პატიმრის წამება გურჯაანის რაიონის პოლიციაში
04.04.2019

4 აპრილს, 11:00 საათზე „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ პრესკონფერენცია გამართა პატიმრის წამებისა და ცემის შესახებ.
 
შემთხვევა 22 მარტს მდინარე ალაზანზე მოხდა. თორნიკე ტურიაშვილი და უჩა ილაშვილი მდინარის აკრძალულ ტერიტორიაზე ნავით თევზაობდნენ, როდესაც მათ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა ბესიკ შუბითიძემ ცეცხლი გაუხსნა.
 
მოგვიანებით მოთევზავეები დააკევეს. თორნიკე ტურიაშვილს დაკავებისას 5 ცეცხლნასროლი დაზიანება ჰქონდა მიღებული. ამ ფაქტის მიჩქმალვის მიზნით გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლება ბრაკონიერს დააბრალეს პირველად ცეცხლის გახსნა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არცერთ გამომძიებელს არ დაუსვამს კითხვა, თუ რატომ ჰქონდა დაკავებულს ტყვიების უმეტესობა ზურგის არეში მოხვედრილი.
 
მეორე დაკავებულ უჩა ილაშვილს პოლიციელები მთელი ღამის განმავლობაში ცემით აიძულებდნენ მიეცა მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება. უშედეგო მცდელობის შემდეგ მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით შეუდგინეს დაკავების ოქმი და ყვარელის დროებითი განთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ, დროებითი განთავსების იზოლატორის თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად დაფიქსირდა სხვადასხვა დაზიანებები ილაშვილს სხეულზე. მოგვიანებით დაკავებულები სასამართლომ გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

26 მარტს უჩა ილაშვილი ხელმეორედ დააკავეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვეს. უჩა ილაშვილი ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული.
 
პრესკონფერენციაზე დასახელდა კონკრეტული მაღალჩინოსანი პოლიციელების ვინაობა, რომელთაც ეს უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. ამასთანავე წარმოდგენილი იყო სხეულის დაზიანებების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტებიც.
 
ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი’’ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას უზრუნველყოს მომხდარის დროული და ეფექტიანი გამოძიება, გამოძიების დასრულებამდე კი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ ის პოლიციელები და გარემოს დაცვის თანამშრომელები, რომელთაც შესაძლოა ხელი შეუშალონ ობიექტურ გამოძიებას და კიდევ ჩაიდინონ მსგავსი დანაშაული.

პოლიციელების მიერ ნაცემი პირის ინტერესებს "კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს.