თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით
17.04.2019

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს დანაშაულის სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ მკვლელობა სიძულვილის მოტივით მოხდა ულტრანაციონალისტური, ნეონაცისტური ჯგუფის წარმომადგენლების მიერ.

2018 წლის 30 სექტემბერს, თბილისში 25 წლის უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი მოკლეს. როგორც მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, კონფლიქტი თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა - ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ნეონაცისტური/ულტრანაციონალისტური ჯგუფის წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის მიზეზი გახდა მისი უფლებადაცვითი საქმიანობა, ეთნიკური კუთვნილება და ლიბერალური მიდგომები, ასევე - ის, რომ თავის თანმხლებ უცხოელ სტუმრებს ქართულად არ ესაუბრებოდა. ქსპერტიზის დასკვნის მიხედით, ვიტალი საფაროვს ცივი იარაღით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის 4 სიცოცხლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. ამჟამად დაკავებულია ორი პირი - .. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები.

ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართულობის და განვითარების ცენტრში მუშაობდა, ასევე იყო პროექტის - Tbilisi Shelter City თანამშრომელი. იგი აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ უფლებადამცველი სწორედ იმ დაჯგუფების წარმომადგენლების მსხვერპლი გახდა, რომლებიც საზოგადოებაში აღვივებენ რასიზმს და ქსენოფობიას.

ბოლო წლებში საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სხვადასხვა ულტრანაციონალისტური და ნეონაცისტური/ფაშისტური დაჯგუფებების ძალადობრივი აქტიურობა და დემონსტრაციები. ეს ჯგუფები ლიბერალური შეხედულებების მქონე მოქალაქეების მიმართ აგრესიული, შეუწყნარებლობითი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ბოლო წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა არაერთ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულის ფაქტს რასობრივი და ეთნიკური ნიშნით მიგრანტების, თუ სხვა ჯგუფების წინააღმდეგ. ვიტალი საფაროვის მკვლელობა განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან  საქმე სიძულვილის მოტივით, რასობრივი შეუწყნარებლობის საფუძველზე ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობას ეხება. ამავე დროს, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე მოწმეებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი შეტყობინებაა შესული საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციაში, ვიტალი საფარობის მკვლელობაზე დაკავებული ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შემთხვევებზე. მოწმეები ასევე აღნიშნავენ, რომ მათი მიერ განხორციელებულ შეტყობინებებზე პოლიციის თანამშრომლებს რეაგირება არ მოუხდენიათ. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს საზოგადოებაში იზრდება სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საფრთხე და სახელმწიფოს შესაბამისი ინსტიტუციები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ეფექტიანი დაცვისა და პრევენციის მექანიზმების შემუშავება.

იმის გათვალისწინებით, რომ სიძულვილის მოტივით დანაშაულების საფრთხე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო პერიოდში, მთავარ გამოწვევად რჩება ასეთი დანაშაულების ეფექტიანი სამართალწარმოება. მიუხედავად პოზიტიური საკანონმდებლო ცვლილებებისა, კერძოდ -დისკრიმინაციის შემცველი რაიმე ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის - პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების განსაზღვრა (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 531), პრაქტიკაში საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების წარმომადგენლებისათვის კანონის ამ ნორმის შესაბამისად, დანაშაულის რეალური მოტივის გამოკვეთა  დღემდე  პრობლემურია. აღნიშნული დასტურდება ამ მუხლის გამოყენების დაბალი სტატისტიკით როგორც საგამოძიებო ეტაპზე, ასევე შემდგომ სასამართლოს მიერ სასჯელის შეფარდებისას შესაბამისად, აღნიშნული ნორმის სათანადო იმპლემენტაცია პრაქტიკაში არ ხდება, რაც როგორც საგამოძიებო ორგანოების მუშაკთა კვალიფიკაციის, ასევე სახელმწიფოს ნების ნაკლებობაზე მიუთითებს, გაიაზროს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. მათ შორის, იზრუნოს, რათაყველა შესაძლო ხერხებითდაუყოვნებლივ გაატაროსრასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პოლიტიკა“.

აღსანიშნავია, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ განახორციელა სიძულვილის მოტივის გამოკვეთა საქმეზე, რაც ვიტალი საფაროვის უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოძიებას მიმართა არაერთი რეკომენდაციით, საქმეზე შეცვლილიყო კვალიფიკაცია და მომხდარიყო სიძულვილის მოტივის გამოკვეთა, ასევე - ჯგუფურ დანაშაულზე აქცენტირება. დადებითად ვაფასებთ საქართველოს პროკურატურის მიერ გაზიარებულ რეკომენდაციას, კერძოდ - საქმეზე დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას და ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო, განზრახ მკველობის ჩადენის მუხლით ასევე ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ვიტალი საფაროვის მკვლელობის ეფექტიანი სამართალწარმოება - რადგან  საქმე სიძულვილის მოტივით ჩადენილ მკვლელობას ეხება. მსგავსი ტიპის დანაშაულები, საფრთხეს და შიშის განცდას უქმნის იმ ჯგუფებს თუ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ უფლებადაცვით ღირებულებებს, არიან ტოლერანტები, გააჩნიათ ლიბელალური მიდგომები და ხმას იმაღლებენ სხვების უფლებების დასაცავად, ასევე - დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებითთბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას

  • უზრუნველყოს ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის ეფექტიანი და სრულყოფილი სამართალწარმოება
  • უზრუნველყოს საქართველოში ნეონაცისტური და მსგავსი რადიკალური დაჯგუფებების საქმიანობის სათანადო შესწავლა, მიიღოს შესაბამისი ზომები და დაცვის მექანიზმები, რათა აღიკვეთოს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები, ძალადობის მუქარა;
  • მოახდინოს  სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მყისიერი რეაგირება და უზრუნველყოს საქმის ეფექტიანი სამართალწარმოება.
  • უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფა და მათი შესაბამისი იმპლემენტაცია, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, მოსამართლეების  შესაბამისი გადამზადება

 

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის სახელით წევრი ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

კონსტიტუციის 42- მუხლი;

მედიის ინსტიტუტი;

საფარი;                                                                                                   

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი