სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ მთავრობას გააძლიეროს შერიგებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა
ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ახალი სახელმწიფო მინისტრის დანიშვნის მოსალოდნელ პროცესს და მთავრობას დემოკრატიულ კონსულტაციებზე დაფუძნებული პროცესის შექმნისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინსტიტუციური და პოლიტიკური გაძლიერებისკენ მოვუწოდებთ.

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოზიციას ტოვებს და ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამ დრომდე მთავრობას საზოგადოებისთვის არ მოუწოდებია ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრის მანდატი მოიცავს ორ კრიტიკულად მნიშვნელოვან მიმართულებას:  კონფლიქტების მოგვარება, ნდობის აღდგენისა და შერიგების პოლიტიკა; და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნისთვის ამ პოლიტიკის მნიშვნელობისა და სიმწვავის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სათანადო კვალიფიკაციის, ხანგრძლივი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილების პირი უნდა იყოს, ვისაც ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მშვიდობის რწმენა და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს.

ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა და მისი რიტორიკა არსებითად მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დისკურსს ეფუძნებოდა, თუმცა სახელმწიფო მინისტრისა და მისი აპარატის გავლენები რეალურ პოლიტიკაზე იყო სუსტი და საერთაშორისო და დიპლომატიურ დონეებზე მოჩვენებითი პროგრესის ჩვენებას უფრო ჰგავდა. 

ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით, აპარატის საქმიანობა არსებითად 2015 წელს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ჩარჩოში ექცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი არსებითად შეესაბამება ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების სფეროში საერთაშორისო სამართლებრივ მიდგომებს, მისი შინაარსი და შესრულების ანგარიშები აჩვენებს, რომ ამ დოკუმენტებს უფრო ფორმალისტური მნიშვნელობა აქვს, რეალური თანასწორობის მხარდამჭერ მექანიზმებსა და პოლიტიკას ის არ იცნობს და ბოლო წლებში ინტეგრაციის პოლიტიკაში არსებითი პოზიტიური გარღვევა არ გვაქვს. ეთნიკური უმცირესობების წინაშე კვლავ პრობლემურად დგას სუსტი პოლიტიკური მონაწილეობის საკითხი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, საჯარო სამსახურში დაბალი დასაქმება, აშკარად უხარისხო და უთანასწორო  განათლება, სერვისებზე და სოციალურ სიკეთეებზე ნაკლები წვდომა, რეგიონებში კულტურული დომინაციის პრაქტიკა, თანასწორობისა და სოლიდარობის სუსტი პოლიტიკური რიტორიკა. კვლავ აშკარაა, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში უსაფრთხოების პერსპექტივა და შესაბამისი სამსახურების გავლენები დომინირებს, რაც თანასწორი, სოლიდარული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას არსებითად შეუძლებელს ხდის. 

სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი არ არის. უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ დაბალია, არ არსებობს არც ერთი პოზიტიური მექანიზმი საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რომელიც ამ მონაწილეობას წაახალისებდა და მხარს დაუჭერდა. ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული პრაქტიკიდან უმცირესობების ენის განდევნის პრაქტიკა (ძირითადად ქვემო ქართლის რეგიონში) ადგილობრივ თემს თვითმმართველობის ცხოვრებაში ჩართვის შესაძლებლობებს რეალურად ართმევს. ამასთან, არ არსებობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებთან დაკავშირებული საკონსულტაციო მექანიზმები, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისთვის გავლენის მოხდენის პლატფორმა იქნებოდა.

სისტემური პრობლემები რჩება სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო სტრატეგიის სხვა მიმართულებებშიც. ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას კვლავ ხელს უშლის არაკოორდინირებული და არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა. თავის მხრივ, განათლების სისტემის ჩავარდნა უმცირესობების გარიყულობას და სოციალურ მოწყვლადობას აღრმავებს.

