“უფლებები საქართველოს” გამგეობას ორი ახალი წევრი ჰყავს
28.05.2020
2020 წლის 28 მაისს გამართულ საერთო კრებაზე, ორგანიზაციის წევრებმა, გამგეობის წევრებად, ორი წლის ვადით, მარიამ გოგოსაშვილი და ნანა მჭედლიძე აირჩიეს. 

მარიამ გოგოსაშვილი 2019 წელის მარტიდან “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” აღმასრულებელი დირექტორია. 

2018 წლის თებერვლიდან 2020 წლის მარტამდე იგი მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, საქართველოში მედია გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მანამდე, 2012-2013 წლებში, ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+“-ის სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

მარიამ გოგოსაშვილი არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი მედიასამართლის მიმართულებით.

იგი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში, ასევე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციების პროგრამის დოქტორანტი.

---

ნანა მჭედლიძე საერთაშორისო სამართლის აღიარებული ექსპერტია. მას საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის 20 წელზე მეტი გამოცდილებას აქვს. გამოქვეყნებული აქვს 40-მდე სამეცნიერო ნაშრომი.

ნანა  “უფლებები საქართველოს” გუნდს 2020 წლის იანვარში შემოუერთდა. 

მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხები გაერთიანებული სამეფოს ვორვიკის უნივერსიტეტსა (2005-2006) და ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში (2007-2008). ასევე მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნის სპეციალობით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1994-1999). სწავლობდა გაერთიანებული სამეფოს ბირმინგემის უნივერსიტეტში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამაში და იმავე პროგრამის ფარგლებში, გაიარა სტაჟირება ლონდონში, ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში, Aire Centre (2002). 2009 წლიდან, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის მიწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და 2015 წლიდან, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.