„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების გადავადება დამაზიანებელია წამების და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის
20.12.2018
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი" ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების გადავადების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას. ინიცირებული კანოპროექტი ითვალისწინებს კანონის სრულად ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების ვადის, ისევე როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის კანონის თანახმად მინიჭებული საგამოძიებო უფლებამოსილების ამოქმედების ვადის 6 თვით გადავადებას (2019 წლის 1 ივლისამდე).

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და მისი დროულად ამოქმედება არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლას, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი რიგი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.

აღნიშნული რეფორმის დროულად განხორციელება, არსებითი მნიშვნელობის მქონეა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების, მიუკერძოებელი გამოძიების სტანდარტის, გამოძიების მიმართ სანდოობის შექმნისა და დამკვიდრების პროცესისთვის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათში მითითებულია რომ საქართველოს მთავრობის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურისთვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ვერ ესწრება 2019 წლის 1 იანვრამდე, როგორც ეს თავდაპირველად გათვალისწინებული იყო კანონით. იმის გათვალისწინებით რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი მიღებულ იქნა ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში, 6 თვემდე მოსამზადებელი პერიოდი საკმარისი უნდა ყოფილიყო ყველა იმ ღონისძიების უზრუნველსაყოფად, რომელიც კანონის გარდამავალი დებულებებით განისაზღვრა. ზემოაღნიშნული არგუმენტაციით კანონის ამოქმედების ვადის დამატებითი 6 თვით გადაწევა, ასევე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაძლოა შეიცავდეს კანონის ამოქმედებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნის ნიშნებს, რაც უარყოფითად აისახება იმ მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაზე, რომელთა დროული და ეფექტიანი განხორციელება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილია.