„კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
23.02.2019

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიერ გაჟღერებულ სტერეოტიპულ, სტიგმის გამაძლიერებელ და ღირსების შემლახველ მოსაზრებას და დამოუკიდებელ ინსპექტორს  საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

სერგო მეთოფიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ში კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ვიდეორგოლზე საუბრისას ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია[1].  მან ფსიქოსოციალური საჭიროება გაათანაბრა ისეთ უარყოფით ადამინურ თვისებასთან, როგორიც ტყუილია და ამით ხელი შეუწყო ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას. კოალიცია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის მიერ გაკეთებული შეფასება უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან აღრმავებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებულ სტიგმას და ახალისებს არაეთიკურ, ხშირად, სასტიკ დამოკიდებულებას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ.

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები წლებია განიცდიან უდიდეს ზეწოლას და გარიყულნი არიან საზოგადოების მხრიდან, რაც განპირობებულია სწორედ ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და მისი უფლებების პატივისცემაზე არაორიენტირებული მიდგომებისა და პოლიტიკის არსებობით. სტიგმატიზირებული ჯგუფების გარანტს დარღვეული უფლების აღდგენის მიმართულებით, სწორედ სასამართლო კორპუსი წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, მართლმსაჯულების ორგანოს წარმომადგენელი თავად გვევლინება საზოგადოებაში ფესვგადგმული სტიგმის წამახალისებლად, რაც უკიდურესად საგანგაშოა.

ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მოსამართლის ქცევა, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ისე სხვა საქმიანობის განხორციელების დროს, წარმოადგენს საზოგადოების სასამართლოსადმი ნდობის და სასამართლო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საფუძველს. შესაბამისად,  მნიშვნელოვანია, შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხს მიეცეს სათანადო რეაგირება.

კანონმდებლობის თანახმად,[2] მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს სამოსამართლო ეთიკის წესების დარღვევა. ხოლო სამოსამართლო ეთიკის წესების თანახმად, მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად.[3] მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია.[4]

„კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს მოუწოდებს დაიწყოს საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება დისკრიმინაციული და სტიგმის გამაღრმავებელი მოსაზრების გამოთქმის გამო.

 

,,კოალიცია თანასწორობისთვის"

კოალიცია თანასწორობისთვის არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42- მუხლი“, კავშირი საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”,“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).”

 



[1] https://bit.ly/2GX0KDn;

[2] საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, მუხლი 2, პუნქტი 2, ქვეპუნქტი „ი“;

[3] სამოსამართლო ეთიკის წესები, მუხლი 4, [http://www.supremecourt.ge/judges-self-governance/judges-ethics-code/];

[4] სამოსამართლო ეთიკის წესები, მუხლი 20, [http://www.supremecourt.ge/judges-self-governance/judges-ethics-code/]