მიგრანტებს უფასო სამართელებრივ კონსულტაციას და სასამართლოში წარმომადგენლობას გაუწევს,  ასევე იზრუნებს მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე. 

პროექტი ასევე ხელს შეუწყობს იმ პრობლემებთან გამკლავებას,  რომლებსაც საქართველოში მცხოვრები უცხოელი მიგტანტები COVID-19 პანდემიის პირობებში, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სერვისებით სარგებლობისას აწყდებიან.  მიგრანტთა წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა 2020 წლის აპრილში IOM-ის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის ფარგლებში, რომელშიც, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, „უფლებები საქართველოც“ იყო ჩართული.

„უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან იცავს საქართველოში მცხოვრები უცხოელების უფლებებს და ეხმარება მათ ლტოლვილის ან მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მოპოვებაში. ახალი პროექტი საშუალებას მისცემს ორგანიზაციას, მიგრანტებს  არა მხოლოდ  სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე დაეხმაროს, არამედ გაუწიოს საადვოკატო მომსახურება ჯანდაცვის, განათლების, შრომითი უფლებებისა და სხვა საკითხებზე. 
 
მიგრანტთა დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით „უფლებები საქართველოს“ მიერ დაწყებული პროექტი ხორციელდება IOM-ის სამწლიანი ინიციატივის - „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება  სომხეთში და საქართველოში EMERGE“ - ფარგლებში, რომელსაც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

დამატებითი ინფორმაცია:  georgia.iom.int/emerge