სიახლეები

"უფლებები საქართველო" ახალ პროექტს იწყებს, რომელიც პანდემიის დროს სასამართლოების მიერ ონლაინ მართლმსაჯულების ეფექტიანობას და სასამართლოების საქმიანობაზე COVID-19-ის გავლენას შეაფასებს
USAID/PROLoG-ის COVID-19-ზე სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, "უფლებები საქართველო" დააკვირდება საქართველოს სასამართლოების საქმიანობას პანდემიით განპირობებული შეზღუდვების პერიოდში. ავადმყოფობის საფრთხეებისა და საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რამდენიმე რეკომენდაცია სასამართოლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით: საქმეების დიდი ნაწილის ზეპირი მოსმენა არ ტარდება, საჭიროების შემთხვევაში, სხდომები ტარდება დისტანციურად ინტერნეტის საშუალებით, რაც ზღუდავს მედიისა და საზოგადოების დასწრებას სხდომებზე.

"უფლებები საქართველო" დააკვირდება დისტანციურ სხდომებს და გამოკითხავს ადვოკატებს, პროკურორებს, სასამართლოს თანამშრომლებს და ჟურნალისტებს. პროექტი შეისწავლის ისეთ საკითხებს, როგორიცაა მედიისა და საზოგადოების წვდომა სასამართლო სხდომებზე; კომუნიკაცია ადვოკატსა და კლიენტს შორის პროცესის დროს; მოსამრთლეების მიერ სასამართლო დარბაზის მართვა; კომუნიკაცია დაკავებულ მოპასუხეებთან; მხარეთა მონაწილეობა და ინტერაქცია სხდომის დროს; მთარგმნელობითი სერვისები პროცესის იმ მონაწილეთათვის, რომლებიც არ ფლობენ ქართულ ენას; დოკუმენტების ელექტრონულად ჩაბარება და ა.შ. 

პროექტის ფარგლებში მომზადდება მცირე შუალედური ანგარიშები და საბოლოო ანგარიში, რომელშიც აისახება რეკომენდაციები მხარეებისთვის. გარდა ამისა, ჩატარდება ონლაინ კონფერენცია და სოციალურ მედიაში გამოქვეყნდება ინფოგრაფიკები, ბლოგები და ვლოგები პროექტის მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
 
29.04.2020
ბეჭდვა