სიახლეები
კონსტიტუციის 42-ე მუხლი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსს ეხმიანება
02.07.2019

კონსტიტუციის 42-ე მუხლი ეხმიანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიაზე მიმდინარე კონკურსს და მიაჩნია, რომ კონკურსის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს წევრთა კანდიდატურებზე იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის შემდგარი ფარული გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელი პროცესის ლეგიტიმურობას.

საბჭოს შემადგენლობა

კონკურსის საწყის ეტაპზე, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მიუთითებდა იმ გარემოებების შესახებ, რაც საბჭოს რამდენიმე წევრის პროცესისთვის ჩამოცილების კანონიერ საფუძველს ქმნიდა, მათ შორის, ინტერესთა შეუთავსებლობის და არაუფლებამოსილი წევრის მონაწილეობის გამო, თუმცა, აღნიშნულ მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია.

კონკურსში მონაწილე კანდიდატები

პროცესის დასაწყისშივე, არასამთავრობო სექტორის მოწოდების მიუხედავად, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა არაერთმა კვალიფიციურმა და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტმა, რაც ზოგადად პროცესის მიმართ უნდობლობით იყო განპირობებული. თუმცა, კონკურსში მონაწილეობა მიიღო მოქმედმა მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ, იმ დროს, როდესაც პროკურატურას ჯერ არ დაუსრულებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ან მის ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება (მათ შორის, 2015 წლის დეკემბერში მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტების გაჟონვის საქმე, ასევე, 2016 წლის ზაფხულში გიორგი მიქაუტაძის მიერ მოზარდის შესაძლო ცემის ფაქტი). კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, თუკი იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ არა მოქმედი მთავარი პროკურორის რანგში. აღნიშნული, შესაძლოა პირდაპირ არ არღვევს კანონს, თუმცა, არასასურველი გავლენებისა და ზემოქმედების აშკარა რისკებს ქმნის.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა მდივანმაც გიორგი მიქაუტაძემ. ამ სტატუსით მისი კონკურსში მონაწილეობის დაუშვებლობაზე საუბრობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი. საბჭოს თავმჯდომარის რანგში უფლებამოსილების განხორციელება, როცა იგივე პირი მოსამართლეობის კანდიდატია ინტერესთა კონფლიქტად იყო შეფასებული კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების მიერაც. თუმცა, ამ მოთხოვნებსაც შედეგი არ მოყოლია.

კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დახურვა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არაერთ ორგანიზაციას უთხრა უარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილე  კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის გასაჯაროებაზე, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2019 წლის პირველ მაისს შესული ცვლილებების თანახმად, ეს ინფორმაცია (გარდა კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობისა) საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. უფრო მეტიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44- მუხლის თანახმად, თანამდებობის პირის კანდიდატის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და არ შეიძლება მისი დახურვა პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მოქმედებდა.

კონკურსის პირველი ტური

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროვებული კონკურსის პირველი ტურის შედეგები  ცხადყოფს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მინიმუმ 9 კაციანმა ჯგუფმა იმოქმედა ერთმანეთთან შეთანხმებული სქემით, რათა კონკურსის მეორე ეტაპზე გადაეყვანათ კონკრეტული კანდიდატები. მათ შორის, 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილ 10 კაციან სიაში შესული ყველა კანდიდატი, გარდა სამისა, რომლებმაც თავისი ნებით უარი თქვეს კონკურსში მონაწილეობაზე. 

აღნიშნული სქემა შემდეგნაირად განხორციელდა:

პირველმა (4 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა 20 ერთი და იგივე კანდიდატი.

მეორე (3 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა 20 ერთი და იგივე (მაგრამ პირველი ჯგუფისგან სრულად განსხვავებული) კანდიდატი.

მესამე (2 კაციანმა) ჯგუფმა შემოხაზა ასევე  20 ერთი და იგივე კანდიდატი (რომელთაგან 15 არის მეორე ჯგუფის მიერ შემოხაზული კანდიდატი და ასევე 5 სხვა კანდიდატი).

კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოსაზრებით, იმის ალბათობა, რომ ასეთი შედეგები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინასწარი შეთანხმების გარეშე დამდგარიყო, პრაქტიკულად ნულის ტოლია.[1] აღნიშნული ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში ადგილი აქვს მმართველობით კრიზისს, რომლის შეფასებისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე სასამართლო სისტემის გაჯანსაღება შეუძლებელია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოუწოდებს:

1.     საქართველოს პარლამენტს

-        ინიცირება გაუკეთოს და განიხილოს სასამართლოში კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტი, რომელიც პარლამენტში შეტანილი იქნა 2019 წლის 4 ივნისს.

-        უმოკლეს ვადებში განიხილოს და გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

-        იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის წარმომადგენელთა მონაწილეობა.

2.    საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს

-        დროულად განიხილოს და გადაწყვიტოს კონკურსის მიმდინარეობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თამარ ონიანის აცილების საკითხი.

-        უზრუნველყოს კანდიდატთა მონაცემების საჯაროობა.

 


[1] უფრო სიზუსტით, ასეთი შედეგების დადგომის წმინდა მათემატიკური ალბათობა შემდეგნაირად გამოიყურება:   2 ერთნაირად შევსებული ბიულეტენის არსებობის წმინდა მათემატიკური ალბათობა უდრის 1/(5*1023)-ს, სამი ერთნაირი ბიულეტენის ალბათობა 1/(2*1047) ხოლო ოთხი ერთნაირი ბიულეტენის არსების ალბათობა 1/(1*1071) -ის ტოლია. მაგალითისათვის, მილიარდში ერთი შანსი მათემატიკურად ასე გამოისახება 1/(1*109).

 

ბეჭდვა