"42-ე მუხლი" სამსახურიდან გათავისუფლებულთა უფლებებს დაიცავს
26.03.2020
არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” დაიცავს ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც, COVID-19-ის გავრცელების პირობებში, სამსახურიდან კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
 
“42-ე მუხლს” იურიდიული კონსულტაციისთვის სარეკლამო კომპანიის სამმა თანამშრომელმა მიმართა. ისინი წლების წინ კომპანია “ჯეოსელის” სარეკლამო დეპარტამენტში მუშაობდნენ, შემდეგ კი კომპანია “ვესტაში” გადაიყვანეს, სადაც, ორი წლის განმავლობაში, კვლავ “ჯეოსელის” დაკვეთებზე მუშაობას განაგრძობდნენ. 
 
2020 წლის 16 მარტს, სარეკლამო სააგენტომ, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა. მათ არ მიუღიათ არც გათავისუფლების შესახებ ბრძანება და არც კომპენსაცია. მხოლოდ სიტყვიერად განუმარტეს, რომ კომპანიას მათთვის ხელფასის გადახდის საშუალება აღარ ჰქონდა. სარეკლამო სააგენტო გათავისუფლებულ თანამშრომლებს დარჩენილი თვის ხელფასის ჩარიცხვას დაპირდა, თუმცა ეს დაპირებაც არ შეუსრულებია. 
 
სამსახურიდან გათავისუფლებულთა ინტერესებს “42-ე მუხლის” იურისტი ანა თვარაძე იცავს. 
 
COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მზად არის, შრომითი ურთიერთობების საკითხზე იურიდიული კონსულტაცია და დახმარება ნებისმიერ პირს გაუწიოს.