კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოუწოდებს იურისტებს შეიტანონ განაცხადი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კონკურსზე
13.05.2019

2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიწყო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას (ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 34).

მართალია, არსებობს სამართლიანი ნიჰილიზმი საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატთა შერჩევის პროცესის მიმართ, როგოც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში; თუმცა, ამავე დროს ხაზგასასმელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს როლი და მნიშვნელობა ქართულ მართლმსაჯულებაში; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა უნდა მოხდეს კანდიდატთა მაღალი მონაწილეობით, გამჭვირვალე პროცესის შედეგად, რათა ეს პროცესი არ დარჩეს კვლავ ერთ, დაინტერესებულ პირთა წრის ხელში.  

ამ ფონზე, 42-ე მუხლი, რომლის უმთავრეს მიზანსა და საქმიანობის სფეროს, დაფუძნების დღიდან წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვა, სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება, აცხადებს, რომ დღეს მიმდინარე პროცესმა არ უნდა ჩაიაროს პროფესიული წრეების აქტიური მონაწილეობის გარეშე.

პირიქით, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ამაღლდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ პირთა სტანდარტი და მინიმუმამდე დავიდეს ამ პროცესში არსებული კანონმდებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესაძლებლობა, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატი განიხილებოდეს ვაკანტურ თანამდებობაზე.

ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა პრაქტიკოს იურისტს, ადვოკატს, პროკურორს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანონით დადგენილ კრიტერიუმებს მონაწილეობა მიიღონ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კანონმდებლობის ფარგლებში დააკვირდება კანდიდატთა შერჩევის პროცესს, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში.