„42-ე მუხლის“ გამგეობის წევრს ბავშვის უფლებების დაცვისათვის საფრანგეთის საელჩოს პრემია გადაეცა
03.03.2020
 
საფრანგეთის საელჩოს მიერ ბავშვის უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის  გამოცხადებულ კონკურსში, ნომინაციაზე „ბავშვის უფლებების დაცვა”  „კონსტიტუციის 42-ე  მუხლის“   გამგეობის    წევრმა, ორგანიზაცია „სმენისა  და მეტყველების დარღვევის მქონე    ბავშვთა   დახმარების    ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მაია ასაკაშვილმა გაიმარჯვა.

საფრანგეთის საელჩოს პრემია ადამიანის უფლებების დარგში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისთვის მოღვაწე ადგილობრივი ორგანიზაციების დასაჯილდოვებლად შეიქმნა. საფრანგეთს სურს, ამგვარად  მხარი დაუჭიროს საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დამცველებს.

კონკურსი გაეროს მიერ, 1989 წლის 20 ნოემბერს, ბავშვის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის მიღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით   გაიმართა. საფრანგეთის საელჩომ აღნიშნულ პრემიაზე  მეოთხედ გამოაცხადა  კონკურსი. პრემია 2000 ევრო ოდენობის თანხით 2020 წლის თებერვალში საზეიმო ცერემონიაზე   გადაეცა  გამარჯვებულ  ორგანიზაციას.

„სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე  ბავშვთა  დახმარების  ასოციაცია’’, შშმ მშობელთა კავშირი,  დაფუძნებულია 1997  წელს. დღიდან დაარსებისა, არაერთი   მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა შშმ ბავშვთა და   შშმ პირთა   საზოგადოებაში ინტეგრაციის   მიმართულებით. ორგანიზაცია  მუშაობს ინტელექტუალური შეფერხებისა და   ფსიქო-სოციალური  საჭიროების   მქონე პირებთან.  სწორედ აღნიშნული ჯგუფის მხარდაჭერისთვის  გადაეცა ორგანიზაციას საფრანგეთის საელჩოს  პრიზი. ეს მეორე გამარჯვებაა, პირველად  საფრანგეთის   საელჩომ ორგანიზაცია 2017 წელს  ადამიანის  უფლებათა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

„საფრანგეთის   საელჩოს მხრიდან ეს არის უდიდესი   მხრდაჭერა და ორგანიზაციის  წევრთა  მრავალწლიანი შრომის დაფასება“, - აცხადებს მაია ასაკაშვილი. 

„კონსტიტუციის 42-ე  მუხლი  ულოცავს გამგეობის   წევრს, ქალბატონ  მაიას გამარჯვებას  და  უსურვებს წარმატებებს!