სიახლეები
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა
01.02.2019

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სახელმწიფოთა შორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (1)“ 2019 წლის 31 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილებით, 1500 ეთნიკური ქართველის კოლექტიური გამოძევებისთვის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში, რუსეთის ფედერაციას დააკისრა 10 000 000 ევროს გადახდის ვალდებულება, არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. სასამართლოს გადაწყვეტილებით:

-         ანაზღაურება მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის 2 000 ევროს ოდენობით მიეკუთვნება იმ პირებს, რომელთა მიმართაც დადგინდა მხოლოდ კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლის დარღვევა (კოლექტიური გაძევების აკრძალვა);

-         ანაზღაურება მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის 10 000-დან 15 000 ევროს ოდენობით (პატიმრობის პერიოდის გათვალისწინებით), მიეკუთვნება იმ პირებს, რომელთა მიმართაც დადგინდა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი და მესამე პარაგრაფების (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-3 მუხლის (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა პატიმრობის პირობების გამო) დარღვევა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით, უნდა შექმნას საქმეში მითითებულ ინდივიდუალურ მსხვერპლთათვის თანხების განაწილების ეფექტური მექანიზმი.

საქმეს საფუძვლად დაედო საჩივარი (no. 13255/07), რომელიც საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს წარადგინა.

2014 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა რომ 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში, რუსეთის ფედერაციაში ადგილი ჰქონდა ეროვნებით ქართველების დაკავების, დაპატიმრების და გაძევების პოლიტიკის კოორდინაციას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიზნებისათვის. რუსეთის ფედერაციის ამ ქმედებებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის: მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლებრივი დაცვის საშუალების არარსებობა), მე-3 მუხლი (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა პატიმრობის პირობების გამო), მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), კონვენციის მე-4 ოქმის მე-4 მუხლი (საქართველოს მოქალაქეების გაძევება, აღნიშნულ პერიოდში, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას).

ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის იანვრამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებით 7 დაზარალებული პირის ინტერესებს წარმოადგენს. 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ გააერთიანა აღნიშნული საჩივრები ერთ ჯგუფად საქმეში ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (no. 14594/07, 14597/07, 14976/07, 14978/07,
15221/07, 16369/07 and 16706/07
) და დაადგინა კონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა, თუმცა, დაზარალებულთა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი ღიად დატოვა, სახელმწიფოთა შორის დავის გადაწყვეტამდე. ამ პირთათვის კომპენსაციის გადახდის საკითხი სწორედ დღეს გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ გადაწყდება.

კიდევ ერთ დავაზე, რომელშიც დაზარალებულთა ინტერესებს ორგანიზაცია წარმოადგენდა - შიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (no. 19356/07) - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საჩივარი და რუსეთის ფედერაციას დააკისრა 30 000 ევროს გადახდა მიყენებული არამატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ, რაც დაზარალებულ პირებს უკვე აუნაზღაურდათ.

 

ბეჭდვა