უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხებზე ონლაინ კონფერენცია გაიმართა
29.05.2020
 
29 მაისს, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს“, „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია - „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა საქართველოში - პრობლემები და შესაძლო გადაჭრის გზები“.

კონფერენციას დაესწრნენ ადვოკატები, მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, ასევე აკადემიური სფეროს, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონფერენცია გახსნეს „უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.
2019 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა, თითქმის 6-თვიანი შერჩევის პროცედურის შედეგად, უზენაეს სასამართლოში 14 ახალი მოსამართლე უვადოდ გაამწესა. აღნიშნულმა პროცესმა, რომელიც მართლაც უპრეცედენტო იყო ქვეყნის ისტორიაში, ხელისუფლების, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის არაერთგვსაროვანი შეფასებები გამოიწვია. 

კანდიდატებთან გამართულმა საჯარო გასაუბრებებმა კიდევ უფრო მწვავედ წარმოაჩინა სასამართლოში არსებული ის პრობლემები, რაზეც იურისტთა პროფესიული საზოგადოება და სამოქალაქო სექტორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიუთითებდა. კონფერენციაზე განიხილეს როგორც მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარვეზები და შერჩევის შედეგები, ისე ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

კონფერენციას ჰყავდა რამდენიმე სპიკერი: სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანმა, თათული თოდუამ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე; „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორმა, კახა წიქარიშვილმა მიმოიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხედვები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სანდოობის კუთხით; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორმა გვანცა წულუკიძემ კი კონფერენციის მონაწილეებს გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სამართლებრივი ხედვები.

სპიკერების პრეზენტაციების შემდეგ, კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და წარმოედგინათ თავიანთი კომენტარები, მოსაზრებები და რეკომენდაციები.