ნანა მჭედლიძე „42-ე მუხლის“ გუნდის წევრი გახდა
20.01.2020

"კონსტიტუციის 42-ე მუხლი" დიდი სიხარულით გაცნობებთ, რომ ორგანიზაციას შემოუერთდა ნანა მჭედლიძე საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტი და დარგის ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიონალი.

ნანა მჭედლიძეს მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხები გაერთიანებული სამეფოს ვორვიკის უნივერსიტეტსა (2005-2006) და ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში (2007-2008). ასევე მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნის სპეციალობით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1994-1999). სწავლობდა გაერთიანებული სამეფოს ბირმინგემის უნივერსიტეტში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამაში და იმავე პროგრამის ფარგლებში, გაიარა სტაჟირება ლონდონში, ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში, Aire Centre (2002). 2009 წლიდან, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის მიწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში და 2015 წლიდან, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი. მუშაობს პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის ევროკავშირის პროექტში ადამიანის უფლებათა უფროს ექსპერტად. 2018 წლიდან, თანამშრომლობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ადაპტაციის პროგრამის და განგრძობადი იურიდიული განათლების კუთხით.

2012-2016 წლებში, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პროექტების ფარგლებში, როგორც სამართლებრივი ექსპერტი, კონსულტაციას უწევდა საერთო სასამართლოებს მათ გადაწყვეტილებებში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაზე. 2008-2012 წლებში, იყო გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი; 2001-2007 წლებში, მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლო თანამდებობა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი; 1998-2001 წლებში, მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობზე, ბოლო თანამდებობა - ევროპულ სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი.

2002-2019 წლებში, ევროპის საჭოს, ევროკავშირის, UNDP, USAID/PROLoG-ის, აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის, IRZ-ის, GIZ-ის, NRC-ის, საიას და სხვა ორგანიზაციების ეგიდით, ჩატარებული აქვს ტრენინგები მოსამართლეებისთვის, მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის, პროკურორებისთვის, ადვოკატებისთვის, პენიტენციური დაწესებულებების უფროსი მენეჯმენტისთვის, პენიტენციური სისტემის სამედიცინო მუშაკებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის. როგორც ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტს, ჩატარებული აქვს ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე მონტენეგროს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეებისთვის, პროკურორებისთვის პოდგორიცაში.
ნანა მჭედლიძეს გამოქვეყნებული აქვს 40-მდე ნაშრომი (სახელმძღვანელოები, კვლევები, სტატიები).