„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პარლამენტში ალტერნატიული ანგარიში წარადგინა
09.07.2019

კონსტიტუციის 42- მუხლმა” 2019 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. ანგარიში მოიცავს ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზს სამ თემატურ საკითხზე. ყველა მათგანთან დაკავშირებით რეფორმების გატარება საქართველოს წინააღმდეგ ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომელთა აღსრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს.

ანგარიშში განხილული პირველი საკითხი მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ სამართალწარმოებას შეეხება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი ათამდე ყოფილი მოსამართლის საჩივრიდან გამომდინარეობს.[1]ანგარიშის ამ ნაწილში მიმოხილულია, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან მომჩივანი მოსამართლეები მათი უფლებების აღდგენის კუთხით; ასევე, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მექანიზმის ხარვეზები, რომელთა გადახედვა მომავალში, ახალი დარღვევების პრევენციის მიზნითაა აუცილებელი.

მეორე საკითხი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებს შეეხება. ევროპული სასამართლო ამ თემას 2009 წლის 15 ივნისის მშიდობიანი აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად

გასაჩივრებულ       საქმეებში       შეეხო.[2]          ანგარიშის ეს ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ რამდენიმე ხარვეზს მიმოიხილავს, რომლებიც, ყველა მსგავს საქმეში, სამართლიანის სასამართლოს მოთხოვნების დარღვევას იწვევს; კერძოდ, მტკიცების ტვირთის განაწილება, ნეიტრალური მტკიცებულებების მნიშვნელობა და პოლიციის ჩვენებების უტყუარობის პრეზუმპცია.

მესამე საკითხი დანაშაულის პროვოცირების პრევენციას შეეხება; კერძოდ, ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებებთან მიმართებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოკვეთა გადაწყვეტილებაში ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადი N31536/07), 28/06/2018). ანგარიშის ამ ნაწილში მიმოხილულია ეროვნული კანონმდებლობის ხარვეზები, რომელსაც შესაძლოა კვლავს მოჰყვეს კონვენციით დაცული უფლებების დარღვევა; ასევე, მიმოხილულია ევროსასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და სხვა ქვეყნების გამოცდილება, დანაშაულის პროვოკაციის პრევენციის და ასეთ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნებისათვის.

2016 წელს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილებებით, პარლამენტი ყოველწლიურად ისმენს იუსტიციის სამინისტროს ანგარიშებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ასევე, ითვალისწინებს დაინტერესებული პირების უფლებას, წარადგინონ მოსაზრებები და შეფასებები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში კონსტიტუციის 42- მუხლის წარმომადგენლებმა, ალტერნატიული ანგარიშის წერილობითი სახით წარდგენასთან ერთად, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის 10 და 18 ივნისის სხდომებზე ზეპირი მოხსენებაც გააკეთეს.

სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი აღიარებულია არა მარტო ეროვნულ, არამედ რეგიონულ და საერთშორისო დონეზე. ევროპის საბჭოს სისტემაში სამოქალაქო საზოგადოების ეს უფლებამოსილება ფორმალიზებული გახდა შესაბამის წესებში ცვლილების შეტანით.[3]

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის ახალი ფუნქცია, ზედამხედველობა გაუწიოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ეროვნულ დონეზე, არ იყოს ფორმალური და დაინტერესებული პირებისა და ჯგუფების ჩართულობით ქმედით მექანიზმად იქცეს.

კონსტიტუციის 42- მუხლის მიერ პარლამენტში წარდგენილი ალტერნატიული ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ პროგრამა

კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების (საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით) აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით - ფარგლებში მომზადდა.

 

 



[1] იხ. „სტურუა საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N45729/05, 28/03/2017; „გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N13723/06, 12/10/2017; „ილიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N22715/07, 09/10/2018; „ლალიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N8710/07, 27/11/2018; „ტურავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N7607/07, 27/11/2018 და ალასანია და ბარდაველიძე საქართველოს წინააღმდეგ”, საქმე N12611/08 და N25500/08, 09/10/2018

[2] იხ. „შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N22318/10), 30/06/2015; „გიორგი ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N312/10, 15/09/2015 და მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ“, საქმე N4731/10, 13/10/2015.

[3] იხ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებებისა და მეგობრული შეთანხმების აღსრულების საზედამხედველო წესები, წესი 9.2.; ხელმისაწვდომია ბმულზე https://rm.coe.int/16806eebf0 ბოლო წვდომა 30/05/2019.