კოალიცია თანასწორობისთვის საქართველოს აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით მარიამ ჯაშის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება
27.02.2019

კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის საჯარო განცხადებას, საქართველოს აზერბაიჯანელ თემთან დაკავშირებით და მოუწოდებს პარლამენტის წევრს, მისი პოლიტიკური ხედვები და განცხადებები მოქალაქეობის კონსტიტუციურ იდეას დაუახლოვოს და არ დაუშვას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.

2018 წლის 26 თებერვალს საქართველოს პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ერთობლივი სხდომის შემდეგ, მარიამ ჯაშმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მდგომარეობაზე საჯარო განცხადება გააკეთა და მიუთითა, რომ  „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართვეოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე.“ ამ კუთხით კომიტეტის თავმჯდომარემ მიუთითა, რომ „[..] არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვისაც.“ დეპუტატის განცხადებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ორმხრივი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის საშუალებებს გამოიყენებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან.

ცხადია, ვიზიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი თემის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და მათ შორის, მათ მიმართ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის პრაქტიკებს და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხებზე საჯარო დისკუსიების დაწყება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მნიშვნელოვანია. მეტიც, კოალიციის წევრები მზად არიან ამ პროცესში კონტრიბუცია შეიტანონ. თუმცა, მარიამ ჯაშის განცხადებაში პრობლემას ის აზრი ქმნიდა, სადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები აზერბაიჯანელი თემი სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების საგნად განიხილა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაცვალგების მიდგომა გამოიყენა. საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან პირდაპირი დაკავშირება არსებითად აზიანებს ინტეგრაციის პროცესს და აღრმავებს ეთნიკური უმცირესობების გარიყულობასა და იზოლაციას. სამწუხაროა, რომ დეპუტატს სახელმწიფოს და მოქალაქეობის კონსტიტუციური იდეის ძირეული პრინციპები სათანადოდ არ ესმის და საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარად ახარისხებს.

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს აზერბაიჯანელებში ჩანს საქართველოს პოლიტიკურ პროექტთან სიმბოლური დაკავშირების და საქართველოს მოქალაქედ თვითიდენტიფიკაციის ძლიერი ტალღა. თუმცა, სამწუხაროა, რომ უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი ვერ ხედავს ჩვენს საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვან  სოციალურ ცვლილებებს და კვლავ იმ პრობლემატურ მიდგომას იყენებს, რომელიც საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ, ქართულ კულტურასთან და სოციალურ რეალობასთან ღრმად და არსებითად დაკავშირებულ ეთნიკურ ჯგუფებს მეზობელ ქვეყნებთან აიგივებს.

დეპუტატის განცხადებაში ასევე, ჩანდა ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი სოციალური და უფლებრივი გამოწვევების არაღიარების პრობლემაც. ცხადია, ჩვენს საზოგადოებას და მათ შორის არადომინანტ ეთნიკურ ჯგუფებს სიღარიბის, დასაქმების, სათანადო განათლების, გარემოს დაცვის, საჯარო და კულტურული სივრცეების არარსებობის პრობლემები მწვავედ გვიდგას.  თუმცა,  არადომინანტი ეთნიკური ჯგუფები ამ სტრუქტურული გამოწვევების მიმართ კიდევ უფრო დაუცველები არიან სწორედ მათი პოლიტიკური და კულტურული გარიყულობის გამო და ამავდროულად, ისინი დამატებით სპეციფიკურ ჩაგვრას განიცდიან. საქართველოს აზერბაიჯანელ თემს, ისევე როგორც სხვა უმცირესობებს, მნიშვნელოვანი პრობლემები უდგას განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საჯარო სამსახურში დასაქმების, დემოკრატიული პოლიტიკური მონაწილეობის და რეპრეზენტაციის, საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის დაცვის, არსებულ სოციალურ და საჯარო სიკეთეებზე თანასწორი წვდომის კუთხით. ხშირად ისინი ჩვენს საზოგადოებაში გაუცხოებას და ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს აწყდებიან. ამ პირობებში მარიამ ჯაშმა ნაცვლად იმისა, რომ არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკური პრობლემების შესახებ ემსჯელა, არსებული გამოწვევები არსებითად უგულებელყო. ეს მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია პარლამენტის წევრის მხრიდან, რომელიც მთავრობის საქმიანობაზე საპარლამენტო და დემოკრატიულ კონტროლს უნდა ახორციელებდეს.

კოალიცია მოუწოდებს მარიამ ჯაშს, გადახედოს საკუთარ განცხადებას და გააკეთოს დამაზუსტებელი ახალი საჯარო განცხადება, რათა მსგავსი შინაარსის პოლიტიკურმა ტექსტებმა ხელი არ შეუწყობს არადომინანტ ჯგუფებში გარიყულობის განცდას.  

,,კოალიცია თანასწორობისთვის"

კოალიცია თანასწორობისთვის არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42- მუხლი“, კავშირი საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”,“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).”