სიახლეები
თბილისის სააპელაციო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო
19.10.2019

19 ოქტომბერს, შაბათს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ადამიანის უფლებათა სახლში პრესკონფერენცია გამართა. ორგანიზაციის  იურისტებმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და დიმიტრი ხაჩიძემ საზოგადოებას გააცნეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება, რომელიც 2004 წელს მომხდარ დანაშაულს ეხება.

საქმეზე, რომელზეც ქართულმა სასამართლომ 2005 წელს პირს  6  წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ევროსასამართლომ 2019 წლის მარტში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტი დაადგინა, რის საფუძველზეც, ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლმა'' და მისმა ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართეს.

2019 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულ არჩილ კობიაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და იგი უდანაშაულოდ ცნო. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, ქართული სამართალწარმოების ისტორიაში შეიქმნა პრეცედენტი, რაც გულისხმობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გამამართლებელი განაჩენით შეცვლას.

აღნიშნული საქმის გადასანიჯვა და შესაბამისად ქართულ სამართალწარმოებაში პრეცედენტის შექმნა შესაძლებელი გახდა პროექტის „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით“, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, პროექტი „კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში“ (PROLoG).

არჩილ კობიაშვილი პოლიციელებმა თბილისში მუხიანის დასახლებაში 2004 წლის 4 ივლისს დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. ბრალდებული ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენით არჩილ კობიაშვილს მიესაჯა პატიმრობა 6 წლის ვადით.  2006 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის საჩივარი და უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. 2006 წლის 12 ივნისს  უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა მსჯავრდებულს საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

2006 წელს არჩილ კობიაშვილის ადვოკატებმა ლია მუხაშავრიამ და ვახტანგ ვახტანგიძემ მიმართეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არჩილ კობიაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტზე (მე-6 მუხლი).

ბეჭდვა