სიახლეები
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკონსულტაციო დასკვნის გაცემის პრეცედენტი შექმნა
16.04.2019

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის პრაქტიკაში პირველად გამოიყენა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმით მინიჭებული საკონსულტაციო დასკვნის გაცემის უფლებამოსილება, საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე.[1]

საკონსულტაციო დასკვნა მნიშვნელოვანია როგორც შინაარსობრივი თვალსაზრისით, ასევე როგორც ინსტრუმენტი, რომლითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მისი გაფართოებული უფლებამოსილების გამოყენების პირველი პრეცედენტი შექმნა. 

საკონსულტაციო დასკვნა შეეხება სუროგატი დედის, ბავშვის არაბიოლოგიური დედის და ბიოლოგიური მამის უფლებების განმარტებას კონვენციის მე-8 მუხლის -  პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება - ჭრილში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნის თანახმად:

სუროგაციის გზით ბავშვის დაბადების შემთხვევაში, იმ პირობებში როდესაც ბავშვი სუროგატის დედის მეშვეობით დაბადებულია საზღვარგარეთ:

·        ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით აღიარებული პირადი ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს შესაძლებლობას რომ ბავშვსა და არაბიოლოგიურ დედას შორის ურთიერთობა, აღიარებულ იქნეს როგორც მშობელსა და შვილს შორის სამართლებრივი ურთიერთობა, როდესაც საზღვარგარეთ გაცემული დაბადების მოწმობა არაბიოლოგიურ დედას განსაზღვრავს როგორც „კანონიერ მშობელს“.

·        ამგვარი შესაძლებლობის არსებობა, აუცილებლობით არ გულისხმობს, სახელმწიფოს შიდა სამოქალაქო აქტების რეესტრში რეგისტრაციის განხორციელების ვალდებულებას. ალტერნატიული გზა შესაძლოა ასევე იყოს არაბიოლოგიური დედის მიერ ბავშვის შვილად აყვანის მექანიზმი, იმ შემთხვევაში თუ შიდა კანონდმებლობა უზრუნველყოფს ამ პროცედურის სწრაფად და ეფექტურად განხორციელებას, ბავშვის საუკეთესო ინტერესთან შესაბამისად.[2]

გაცემული საკონსულტაციო დასკვნით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გააფართოა და დააზუსტა მე-8 მუხლით დაცული უფლების ფარგლები, იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნა სუროგაციის გზით ბავშვის დაბადების შესაძლებლობამ. ევროსასამართლოს ეს განმარტებები ნათლად აჩვენებს სამართლის, როგორც სოციალური ცხოვრების მაკონსტრუირებელი მექანიზმის ცოცხალ ბუნებას და შესაბამისად, სასამართლოების ფუნდამენტურ როლს მსგავსი ტრანსფორმაციების პროცესში.

მეორე ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ასპექტი უკავშირდება საკონსულტაციო დასკვნის, როგორც ინსტრუმენტის, არსს. კონვენციის მე-16 ოქმით[3], რომელიც მიღებულია 2013 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო ძალაში შევიდა 2018 წლის პირველ აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიენიჭა საკონსულტაციო დასკვნების გაცემის უფლებამოსილება ეროვნული სასამართლოების მიმართვის საფუძველზე. ოქმის პირველი მუხლის თანახმად:

„მაღალი ხელშემკვრელი მხარის უმაღლესი ინსტანციის სასამართლოებსა და ტრიბუნალებს, რომლებიც განისაზღვრება მე-10 მუხლის შესაბამისად, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის მოთხოვნით პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ეხება კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას.“[4]

სახელმწიფოები ოქმის ხელმოწერის ან რატიფიკაციის დროს, თავად ასახელებენ რომელი შიდა სასამართლოები მოიაზრებიან უმაღლესი ინსტანციის ქვეშ.[5] ეროვნულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გასაცემად ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით. მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს საქმის სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს.[6]

იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა გასცემს საკონსულტაციო დასკვნას, იგი უნდა იყოს დასაბუთებული, თუმცა დასკვნას არ აქვს სავალდებულო ხასიათი და არ გულისხმობს ეროვნული სასამართლოების მხრიდან გადაწყვეტილების მიღების დროს, საქმის დასკვნის შესაბამისად გადაწყვეტის ვალდებულებას.[7]

საქართველოს მიერ კონვენციის მე-16 ოქმი რატიფიცირებულ იქნა 2015 წელს.[8] საკონსულტაციო დასკვნის მოთხოვნის უფლების მქონე სასამართლოებად დასახელდა: საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.[9] შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში. დასახელებული სასამართლოები, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნის გაცემის თხოვნით მიმართავენ საკუთარი ინიციატივით. მხარის უფლება მოითხოვოს ამ მექანიზმის გამოყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის,  სასამართლო მხარეებს აცნობებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შესახებ.

მე-16 ოქმის პრეამბულის თანახმად: „საკონსულტაციო დასკვნების გაცემის თვალსაზრისით სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოება კიდევ უფრო გააღრმავებს ურთიერთქმედებას სასამართლოსა და ეროვნულ ორგანოებს შორის და, ამგვარად, გაამყარებს კონვენციის განხორციელებას სუბსიდიარობის პრინციპის შესაბამისად.“[10]

აღნიშნული მექანიზმი შეიძლება განვიხილოთ ერთგვარ პრევენციის ინსტრუმენტად, რომლის მიზანია შემცირდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვიანობა, საქმის გახილვის ადრეულ ეტაპზევე, ევროპული სასამართლოს მხრიდან სარეკომენდაციო ხასიათის მქონე ჩართულობის გზით.

მექანიზმის უარყოფით მხარედ სახელდება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უფლებამოსილებების გაფართოება და მისი ფაქტობრივი ჩარევა შიდა სამართალწარმოების პროცესში, თუმცა ამ არგუმენტის სისუსტეზე მეტყველებს დასკვნის სარეკომენდაციო ხასიათი.[11] 

მექანიზმის ეფექტური ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია სახელმწიფოების (უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების) მზაობაზე, აქტიურად გამოიყენონ ეს მექანიზმი და თავიდან აირიდონ კონვენციის შემდგომი დარღვევები.



[1] ADVISORY OPINION concerning the recognition in domestic law of a legal parent-child relationship between a child born through a gestational surrogacy arrangement abroad and the intended mother Requested by the French Court of Cassation

[2] იქვე.

[3] Protocol No. 16 to the Convention on the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms

[4] ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №16 ოქმი

[5] იქვე, მუხლი 10.

[6] იქვე, მუხლი 1.

[7] იქვე, მუხლი 4.

[8] საქართველოს პარლამენტის დადგენილება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე

[9] Georgia - Reservations and Declarations for Treaty No.214 - Protocol No. 16 to the Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms

[10] პრეამბულა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №16 ოქმი.

[11] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-16 ოქმი 13/07/2015, ოქმის შემუშავების საჭიროება, შემუშავების ოფიციალური მიზნები და პროცედურები.

 

ბეჭდვა