კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტების დახმარებით, თავშესაფრის მაძიებელ ა.კ.მ-ს ახალშობილ შვილს სრული სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს
12.06.2019

2019 წლის 1 იანვრიდან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით ახორციელებს  პროექტს „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის იურისტები უფასო კონსულტაციების, ადვოკატირებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით დახმარებას უწევენ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მაძიებელ ადამიანებს, როგორც სტატუსის მიღების, ასევე ძირითად უფლებებზე ხელმისაწვდომობის კუთხითაც.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლს“ ა.კ.მ-მ დახმარების თხოვნით 2019 წლის 15 მარტს მომართა. მისი განცხადებით, მან, 8 თვის ორსულმა, თავისი ქვეყანა პირადი უსაფრთხოების მოსაზრებით დატოვა, რადგან მისი მეუღლე, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დაცვის წევრი, პოლიტიკური მოტივით იძებნებოდა. ა.კ.მ. კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტების დახმარებით, იმავე დღეს დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში თავშესაფრის მაძიებლად და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა. შესაბამისად, როგორც საქართველოში რეგისტრირებულ თავშესაფრის მაძიებელს, მას შესაძლებლობა მიეცა ესარგებლა თითქმის ყველა იმ სერვისით, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ სთავაზობს.

ა.კ.მ-ს ტყუპები მაისის ბოლოს შეეძინა. თუმცა, ერთ-ერთი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამშობიაროში გაუარესდა. იმის გამო, რომ ვერ მოესწრო ტყუპების თავშესაფრის მაძიებლებად დარეგისტრირება, აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზება, რაც განმცხადებელს არ გააჩნდა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, პარტნიორი ორგანიზაციის “World Vision Georgia” და მიგრაციის დეპარტამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ტყუპისცალი ახალშობილების თავშესაფრის მაძიებლებად დაუყოვნებლივ რეგისტრაცია, საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩართვა და ამ სიძნელის თავიდან აცილება.