42-ე მუხლი ევროსასამართლოს და გაეროს გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიშს აქვეყნებს
27.02.2020
27 თებერვალს, თბილისის ღია უნივერსიტეტში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ წარადგინა ანგარიში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულებაში გამოვლენილ ხარვეზებს ეხება და მათ აღმოსაფხვრელად გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციებს შეიცავს.
 
ანგარიში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მომზადდა. ანგარიშში ნაწილობრივ არის გათვალისწინებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები და რეკომენადციები.
 
პრეზენტაციას სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „42-ე მუხლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლადიმერ მკერვალიშვილმა და პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ. ანგარიში „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა, ნანა მჭედლიძემ წარადგინა.
 
ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის 20-წლიან პერიოდში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს აღსასრულებლად გადაეცა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოს მიერ მიღებული 127 გადაწყვეტილება და განჩინება. მათგან, მინისტრთა კომიტეტის საბოლოო რეზოლუციით აღსრულებულად ჩაითვალა 81 საქმე, ხოლო 46 საქმის აღსრულებაზე ზედამხედველობა მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობისათვის დაკისრებული კომპენსაციის ჯამური ოდენობა 1.04 მილიონი ევროა. ანგარიშის თანახმად, მომჩივნების სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაციებს საქართველოს მთავრობა დროულად და სრული ოდენობით იხდის.

კვლევის მიხედვით, ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ განხილულ საქმეებში მინისტრთა კომიტეტის მიერ იდენტიფიცირებულია ოთხი საკითხი, რომელიც ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს გამოკვეთს და რომელთა მიმართ აღსრულება ე.წ. გაძლიერებული პროცედურით მიმდინარეობს. ეს საკითხები ეხება:

  • სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევას სამართალდამცავი და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მიერ და ამ დარღვევების არაეფექტიან გამოძიებას;
  • წინასწარი პატიმრობის უკანონობას და უფლების უკანონო შეზღუდვას;
  • რელიგიის თავისუფლების დარღვევას;
  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას.
რაც შეეხება გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებს, მათ მიერ საქართველოსთან მიმართებაში სულ განხილულია 6 საქმე, რომელთაგან სხვადასხვა კონვენციებით გარანტირებულ უფლებათა დარღვევა 4 საქმეზე დადგინდა. საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, ხუთმა მომჩივანმა ჯამში 83.4 ათასი ლარის კომპენსაცია მიიღო.
 
ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობა იცნობს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულყოფილად აღსრულების ყველა შესაძლო მექანიზმს, მათ შორის, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების გადასინჯვას, ასევე - საპარლამენტო ზედამხედველობას. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ეს პროცესები გარკვეული ნაკლოვანებებით ხასიათდება, მეტწილად იმ ფაქტის გამო, რომ ყველა აღნიშნული მექანიზმი ახლადშექმნილია და ნაკლებია მათი გამოყენების პრაქტიკა, ისევე როგორც მათ შესახებ ინფორმაცია.
 
ანგარიშის დასკვნით ნაწილში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ რიგი რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას.
 
რეკომენდაციებს შორისაა ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორებიცაა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში მომჩივანის, აგრეთვე თემატური არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა, განსაკუთრებით იმ საქმეებში, სადაც გამოკვეთილია სისტემური პრობლემები.
 
„42-ე მუხლი“ მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმი. დასკვნით ნაწილში ასევე ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების აუცილებლობაც.