სიახლეები
თავშესაფრის მაძიებლებს ბანკებში ანგარიშის გახსნა გაუმარტივდებათ
17.06.2020
 
,,უფლებები საქართველო“ მიესალმება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული 2020 წლის 5 ივნისს ბრძანება №2-ში იმ დებულების გათვალისწინებას, რომელიც გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ვერიფიკაციის განხორციელებას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის საფუძველზე. 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ,,უფლებები საქართველოს“ პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოში არსებული ბანკები თავშესაფრის მაძიებლებს უარს ეუბნებოდნენ საბანკო ანგარიშის გახსნაზე, რის გამოც, ,,უფლებები საქართველომ“ არაერთხელ მიმართა საქართველოს ბანკებს, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ბანკს განცხადებით, სადაც მოითხოვდა თავშესაფრის მაძიებლებისათვის საბანკო ანგარიშის გახსნას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის საფუძველზე. მიუხედავად ცალკეული წარმატებული საქმეებისა, მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიულად იყოს გამყარებული უცხო ქვეყნის მოქალაქის ვერიფიკაციისათვის დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების კატეგორიები.

,,უფლებები საქართველო“ გამოთქვამს იმედს, რომ აღარ შეფერხდება საქართველოში არსებული ბანკების მიერ თავშესაფრის მაძიებლებისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის საფუძველზე საბანკო ანგარიშების გახსნის პროცესი.

,,უფლებები საქართველო“ ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვას 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახორციელებს. 
 
ბეჭდვა