ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთიდან 2006 წელს დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საქმეებზე კომპენსაციის გადაწყვეტილება გამოიტანა
27.03.2019

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ინდივიდუალური საჩივრების საფუძველზე გაერთიანებულ საქმეზე „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს, 26 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ დააკისრა კომპენსაციის გადახდა. საქმე შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დაექვემდებარნენ დაკავების, დაპატიმრების და რუსეთის ფედერაციიდან გამოძევების ადმინისტრაციულ პრაქტიკას 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში.

ააიპ კონსტიტუციის 42- მუხლი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციიდან იძულებით დეპორტირებული 7 დაზარალებული პირის ინტერესებს წარმოადგენდა. 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ გააერთიანა აღნიშნული საჩივრები ერთ ჯგუფად საქმეში „ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ (no. 14594/07, 14597/07, 14976/07, 14978/07, 15221/07, 16369/07 and 16706/07) და დაადგინა კონვენციით დაცული სხვადასხვა უფლების დარღვევა, თუმცა, დაზარალებულთა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი ღიად დატოვა, სახელმწიფოთა შორის დავის გადაწყვეტამდე.

სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, კოლექტიურად გამოძევებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ კომპენსაციის გადახდის საკითხი გადაწყდა 2019 წლის იანვარში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით (იხ. ორგანიზაციის განცხადება). რუსეთის ფედერაციას არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 10 000 000 ევროს გადახდის ვალდებულება. სახელმწიფოთაშორის დავაზე კომპენსაციის გადაწყვეტილების მიღების შემდგომ ევროპულმა სასამართლომ ასევე იმსჯელა და გადაწყვეტილება გამოიტანა ინდივიდუალურ საქმეებზე მომჩივნების სამართლიანი დაკმაყოფილების (კომპენსაციის) შესახებ.

კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა ინდივიდუალურ შემთხვევებში დარღვევის ხასიათის და სიმძიმიდან გამომდინარე, თუმცა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა სახელმწიფოთაშორის დავაზე დიდი პალატის მიერ დადგენილი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:

·        იმ მომჩივნებისთვის რომელთა მიმართაც ადგილი ჰქონდა მხოლოდ კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის დარღვევას (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) კომპენსაცია განისაზღვრა 2 000 ევროს ოდენობით (ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი 2 მომჩივანი)

·        იმ მომჩივნებისთვის, რომელთა მიმართაც ასევე ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობა) და კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევებს, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 10 000 ევროდან 15 000 ევრომდე, მომჩივნების დაკავების პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით (ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი 5 მომჩივანი)

ამავე გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვის პრინციპის დარღვევა იმ მომჩივანთა მიმართ, რომლებმაც საკუთარი ნებით დატოვეს რუსეთის ფედერაცია და მათ მიმართ არ ყოფილა რუსეთის სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს ოფიციალური გადაწყვეტილება გაძევების შესახებ. ასევე, სასამართლომ არ დაადგინა უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიების (მე-7 დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი) დარღვევა იმ მომჩივანთა მიმართ, რომლებიც არაკანონიერად ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, თუ აღნიშნულ ვადაში მხარეები არ მოითხოვენ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემას. რუსეთის ფედერაციას კომპენსაციების გადახდის ვალდებულება ეკისრება გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ვალდებულების შესრულებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობს.