„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ განცხადება მუშების გარდაცვალებისა და აქციის მონაწილეთა დაკავებაზე
02.04.2019

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ეხმიანება 31 მარტს, ჭავჭავაძის #5-ში დაღუპული ორი მუშის გარდაცვალების ფაქტს და ამ ფაქტთან დაკავშირებით,  2019 წლის 1 აპრილს, შემთხვევის ადგილას აქტივისტების მიერ გამართულ მშვიდობიან აქციას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ვერ მოახერხა შეკრებილი ადამიანიების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

დასაქმების ადგილას მუშათა გარდაცვალების ფაქტი წლებია სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების მიღმა რჩება; საფრთხის შეცველ სამუშაოზე ადმიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაუცველი და სარისკოა, დაღუპული და დაშავებული მუშების რიცხვი კი საგანგაშო.[1] პრობლემად რჩება დასაქმების ადგილზე მომხდარი გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევების ეფექტურად გამოძიება, შესაბამისი კვალიფიკაცია და პასუხისმგებელ პირთა დაუსჯელობა.[2] სახელმწიფოს შრომითი პოლიტიკა მინიმალური დაცვის გარეშე ტოვებს სოციალურად ყველაზე დაუცველ ფენას, რომელიც ფიზიკური შრომით მოიპოვებს საარსებო წყაროს.  

სახელმწიფოს შრომითი პოლიტიკის გასაკრიტიკებლად გამართული გუშინდელი მანიფესტაცია, რომლის მშვიდობიანი სახით ჩატარება პოლიციას უნდა უზრუნველეყო, 6 პირის დაკავებით დასრულდა. აქტივისტები, რომლებიც გარდაცვლილებისათვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით ჭავჭავაძის ქუჩის დაკავებას ცდილობდნენ, საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს.

უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და  ამ მიზნით გამოხატული სამოქალაქო პროტესტი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებია, რომელთა ხელყოფამ შეიძლება სერიოზულად დააზარალოს სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი. ამიტომ, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს:

·        უმოკლეს ვადებში იქნას ყველა ზომა მიღებული შრომითი ინსპექციის სწრაფი და ეფექტური ამოქმედებისათვის

·        შეფასდეს და გადაისინჯოს პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკის არსებული სხვა მექანიზმების ეფექტიანობა

·        დროეულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული ჭავჭავაძის N5-ში მომხდარი შემთხვევა, შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცეს ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტს და დადგეს დამნაშავე პირთა პასუხისმგებლობა

·        სახელმწიფო ორგანოებმა პატივი სცენ და უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის კონსტიტუციით დაცული უფლება

·        საერთო სასამართლოებმა უზრუნველყონ აქციაზე დაკავებული 6 პირის საქმის სრული და ყოველმხრივი განხილვა, საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს ყველა პრინციპის დაცვით.



[1] საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 59 და დაშავდა 199 ადამიანი. ანგარიში ხელმისაწვდომია http://www.ombudsman.ge/res/docs/2019033019563052300.pdf?fbclid=IwAR1VRwsh2AXgdoGLwlnQaPBpXxzX399LL1MrCZDYCqei-l1XuLO1OlgrKhU

[2] წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა მხოლოდ 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. წყარო: სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში.