კონსტიტუციის 42-ე მუხლი გირგვლიანის საქმის კიდევ ერთი მოსამართლის უვადო დანიშვნას ეხმაურება
25.05.2019

კონსტიტუციის 42-ე მუხლი უარყოფითად აფასებს სააპელაციო სასამართლოში გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლის ნაირა გიგიტაშვილის უვადოდ გამწესებას. საზოგადოებას შევახსნებთ, რომ გირგვლიანის საქმე წარმოადგენს პოლიტიკურად მიკერძოებული მართლმსაჯულების ერთ-ერთ მკაფიო მაგალითს, სადაც სასამართლომ ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული ფუნქცია და პირიქით მოქმედებდა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებულად რათა ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. საბოლოო ჯამში ამან სახალხო პროტესტამდე და ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანა. 

გირგვლიანის მკვლელობის საქმის განმხილველი მოსამართლის უვადოდ გამწესება მეტყველებს იმას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს გაცნობიერებული  მისი როლი მართლმსაჯულების მიმართ ნდობის აღდგენის პროცესში და არ გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე.  ვფიქრობთ, რომ ასეთი საკადრო პოლიტიკა მართლმსაჯულების გაჯანსაღებამდე ვერ მიგვიყვანს. მოსამართლეთა კორპუსში ის ავრცელებს მესიჯს რომ ხელისუფლების დაკვეთის შესრულება მოსამართლის კარიერული წარმატების გარანტიაა, ხოლო საზოგადოებას უკარგავს იმედს და ნდობას სამართლიანი სასამართლოს მიმართ.