ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ევროსასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენება უნდა მოხდეს
18.11.2019

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნევს დაუყოვნებლივ მიმართოს ევროსასამართლოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს შემჭიდროვებულ ვადებში სახელმწიფოსათვის ვალდებულების დაკისრებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გამოუსწორებელი შედეგები. მით უმეტეს, არსებობს უკვე დადასტურებული ფაქტები, როდესაც საოკუპაციო ძალებთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისათვის ტრაგიკულად დასრულდა.

ევროკონვენციით და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლით არაერთხელ განიმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტულ ტერიტორიაზე ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. ამდენად, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.

ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, რუსეთის ფედარაციას შესაძლოა დაევალოს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, უსაფრთხების ზომების უზრუნველყოფა და გადაადგილების უფლების აღდგენა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. ,,საზღვრის'' დარღვევის ფაქტს ექიმი ,,არ აღიარებს'' რის გამოც ის პატიმრობაში რჩება.

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გამოთქვამს მზადყოფნას, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრების თანხმობის შემთხვევაში, წარმოადგინოს მისი ინტერესები ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოში და მოითხოვის დროებითი ღონისძიების გამოყენება, რათა თაიდან იქნას აცილებული გამოუსწორებელი ზიანი.