სიახლეები

“უფლებები საქართველომ” სამი ახალი პროექტი მართლმსაჯულების კოალიციის წევრ ორგანიზაციებს გააცნო
“უფლებები საქართველოს” გამგეობის თავმჯდომარემ, კახა წიქარიშვილმა, და აღმასრულებელმა დირექტორმა, ლადო მკერვალიშვილმა, დღეს “კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” წევრ ორგანიზაციებს სამი ახალი პროექტი გააცნეს, რომელთა განხორციელებასაც ორგანიზაცია აპრილის თვეში შეუდგა. შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. 
 
სამივე პროექტი სასამართლო სისტემის მონიტორინგს ეხება. აქედან ორი პროექტი - USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, ერთი კი “ღია საზოგადოების ფონდის” დაფინანსებით ხორციელდება . 
 
USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებიდან, ერთი მიზნად ისახავს საქართველოს სასამართლოების საქმიანობაზე COVID-19-ის პანდემიის გავლენის შეფასებას, ხოლო მეორე - სასამართლო სისტემის დისციპლინური ორგანოების - დამოუკიდებელი ინსპექტორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო პალატის საქმიანობის შესწავლას.
 
“ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი კი მიზნად ისახავს: მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლო დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას; საზოგადოების ინფორმირებას მოსამართლეებისა და სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ; ასევე, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესებას  და სასამართლო სისტემის ეფექტიანად ადმინისტრირების ხელშეწყობას.
 
სამი ახალი პროექტის ინიცირება მოხდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის თებერვალში “უფლებები საქართველომ”, USAID/HICD 2020-ის მხარდაჭერით, სრული რებრენდინგი განახორციელა, რამაც ორგანიზაციის განვითარებას ახალი იმპულსი შესძინა. ორგანიზაცია მანამდე 23 წლის განმავლობაში “კონსტიტუციის 42-ე მუხლის”  სახელით წარმატებით ფუნქციონირებდა. 
 
13.05.2020
ბეჭდვა