უცნობი ამბავი С ჰეპატიტის პროგრამაზე
10.02.2020
 
 

რატომ უთხრეს „42-ე მუხლის“ დაცვის ქვეშ მყოფ პირს პროგრამაში ჩართვაზე უარი

 
С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვადაგასული წამლების გარშემო ატეხილ ხმაურს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ემატება, რომელიც „კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ გადახდა და რომელიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი რესურსების არაეფექტიანი მართვის პრობლემას უკავშირდება. 
 
საქმე ეხება ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩამოსულ ლტოლვილს, რომელსაც „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საქართველოში თავშესაფრის მოპოვებაში ეხმარებოდა. აღნიშნულმა პირმა 2018 წლის ოქტომბერში, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რის გამოც მას ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებული, იგი C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო გამოკვლევას დაექვემდებარა. მას ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევების სრული სპექტრი და შედეგად დადგინა, რომ მსჯავრდებული C ჰეპატიტის ვირუსით იყო დაავადებული. 
 
სახელმწიფო პენიტენციურ დაწესებულებაში მოთასებულ, C ჰეპატიტის ვირუსით დაავადებულ მსჯავრდებულებს უფასოდ მკურნალობს, მიუხედავად პატიმართა მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ბენეფიციარიც ციხეშივე გააგრძელებდა უფასო სამედიცინო დახმარების მიღებას, თუმცა დაავადების გამოვლენიდან მალევე, მან სასჯელის მოხდა დაასრულა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა და, შესაბამისად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძველიც დაკარგა.
 
„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ამ ადამიანის პრობლემის შესახებ სპეციალურ პენიტეციურ სამსახურს, ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მთავრობის დადგენილება, რომელიც C ჰეპატიტის პროგრამის მართვის საკითხებს არეგულირებს, მსგავს ადამიანებს კვლავაც უფასო მკურნალობის მიღმა ტოვებს. 
 
დღეს ამ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება. მას არც მატერიალური და არც სამართლებრივი რესურსები აქვს საიმისოდ, რომ საკუთარი მკურნალობა დააფინანსოს, მაგრამ ამავდროულად, მისი C ჰეპატიტის პროგრამის მიღმა დატოვება საფრთხეს საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც უქმნის, რადგან დაავადების გავრცლების და ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდის რისკი კვლავაც მაღალია. 
 
მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, C ჰეპატიტის მკურნალობისათვის განკუთვნილ ნახევარდ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა, ყურადღება გამახვილდეს C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ გამოწვევებზე. 
 
პროგრამის ბენეფიციართა წრის გაფართოების პრეცედენტი უკვე არსებობს, როდესაც მასში, თავდაპირველად გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირების შემდეგ, ნეიტრალური პასპორტის მქონე პირებიც ჩაერთვნენ. თუმცა საქართველოში მცხოვრებ უცხოელებისთვის C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პირდაპირი გზა არ არსებობს, თუ, რასაკვირველია, ისინი არ ჩაიდენენ დანაშაულს და უფასო გამოკვლევასა და მკურნალობს მსჯავრდებულის სტატუსით არ დაექვემდებარებიან.
 
საქართველოს აქვს ყველა რესურსი იმისათვის, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ მაგალითად იქცეს და, თავისი გამოცდილებით, გზა გაუხსნას ამ დაავადების აღმოფხრვას მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ პროგრამა ვერ ჩაითვლება წარმატებულად, სანამ გვეცოდინება, რომ საქართველოში არსებობს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც  დახმარებას ელის და ჩვენ მას უარს ვეუბნებით.

С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც 2015 წლის აპრილიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მხარდაჭერით და კომპანია „გილდეასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება და საქართველოში პაციენტთა უფასო გამოკვლევას და მკურნალობას ითვალისწინებს, დაახლოებით ერთი თვის წინ მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა. 
 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2020 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული აუდიტის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წელს С ჰეპატიტის სამკურნალოდ განკუთვნილი, ნახევარ მილიარი ლარზე მეტის ოდენობის მედიკამენტები, ვარგისიანობის ვადის გასვლის გამო, ჩამოწერა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში, სახელმწიფო ვერ ახერხებს ბენეფიციართა მიზნობრივი რაოდენობის მოზიდვას (20 ათასი პაციენტი წელიწადში) და ყოველწლიურად პროგრამით გათვალისწინებულზე ნაკლები ბენეფიციარი სარგებლობს. მაგალითად, 2017 წელს პროგრამაში 15 ათასამდე ბენეფიციარი ჩაერთო, 2018 წელს კი მათმა რაოდენობამ 10 ათასს ოდნავ გადააჭარბა. ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს სპეციალური საინფორმაციო კამპანიაც წამოიწყო, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, ესარგებლათ უფასო მომსახურებით, ჩაეტარებინათ გამოკვლევა და, C ჰეპატიტის დადგენის შემთხვევაში, მიეღოთ უფასო მკურნალობა. 
 
C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სტრატეგიის თანახმად, 2020 წლისთვის საქართველო მიზნად ისახავს: C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის (135 000 ადამიანის) დიაგნოზირებას; ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 95%-ის (128 250 ადამიანის) მკურნალობას; ნამკურნალებ პირთა 95%-ის (122 000 ადამიანის) განკურნებას. შედეგად, C ჰეპატიტის აქტიური დაავადების გავრცელება 0.5%-მდე უნდა შემცირდეს.
 
 
გამოყენებული რესურსები: