„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ სახელი შეიცვალა
08.04.2020
 
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი", ერთ-ერთი ყველაზე ძველი უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, დაარსებიდან 23 წლის შემდეგ, საქმიანობას ახალი სახელწოდებით - „უფლებები საქართველო“ განაგრძობს.

ორგანიზაციის უმთავრეს ამოცანად კვლავ ადამიანის უფლებათა დაცვა რჩება. ამ მიზნით, „უფლებები საქართველო“ განაგრძობს უფასო სამართლებრივი კონსულტაციებისა და იურიდიული დახმარების გაწევას, განახორციელებს სტრატეგიული სამართალწარმოებას, აქტიურად იქნება ჩართული სამართალშემოქმედებით პროცესებში, რამაც ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენცია და უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება უნდა უზრუნველყოს.

„ახალი სახელის საჯაროდ გაცხადებისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, თუმცა კოვიდ-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომრეობის გამოცხადების გამო, დაგეგმილი პრეზენტაციის გაუქმება მოგვიწია. „უფლებები საქართველო“ მოდის მეტი მრავალფეროვნებით, განახლებული გუნდით, ენთუზიაზმით, მოტივაციით და პირობით, რომ ვიქნებით მხოლოდ იქ, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენ და ავიწროებენ“, - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლადო მკერვალიშვილი. 

23 წლის განმავლობაში „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ორგანიზაციამ შეძლო, ყოფილიყო საქართველოდან პირველი, რომელმაც საქმე მოიგო ევროსასამართლოს და გაეროს CEDAW-ს კომიტეტში; დაეცვა ადამიანები ოკუპირებული აფხაზეთის „დრანდის“ ციხეში; 2008 წელს, ჯერ კიდევ დაუსრულებელ ომში ეგროვებინა მტკიცებულებები და რუსეთის წინააღმდეგ 400-ზე მეტი მოსარჩელის საქმე წარედგინა საერთაშორისო სასამართლოებში; დახმარებოდა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, მოემზადებინა არა ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, საკონსტიტუციო სარჩელი, დაემკვიდრებინა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი პრეცედენტები და  ევროპული სტანდარტები ქვეყანაში. 

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ რებრენდინგის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პირის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, რომლებიც მოქალაქეს სასამართლოში მიმართვის და დამცველის ყოლის უფლებას ანიჭებდა, 42-ე მუხლიდან 31-ე მუხლში გადაინაცვლა. 

ორგანიზაციის რებრენდინგი USAID / HICD 2020 პროექტის მხარდაჭერით და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ მონაწილეობით განხორციელდა.