„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის არჩევას ეხმაურება
16.12.2019

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის არჩევას და მიიჩნევს, რომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება დადებით შედეგს არ მოუტანს სასამართლოს დამოუკიდებლობას და სასამართლოს მიმართ ნდობას.   

მოსამართლეთა შერჩევის პროცესს თან ახლდა უამრავი დარღვევა, რაც დეტალურად ასახულია საერთაშორისო ორგანიზაციებისსახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშებში. კანდიდატების სია შედგენილია სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ე.წ „კლანის“ მიმართ ერთგულების ნიშნით; კანდიდატების უმრავლესობის შემთხვევაში ეჭვქვეშ დგება კეთილსინდისიერების და სამოსამართლო ღირებულებების მიმართ ერთგულება,  რაც ასევე დასტურდება  „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ შედგენილ პირველადი ანგარიშით ; კანდიდატები არ აღიარებენ სასამართლოს შიგნით სისტემური პრობლემების არსებობას და არ ემიჯნებიან ამ პრობლემებს;  შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კანდიდატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარათ ნაჩქარევად, რის გამოც პარლამენტის წევრებს არ ჰქონდათ საკმარისი დრო კანდიდატების შესახებ წარმოდგენილი დასკვნების გასაცნობად; თავად ქართული ოცნების ლიდერები აღიარებენ საბოლოოდ დამტკიცებულ კანდიდატთა სიაში ოდიოზური მოსამართლეების არსებობას, რაც განსაკუთრებულად შემაშფოთებელია.

მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატების წარმოდგენილი ამტკიცება როგორც მოსამართლეებში, ასევე იურიდიულ პროფესიაში ნერგავს განწყობას, რომ კონფრომიზმი, უპრინციპობა, პრობლემების მიჩქმალვა და გავლენიანი ჯგუფების მიმართ ერთგულება  არის მოსამართლედ გახდომის საუკეთესო გზა.