რატომ არ არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჯერჯერობით მიზანშეწონილი
20.03.2020
მსოფლიოში და საქართველოში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში რიგი შეზღუდვები დააწესა, რომლითაც საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტების ფუნქციონირება და ზოგიერთი ტიპის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დროებით შეწყდა. ასობით მოქალაქე რჩება კარანტინში და სამართალდამცავი ორგანოები მკაცრად აკონტროლებენ კარანტინის პირობების შესრულებას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიღებული ზომები არასაკმარისია და რომ მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოაცხადოს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 19 მარტს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას”.

კონსტიტუციის 71- მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მის ამოქმედებას მართლაც უძღოდეს ობიექტური წინაპირობა, ხოლო მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა უფლებების დათმობა მოუწევთ საგანგებო მდგომარეობის პირობებში

ვინც ითხოვს ამ მდომარეობის გამოცხადებას, მინდა ვუთხრა, რომ რაიმე კარგი და ჯადოსნური არ მოხდება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან”, - ამბობს კონსტიტუციის 42- მუხლის იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

კერძოდ, პრეზიდენტი იქნება უფლებამოსილი, თავისი დეკრეტით შეზღუდოს შემდეგი უფლებები: ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები, საკუთრების უფლება, შეკრების თავისუფლება, შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება.

არჩილ ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ეპიდემიის გამო, კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ნორმალურად ვერ ახორციელებენ. საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა გამოცხადდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციის გართულებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და საჭიროება დადგა, ხელისუფლებამ ადამიანის მთელი რიგი უფლებების შეზღუდვა კონსტიტუციური საფუძვლით მოახდინოს და კანონის ჩარჩოში მოაქციოს. მისივე თქმით, საგანგებო მგდომარეობის გამოსაცხადებად საჭირო პირობა ჯერჯერობით არ არის და, ალბათ, მომავალშიც არ დადგება, თუ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასრულებს რეკომენდაციას თვითიზოლაციის შესახებ, პოლიცია კი საკმაოდ კარგად უმკლავდება კარანტინის პირობების დამრღვევ პირებს