სიახლეები
მანდატურის ასაკობრივი ცენზი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო
18.12.2018

14 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ . მოსარჩელეების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში „კონსტიტუციის 42- მუხლის“ იურისტის არჩილ ჩოფიკაშვილი იცავდა.

სადავო ნორმის თანახმად, სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკია 50 წელი. მოსარჩელეთა პოზიციით, სასამართლოს მანდატურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ხარისხი დაკავშირებულია ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებთან და არ არის დამოკიდებული პირის ასაკზე. შესაბამისად, სადავო ნორმა, რომლის საფუძველზეც 50 წელს გადაცილებული პირებისათვის გამოირიცხება სასამართლოს მანდატურად სამსახური, დისკრიმინაციულია და არღვევს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებას.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მანდატურს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინიჭებული აქვს ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, აგრეთვე იარაღის გამოყენების უფლებამოსილება. შესაბამისად, მანდატურის უფლებამოსილებების სრულყოფილად შესრულება მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული პირის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. თუმცა, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ 50 წლის ასაკის მიღწევა, თავისთავად, განაპირობებდა მანდატურის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო უნარების დაკარგვას. სასამართლოს განმარტებით, ასევე შესაძლებელი იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მომხდარიყო პირის ფიზიკური მონაცემების შეფასება და დადგენა, რამდენად შეესაბამებოდა იგი მანდატურის თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა მათი ასაკობრივი ზღვრის საფუძველზე გათავისუფლების აუცილებლობას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, 50 წლამდე და, მეორე მხრივ, 50 წელს გადაცილებულ პირებს გაუმართლებლად ეპყრობოდა უთანასწოროდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის და სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებებს.
ბეჭდვა