სიახლეები

„უფლებები საქართველომ“ თსუ-ს წინააღმდეგ დისკრიმინაციული მოპყრობის მუხლით ორი სარჩელი შეიტანა
ორგანიზაცია „უფლებები საქართველომ“ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. 

„უფლებები საქართველო“ სასამართლოში თსუ-ს იმ ლექტორების ინტერესებს იცავს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებების გამოთქმის გამო, უნივერსიტეტში პედაგოგიური საქმიანობის უფლებას არ აძლევენ. 

მოსარჩელე ლექტორები თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ლექციებს წლების განმავლობაში კითხულობდნენ და ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს ღიად გამოთქვამდნენ. 
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საკუთარი შეხედეულებების ღიად დაფიქსირების გამო, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაცია კრიტიკულად განწყობილ ლექტორებს დისკრიმინაციულად მოეპყრო, რის გამოც მათ ვერ შეძლეს აკადემიური თანამდებობების დაკავება. მოგვიანებით კი, ფაკულტეტის დეკანმა მათთან, როგორც მოწვეულ ლექტორებთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაც არ ისურვა. 

თსუ-ს წინააღმდეგ მომზადებული სარჩელები გამყარებულია სხვადასხვა მტკიცებულებით, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციით, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველმა თსუ-ს მხრიდან კრიტიკულად განწყობილი ლექტორების მიმართ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. 

„უფლებები საქართველო“ მოითხოვს, სასამართლომ არა მხოლოდ დაადგინოს ლექტორების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, არამედ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას დააკისროს ლექტორებისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

 
11.06.2020
ბეჭდვა