კიდევ ერთი არასრულწლოვანი იძულების მსხვერპლი გახდა
26.12.2019

11 წლის სკეიტბორდისტი ბავშვი სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და ოთახში ჩაკეტა

2019 წლის 19 დეკემბერს 11 წლის ნ.ა. სკეიტბორდით წაიქცა და დაეჯახა  მეტრო ,,ახმეტელის თეატრის'' მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრის კარის მინას, რომელიც გაიბზარა. როგორც თავად ნ.ა. ამბობს, იგი იძულებული გახდა, არიდებოდა ფეხით მომავალ ქალს, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და მინას შეეჯახა. ბავშვი შეაჩერეს დაცვის თანამშრომლებმა, რის გამოც ნ.ა.-მ დაიწყო ტირილი, თუმცა იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ აიყვანეს შენობის მე-2 სართულზე მდებარე დაცვის უფროსის ოთახში. ბავშვის თხოვნის მიუხედავად, მას არ დაალევნის წყალი,  მარტო დატოვეს უფანჯრო ოთახში, რა დროსაც ბავშვს ეგონა, რომ იყო დაკავებული.

არასრულწლოვანი დაცვის ოთახში გააჩერეს მშობლების მოსვლამდე. დაცვის თანამშრომლებმა მშობლებს მოსთხოვეს ზიანის ანაზღაურება,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ. ბავშვის მამა იძულებული გახდა  ხელწერილი დაეწერა ზიანის ანაზღაურებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბავშვის გათავისუფლებაც.

მომხდარი ფაქტის შესახებ დაზარალებული ბავშვის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ,,ფეისბუქში'' სტატუსი გამოაქვეყნა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ ფეისბუქპოსტზე სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, რომ საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს იძულებას, ანუ „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება“. არასრულწლოვნის მიმართ აღნიშნული ქმდების განხორციელება 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რადგანაც ბავშვი იყო სტრესის ქვეშ, „42-ე მუხლმა“ საქმეში ჩართო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), რომელიც მუშაობს ბავშვის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი'' იმოქმედებს  ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვანის უფლებებს გამოძიებასა და სასამართლოში დაიცავს „42-ე მუხლის“ ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.