„42-ე მუხლი“ აცხადებას მიღებას იურიდიულ კლინიკაში
04.03.2020
„კონსტიტუციის 42- მუხლი“ იწყებს ახალი ინოვაციური პროექტის - „მომავლის ადვოკატთა იურიდიული კლინიკის“  განხორციელებას, რომლის მიზანია იურიდიული, საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების (ბაკალავრიატის მე-4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს, ასევე დიპლომირებულ იურისტებს მისცეს შესაძლებლობა იმუშაონ პრაქტიკოს ადვოკატებთან რეალურ საქმეებზე; შეიძინონ ადვოკატისათვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები. 

კლინიკის ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ პირველად საქართველოში სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსების გარდა,  კლინიკის სტუდენტებს შეეძლებათ იმუშაონ სტრატეგიული სამართალწარმოებისა და  საერთაშორისო დაცვის საქმეებზე და გაიარონ ადვოკატთა საკომუნიკაციო უნარების გაძლიერების ინტენსიური  კურსი. 

კლინიკის უპირატესობებია:
  1. სწავლება წარიმართება „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ბაზაზე;
  2. ყველა მონაწილე ჩაერთვება მიმდინარე რეალურ საქმეებში;
  3. მონაწილეები იმუშავებენ დარგის გამორჩეულ პროფესიონალებთან;
  4. წარჩინებულებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ ორგანიზაციის წევრები და დასაქმდნენ სხვადასხვა პროექტებში;
  5. წარჩინებულ სერტიფიცირებულ ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ პროფესიაში შესვლის 6 თვიანი სავალდებულო კურსი „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატების მენტორობით; 
  6. კლინიკის მონაწილეები „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სახელით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეხვედრაში, ღონისძიებაში, კონფერენციაში, პრეზენტაციასა და ტრენინგში;
  7. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული კლინიკის მონაწილეთა ინდივიდუალური ინტერესები;
  8. კლინიკის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი; 
 
მიღება მოხდება შემდეგ სასწავლო მოდულებზე:
  1. სისხლის სამართლის პრაქტიკული კურსი; 
  2. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსი;
  3. სტრატეგიული სამართალწარმოების და საერთაშორისო დაცვის პრაქტიკული კურსი; (საკონსტიტუციო სამართალწარმოება, წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; გაეროს კომიტეტებში);
  4. ადვოკატთა საკომუნიკაციო უნარების ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • ეფექტიანი და დამარწმუნებელი კომუნიკაცია
  • საჯარო გამოსვლა
  • წერითი კომუნიკაცია იურისტებისათვის
  • მედიასთან კომუნიკაცია
  • არასრულწლოვან პატიმრებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ტექნიკები და ნორმები
  • კონფლიქტის მოგვარება და პრევენცია
  • იმიჯის და რეპუტაციის ფორმირება; სოციალური ქსელების ეფექტიანად მართვა და გამოყენება;
კლინიკის სტუდენტს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ერთი ან მეტი კურსი. ადვოკატთა საკომუნიკაციო უნარების ინტენსიური კურსი იქნება სავალდებულო. სამუშაო დღეების და დროის შეთანხმება მოხდება ინდივიდუალურად.   

მიღების კრიტერიუმები: 

კლინიკაში მიიღებიან იურიდიული, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტები, დიპლომირებული იურისტები. 
უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე კონკურსანტებს. 

კლინიკის ხანგრძლივობა: 3 თვე  (2020 წლის აპრილი, მაისი, ივნისი)
ღირებულება:  200 ლარი თვეში ( ერთი მოდული + საკომუნიკაციო უნარების ინტენსიური კურსი)

წარმოსადგენი საბუთები:

კლინიკაში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ბიოგრაფია (CV); სამოტივაციო წერილი; ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომლითაც დაადასტურებს, რომ ნამდვილად სწავლობს იურიდიული, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე; უმაღლესდამთავრებულებმა უნდა წარმოადგინონ დიპლომის ასლი. 

საბუთების წარმოდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: office@article42.ge; vladimermkervalishvili@gmail.com

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 მარტი. მეილის დასახელებაში უნდა მიეთითოს „იურიდიული კლინიკა“.

მონაწილეთა შერჩევა:
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ შერჩევა მოხდება კონკურსის სახით. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 
  1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 
  2. გასაუბრება. კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით, შესაძლოა კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება. დავუკავშირდებით მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!