„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ჩინჩალაძის, გეწაძის და მიქაუტაძის მიერ საქმეთა განაწილების სისტემით შესაძლო მანიპულირებაზე განმარტებებს ითხოვს
22.11.2019

მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ორგანიზაცია კონსტიტუციის 42- მუხლმა გამოითხოვა ინფორმაცია  საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების შესახებ, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ 2008-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში სისტემატურად ირღვეოდა საქმეთა განაწილების წესი, კერძოდ, ამ წლების განმავლობაში პალატის ერთ-ერთ კოლეგიაში შესული ყველა საქმე ეწერებოდა მხოლოდ ერთ მომხსენებელ მოსამართლეს.  

 კონტიტუციის 42- მუხლმა ინფორმაცია გამოითხოვა 2002 წლიდან დღემდე უზენაეს სასამართლოში შესულ და განაწილებულ საქმეებზე და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოიკვეთა შემდეგი საინტერესო ფაქტი:

2008 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ნათია წკეპლაძემ სულ განიხილა 1653 საკასაციო საჩივარი და მომხსენებელი მოსამართლე იყო ყველა ამ საქმეზე, ერთის გარდა. აღნიშნული ნიშნავს, რომ ამ კოლეგიაში შესული ყველა საქმე მოხსენებისთვის ეწერებოდა მხოლოდ ნათია წკეპლაძეს და არ ეწერებოდა კოლეგიის სხვა წევრებს. აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა (უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტის მე-7 მუხლი) ითვალისწინებდა მოსამართლეთა შორის საქმეთა გადანაწილებას შემოსვლის თანიმდევრობის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2002 წლიდან დღემდე  საქმეთა განაწილების ასეთი რეჟიმი ნათია წკეპლაძის გარდა არ ფიქსირდება უზენაესი სასმართლოს 36 მოსამართლიდან, არც ერთი სხვა მოსამართლის მიმართ.

საქმეთა განაწილების ასეთი სქემა შემაშფოთებელია რამდენიმე მიზეზის გამო, კერძოდ:

1.            იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა საქმეთა განაწილების წესის სისტემატური დარღვევა, გასარკვევია რა არის ამის მიზეზი და რა შეიძლება იყოს მისი სამართლებრივი შედეგი; საქმის განაწილების წესის ასეთ მასშტაბურ დარღვევას შეიძლება მოჰყვეს შესაბამისი თანამდებობის პირების (მათ შორის იმჟამინდელი პალატის თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის) სამართლებრივი (სისხლის ან დისციპლინური) პასუხისმგებლობა. ეს საკითხი ასევე ეხება უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს შოთა გეწაძეს და გიორგი მიქაუტაძეს, რომლებიც სხვადასხვა დროს ასრულებდნენ პალატის სამდივნოს უფროსის მოვალეობას, ხოლო უზენაესი სასამართლოს აპარატის მაშინდელი რეგლამენტის მე-7 მუხლით, მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილება შედიოდა პალატის სამდივნოს ფუნქციებში.

2. საკითხი ასევე მნიშვნელოვანია სასამართლოში არსებული პრობლემების გაანალიზების კუთხით, ვინაიდან ცნობილია, რომ ნათია წკეპლაძე პროფესიულ წრეებში მოიაზრებოდა დაუმორჩილებელ მოსამართლედ და გასარკვევია ხომ არ ხდებოდა ამ გზით მისი ჩამოცილება ისეთი კატეგორიის საქმეებიდან, სადაც სახეზე იყო მომეტებული სახელმწიფო ინტერესი და მისთვის ამ თვალსაზრისით უმნიშვნელო საქმეების დაწერა. ფაქტობრივად ცალკე კოლეგია შეიქმნა და ფუნქციონირებდა სპეციალურად ნათია წკეპლაძისათვის, სადაც მხოლოდ ის იყო მომხსენებელი.

3. საკითხი სიმპტომატურად ასახავს სასამართლო სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემას, კერძოდ საქმეთა განაწილების სისტემით მანიპულირებას: 2017 წელს კონსტიტუციის 42- მუხლის მიერ ჩატარებული გამოკითხვაში, რომელიც ეხებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რესპოდენტებმა, მათ შორის მოქმედმა მოსამართლეებმაც აღნიშნეს, რომ სასამართლო სისტემაში ადგილი აქვს საქმეთა განაწილების სისტემით მანიპულირებას კონკრეტულ საქმეებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით[1]. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში საქმეთა განაწილებით შესაძლო მანიპულირების საკითხი უფრო მასშტაბურია და უფრო სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს.

4. იურიდიულ კომიტეტში გასაუბრებაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებს მაია ვაჩაძეს (19:37 წუთზე)  და ნუგზარ სხირტლაძეს (17:52 წუთზე) ეთხოვათ განემარტათ საქმეთა ასეთი განაწილების მიზეზი. ორივე კანდიდატმა მიუთითა, რომ ეს, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო მოსამართლეთა შორის პირადი ურთიერთობებით, რომლის დეტალების გამჟღავნება მათ არ ისურვეს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების წესიდან გადახვევას მოსამართლეთა პირადი ურთიერთობების გამო არ ითვალისწინებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობთ უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ეს ინფორმაცია ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ამ კითხვებზე, პირველ რიგში, განმარტებები გააკეთოს თავად უზენაესმა სასამართლომ, ხოლო კანონდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მასალები უნდა გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის.

 

 

 



[1] იხ. კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სასამართლო დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების თაობაზე პრაქტიკოსი იურისტების აზრის კვლევა https://article42.ge/ka/kvlevebi/article/64560-2005-2016-tslebshi-sasamarthlos-damoukideblobis-khelisshemshleli-faqtorebis-thaobaze-praqtikosi-iuristebis-azris-kvleva