კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოსწავლეებისთვის მასშტაბურ სასწავლო კურსს იწყებს
22.10.2019
22 ოქტომბრიდან ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თბილისისა და კახეთის  სკოლაში  მასშტაბურ სასწავლო კურსს იწყებს, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში უცხო ქვეყნიდან შემუსული ადამიანების მიმართ ტოლერანტობის გაზრდას. ამ წამოწყებაში მონაწილეობას დაახლოებით 300-ამდე მოსწავლე მიიღებს.
 
სასწავლო მოდულის ფარგლებში კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტები მოსწავლეებს მიაწვდიან ინფორმაციას ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების შესახებ, გააცნობენ ზოგად ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის ბერკეტებზე, ამასთანავე მოსწავლეები ისწავლიან ლტოლვილის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და მიგრანტების სტატუსებს შორის შინაარსობრივ განსხვავებებს.
 
 
კურსის მიზანია, რომ მოსწავლეებში გაიზარდოს ტოლერანტობა უცხო ქვეყნიდან შემოსული ადამიანების მიმართ. ამასთანავე, ამ სასწავლო მოდულით ისინი შეძლებენ ერთმანეთისგან გამიჯნონ ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსი. ასევე მიიღებენ ინფორმაციას იმ წარმოშობის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ, საიდანაც საქართველოში მოქალაქეების მომართვიანობაც  ყველაზე მაღალია. მოსწავლეებს შეექმნებათ წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში ენიჭებათ უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი და რა უფლებებითა და მოვალეობებით სარგებლობენ ისინი საქართველოში ყოფნის პერიოდში.
 
 
სასწავლო კურსი ტარდება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროექტის „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.