„კოალიცია თანასწორობისთვის“ განცხადება „სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტზე
01.05.2020
„კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრმა ორგანიზაციებმა მოამზადეს და გადაუგზავნეს კომენტარები ადამიანის უფლებათა კომიტეტს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის პროექტზე - „სექსუალური ექსპლუატაციისა და პორნოგრაფიისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“. ზეპირ განხილვაში მონაწილეობის საშუალება ამ ეტაპზე მხოლოდ კოალიციის თავმჯდომარეს მიეცა, თუმცა, ინტერესი აღნიშნული ცვლილებების მიმართ დიდია. კოალიცია იმედს იტოვებს, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი გააგრძელებს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან თანასწორობის პრინციპის დაცვით, ორგანიზაციების პერსონალური სიმპათიების მიხედვით  შერჩევითობის გარეშე.
 
კოალიცია მიესალმება კანონპროექტით 137-ე მუხლში მოცემული გაუპატიურების დეფინიციის დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციასთან. კანონპროექტით გათვალისწინებული დეფინიციის თანახმად, გაუპატიურებად დაკვალიფიცირდება „პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა მისი თანხმობის გარეშე სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით“.
 
კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი მუხლის დამატებას სისხლის სამართლის კოდექსში - არასრულწლოვნის გაუპატიურება (1371-ე მუხლი). აღნიშნული მუხლი ამძიმებს პასუხისმგებლობას 12 წელს მიუღწეველი პირის მიმართ როგორც მისი თანხმობით, ისე თანხმობის გარეშე ჩადენილი გაუპატიურებისათვის. თუმცა აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაში მოდის ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციასთან და არ არის თანხვედრაში ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებთან, რამდენადაც  დასჯადად აცხადებს არასრულწლოვნებს შორის თანხმობაზე დაფუძნებულ სექსუალური ურთიერთობასაც.
 
აგრეთვე, ბავშვთა ფსიქოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე, კოალიცია გაუმართლებლად მიიჩნევს ასაკობრივ დიფერენციაციას 12 წლამდე და 12 წელს ზემოთ არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებში, ვინაიდან ასაკი არ განსაზღვრავს ბავშვისთვის მიყენებული ზიანის სიმძიმეს; დანაშაულის სიმძიმის შეფასებისას ფსიქოლოგები გამოყოფენ ბავშვის ინდივიდუალური თავსებურებებს, ფიზიკური დაზიანების სიმძიმეს, ძალადობის ხანგრძლივობას, მოძალალდისადმი ბავშვის დამოკიდებულებას და სხვა.
 
ასევე, შემაშფოთებელია შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებებით სქესობრივ კავშირზე თანხმობის ასაკის დღეს არსებული 16 წლიდან 12 წლამდე შემცირება. ამით კანონმდებელი უშვებს, რომ 12 წლიდან ბავშვს შეუძლია სქესობრივ კავშირზე თანხმობა გამოთქვას  (თუმცა, თანხმობის შემთხვევაშიც კი ქმედება დასჯადი იქნება). მიგვაჩნია, რომ 12 წელი, როგორც თანხმობის ასაკი, არის უკიდურესად დაბალი, იგი ზრდის ბავშვის "თანხმობით" ექსპლოატაციის საფრთხეს და არ შეესაბამება ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას და პრაქტიკას. დღეს-დღეობით ევროპის ქვეყნებს თანხმობის ასაკად 14-18 წელი აქვთ განსაზღვრული და უმეტესობისთვის ეს ასაკი 15 ან 16 წელია. ცვლილებები უნდა დაეფუძნოს სსკ 140-ე მუხლის  დღეს არსებული რედაქციის პრინციპს და სსკ 137 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილიდან, ასევე 140-ე მუხლის შემოთავაზებული რედაქციიდან, ამოღებული იყოს სიტყვები „თანხმობა“ და „ნებაყოფლობითობა“. თანხმობის გამორკვევა მხოლოდ შესაძლებელია 16-დან 18 წლამდე ასაკის მსხვერპლებთან მიმართებით. როდესაც სქესობრივი აქტი განხორციელებულია სრულწლოვანი პირის მიერ, 16 წლამდე ასაკის პირის თანხმობას არ უნდა ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობა, სისხლის სამართლის გამოძიების დროს არ უნდა მოხდეს მისი გამოკვლევა და დაზარალებულისთვის ამ საკითხზე შეკითხვების დახმა.  ეს არასრულწლოვნის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკს ზრდის და დამატებითი ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე აყენებს.
 
წარმოდგენილი კანონპროექტით კონკრეტდება 141-ე მუხლით გათვალისწინებული გარყვნილი ქმედების შინაარსიც და შენიშვნის სახით დაზუსტებულია, რა უნდა იქნეს მიჩნეული გარყვნილ ქმედებად. ასევე, იზრდება სასჯელის ზომა. კოალიცია მიესლმება სასჯელის ზომის გაზრდას, თუმცა, ამ მუხლთან მიმართებითაც გაუმართლებლად მიაჩნია 12-წლიანი ასაკობრივი ზღვარის შემოტანა. კოალიცია ასევე არ იზიარებს შენიშვნის დამატების აუცილებლობას, ვინაიდან გარყვნილი ქმედების დაზუსტებულმა ჩამონათვალმა შესაძლოა პრაქტიკაში პრობლემები შექმნას და შეუძლებელი გახადოს გარყვნილი ქმედების სექსუალური შევიწროებისაგან გამიჯვნა. გარდა ამისა, კოალიცია კატეგორიულად ეწინააღდეგება შენიშვნაში ტერმინი „სოდომიის“ გამოყენებას. აღნიშნული ტერმინის კანონმდებლობაში შემოტანა გააძლიერებს სტიგმას ლგბტქი ადამიანების მიმართ.
 
კოალიციის კომენტარებში აღინიშნა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი მცირედ ცვლილებებს მოიაზრებს პროსტიტუციასთან მიმართებით, მაგრამ ხელუხლებლად ტოვებს არსებულ სერიოზულ ხარვეზებს. შესაბამისად, საჭიროა,  პროსტიტუციის  შესახებ განხორციელდეს სიღრმისეული ცვლილებების შეტანა.
 
კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით ცვლილებები არ ეხება სსკ-ს 255-ე მუხლის პირველ ნაწილს,  პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადება ან გასაღებას, რომლის კონსტიტუციურობის საკითხი უკვე რამდენიმე წელია დგას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგში. ამიტომ, კოალიცია საჭიროდ მიიჩევს 255-ე მუხლის ცვლილებას, კერძოდ: ტერმინების ნორმატიული განმარტებას; გავრცელების, ფლობის, შესყიდვის კანონიერი ან მართლსაწინააღმდეგო შემთხვევების დეტალიზირებას; აკრძალულ კატეგორიათა წრის დავიწროებას და   დასჯად ქმედებათა წრის შემოფარგვალას ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. 255-ე მუხლი საჭიროებს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
 
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, გააგრძელოს საჯარო განხილვები არსებულ ცვლილებათა პაკეტზე ექსპერტების, ბავშვთა ფსიქოლოგების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჯგუფის მონაწილეობით უზრუნველყოს ზეპირი დისკუსიები დისტანციურ რეჟიმში.
 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები*:
 
  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • უფლებები საქართველო (კონსტიტუციის 42-ე მუხლი)
  • კავშირი „საფარი“
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • თანასწორობის მოძრაობა
 
* საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იზიარებს აუცილებლობას, რომ კომიტეტმა უზრუნველყოს საჯაროობა და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა. ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების გამო, საია-მ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით დამოუკიდებლად მიმართა კომიტეტს მოსაზრებებით