გარდა ამისა, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გარიყვა კიდევ უფრო ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ შეხედულებებს უმცირესობათა თემების მიმართ. ბოლო პერიოდში, პანდემიის გამო, მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვასთან კავშირში გამოვლენილი შოვინისტური ტალღა არ გამხდარა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მკაცრი რეაგირებისა და ადგილობრივ თემთან საგანგებო კომუნიკაციის საგანი. ბოლო კვირებში მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან და ადგილობრივი ეპარქიის განცხადებებთან დაკავშირებით შექმნილ კულტურულ დაძაბულობას სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ვერ უპასუხა და, საბოლოოდ, ეს საკითხი ისევ მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირების საგანი გახდა. პანკისის ხეობაში წარმოებულ პოლიტიკაში ასევე თვალშისაცემია სახელმწიფო მინისტრის აპარატის სუსტი გავლენები.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში, ადგილობრივ თემებში მიმდინარე უნიკალურ დემოკრატიულ პროცესებს მთავრობა და რელევანტური სახელმწიფო ინსტიტუტები არ ამჩნევენ, არ აღიარებენ და აშკარა ხდება, მეტწილად, უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებულ რეალურ პოლიტიკასა და ადგილობრივი აქტივისტების დემოკრატიულ პოლიტიკურ რწმენასა და ინკლუზიური მოქალაქეობის იდეალებს შორის აშკარა აცდენა.

აღნიშნულის გათვალისწინებით ცხადია, რომ ინტეგრაციის პოლიტიკას ორმაგობა ახასიათებს და ის რაც იკითხება სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სახელმწიფო მინისტრის რიტორიკაში, რეალური პოლიტიკის ნაწილი, სამწუხაროდ, არ არის. ამის ერთ-ერთ მიზეზად უმცირესობებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში უსაფრთხოების პერსპექტივისა და შესაბამისი უწყებების ჭარბი ინტერვენცია უნდა დასახელდეს.  

სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატის მეორე ნაწილი არანაკლებ მნიშვნელოვან თემას უკავშირდება. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, 2012 წლიდან სახელმწიფოს პოლიტიკაში „არაღიარების“ მიდგომებთან ერთად შერიგებისა და დიალოგის გზით კონფლიქტის მოგვარების მიმართულება უფრო ძლიერდება. ამის მიუხედავად, აშკარაა, რომ კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ამ პოლიტიკას ხელშესახები შედეგები კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და იქ მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის კუთხით არ მოჰყოლია. არ ჩანს რაიმე გაუმჯობესება მოლაპარაკებების და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების ამუშავების კუთხით. ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ახალგორის რეგიონისთვის, რომელიც საზღვრების ჩაკეტვის, იზოლაციისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამოცდილების წინაშე დადგა. კვლავ მძიმეა ვითარება გალის რაიონში და ადგილობრივი უსაფრთხოების ყოველდღიური საფრთხის წინაშე დგანან. აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ ჩვენი პოზიციებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პერსპექტივები ბუნდოვანია. სამწუხაროდ, კონფლიქტების ტრანსფორმაციის კუთხით მიმდინარე პოლიტიკა გაუმჭვირვალე და ნაკლებად საჯაროა.

წლების განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ბიუჯეტი მკვეთრად დაბალია და მას მაკოორდინირებელი როლის მიღმა, დამოუკიდებელი აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევს, რაც ცხადია, რესურსების მიღმა არსებითად პოლიტიკური ნების პრობლემაა. პრობლემურად დგას აღნიშნული უწყების მანდატიდან რელიგიის თავისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების სრული გამოტანა (ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში რელიგიური ფაქტორის მნიშვნელობისა და გავლენების მიუხედავად) და ამ მიმართულების სრულად უპასუხისმგებლო, არაეფექტიანი და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო უწყებისთვის - სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთვის გადაცემა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებითია
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
პლატფორმა სალამი 
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) 
თანასწორობის მოძრაობა
უფლებები საქართველო 
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
 
 
 
 
 
 
11.06.2020
ბეჭდვა