„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ნაცემი ავღანელი ჰაზარების დაზარალებულად ცნობას და საქმისათვის რასობრივი ნიშნით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას მოითხოვს
27.03.2020
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სამართლებრივ დახმარებას უწევს ავღანეთიდან ჩამოსულ ეთნიკურ ჰაზარებს, ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს, რომლებიც 2020 წლის 20 მარტს რასობრივი მოტივით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შედეგად დაზარალდნენ.  

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, 2020 წლის 20 მარტს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, კლინიკა „ევექსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გაჩერებაზე, ტაქსის მძღოლმა და უცნობმა პირებმა მათ მრავლობითი დაზიანება მიაყენეს და საპატრულო პოლიციის გამოძახების გამო მიიმალნენ.

როგორც საქმიდან ირკვევა, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს, შელაპარაკება მოუვიდათ ტაქსის მძღოლთან, რომელიც მათგან ითხოვდა დაწერილი ტარიფისგან (3 ლარი და 50 თეთრი) განსხვავებით, მეტი ოდენობის თანხის გადახდას (10 ლარი), რის საფუძვლადაც ტაქსის მძღოლმა მათი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა დაასახელა.  ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, მათ უარი განაცხადეს 10 ლარის გადახდაზე, რის გამოც ტაქსის მძღოლმა დაიწყო ყვირილი და ჩხუბი. ამ დროს გამვლელებმა გადაწყვიტეს მძღოლის დახმარება, რადგან ჩათვალეს, რომ ქართველს ჩაგრავდნენ.

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს განმარტებით, უცნობმა პირებმა მათ სცემეს  წარმომავლობისა და გარეგნობის გამო. როგორც ისინი ამბობენ, ჩინელებს მიამსგავსეს და მათ მიმართ განსაკუთრებული აგრესია სწორედ გარეგნობამ გამოიწვია. ,,ჩინელი“ და ,,კორონა“ - ეს ის სიტყვებია, რომელიც ინციდენტის შედეგად დაშავებულმა ავღანელმა მოქალაქეებმა გაიგეს.

ჰ.ი.-სა და  ს.ი.-ს მიყენებული აქვთ არაერთი დაზიანება.  ს.ი.-ს მიყენებული აქვს ჭრილობა თავის არეში (სავარაუდოდ დანით მიყენებული). მომხდარის შემდეგ გამოძახებულმა საპატრულო პოლიციამ, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.  ს.ი.-ს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა), თუმცა რასობრივი ნიშნით მოტივირებული დანაშაულის კუთხით მსვლელობა საქმეს ჯერ არ მისცემია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ცემისა ან სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი ძალადობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოითხოვს, რომ გამოძიება საქმეზე სრულყოფილად წარიმართოს, ნაცემი პირები დაზარალებულებად იქნან ცნობილნი და საქმეს რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცეს.