„42-ე მუხლის“ კიდევ ერთი პრეცედენტული წარმატება
20.01.2020

CEDAW კომიტეტმა საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობა დაასრულა

გაეროს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) გასულ თვეს მიიღო გადაწყვეტილება დაასრულოს ზედამხედველობა საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე. კომიტეტმა განაცხადა, რომ საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს შესრულებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება და საჭიროდ აღარ მიიჩნევს ზედამხედველობის გაგრძელებას.

საუბარია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ CEDAW კომიტეტში წარდგენილ საქმეზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს არის საქართველოდან CEDAW კომიტეტში გაგზავნილი პირველი განაცხადი საქართველოდან და წარდგენილ საქმეზე გამოტანილი ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კომიტეტმა დაადგინა, რომ განმცხადებლები და მათი არასრულწლოვანი შვილები იყვნენ ოჯახში არაერთგზის ძალადობის მსხვერპლები და საქართველოში არსებული საკანონმდებლო-საპროცესო ბაზა ვერ უზრუნველყოფდა ძალადობის დროს სათანადო გამოძიებას და დაზარალებულთა უფლებების შესაბამის დაცვას. კომიტეტმა საქართველოს სახელმწიფოს დაავალა უზრუნველეყო:
• მოსარჩელეებისთვის უფლებების დარღვევის სიმძიმესთან თანაზომიერი ფინანსური კომპენსაციის გადახდა;
• ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის და მათი შვილებისათვის დროული და სათანადო დახმარება, მათ შორის თავშესაფრით და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით;
• ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიების გაძლიერება და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დამკვიდრება;
• „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირება;
• სავალდებულო ტრენინგების ჩატარება მოსამართლეების, ადვოკატებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის, მათ შორის პროკურატურის თანამშრომლებისათვის ოჯახში ძალადობის პრევენციასთან, ოჯახში ძალადობის განმარტებასა და გენდერულ სტერეოტიპებთან დაკავშირებით;
• ტრენინგების ჩატარება CEDAW კონვენციაზე, მის დამატებით ოქმზე და კომიტეტის ზოგად რეკომენდაციებზე, განსაკუთრებით მე-19 რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების დამსახურებაა, ის რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა შეესრულებინა თითქმის ყველა რეკომენდაცია, მათ შორის უზრუნველეყო, რომ გაეროს კომიტეტების დადებითი გადაწყვეტილება გამხადრიყო საქმის განახლების და დაზარალებულად ცნობილი პირებისათვის კომპენსაციის გადახდის საფუძველი. სწორედ აღნიშნული ცვლილებების შედეგად მოხერხდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელეების სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 40 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

დაზარალებულებმა კომპენსაცია გასულ თვეს მიიღეს.

საქმე X და Y საქართველოს წინააღმდეგ CEDAW კომიტეტში ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საერთაშორისო პარტნიორებთან (INTERIGHTS, EHRAC) ერთად 2009 წელს წარადგინა. კომიტეტმა გადაწყვეტილება 2015 წელს გამოიტანა.